-

რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე კვირით ადრეუკრაინისა და საქართველოს დასავლელი პარტნიორები დარწმუნებით ამბობდნენ, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეიჭრებოდა.

სამხედრო ექსპერტები ხაზს უსვამდნენ, რომ რუსეთ-უკრაინის საზღვარზე ტანკებისა და სხვა სამხედრო ტექნიკის გადაადგილება იმაზე იქნებოდა დამოკიდებული თუ რა ამინდი დახვდებოდათ რუსებს - გაიყინებოდა თუ არა ნიადაგი, ჩაიძირებოდნენ თუ არა ტანკები ტალახში და ასე შემდეგ. მაგრამ პატივსაცემი ექსპერტებიდან არავის უთქვამს თუ რატომ არ შეიძლებოდა რუსეთი უკრაინაში შეჭრილიყო.

თანამედროვე სამყაროში რუსეთის მიერ უკრაინის ინტერვენცია პირველი სამხედრო მოქმედებაა, რომელიც თვეების განმავლობაში მზადდებოდა ღიად, ყველას დასანახად, თითქოსდა ეს ერთი ჩვეულებრივი სამხედრო სწავლება ან მანევრი ყოფილიყო. ცივი ომის დასრულებისა და საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდგომუკრაინის ინტერვენციის მომზადება ყველაზე თვალსაჩინო, ღია და პროვოკაციული იყო.

ერთი თვის წინ, რუსეთის სამხედრო ძალებმა - როგორც პუტინი მის გამოსვლაში ადასტურებდა - მიიღეს უკრაინაში “სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების ბრძანება, რასაც მალევე მოჰყვა უკრაინის ქალაქების მიმართულებით გაშვებული რაკეტები, სამხედრო ძალის შეყვანა და საბრძოლო მოქმედებები.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის პარალელურად გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობდა, რასაც ვლადიმირ პუტინისათვის ხელი არ შეუშლია. იმპერიალისტური ვნებების ქარცეცხლში გახვეულ დიქტატორს სიმბოლოებთან თანხვედრა სიამოვნებას ანიჭებს - რუსეთმა პირველი ტყვია სწორედ მაშინ ისროლა, როდესაც მსოფლიოს დემოკრატიული ნაწილი უკრაინის ოფიციალურ წარმომადგენელს უსმენდა.

ბუნებრივია, რუსეთის შეჭრისათვის უკრაინაც დიდი ხანი ემზადებოდა, მათ ასეულობით მილიონი დოლარის ღირებულების სხვადასხვა სამხედრო ტექნიკა მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ნატოს წევრი სხვა ქვეყნებისაგან.

უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების ეს ეპიზოდი ასევე გამორჩეული იყო თავისი საჯაროობითა და გამოვლენილი ურყევი ნებით. მიუხედავად იმისა, რომ ნატომ და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინის მიმართ პირდაპირი სამხედრო დახმარება გასწიეს, რუსეთის შეკავებისათვის საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა, მაგრამ თავისთავად ფაქტი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი - როგორც ნატოს ორი ანგლო-საქსური “Great Power” - ღიად და პირდაპირ სამხედრო ტექნიკას აწვდის ნატოს არაწევრ სახელმწიფოს, რომელიც დღე-დღეზე რუსეთისაგან შეჭრას მოელის, პირველია და პრეცედენტული.

ცხადია, ამ ქვეყნებშიც არსებობენ ადამიანები, რომლებიც უკრაინისათვის შეიარაღების გადაცემას ეწინააღმდეგებოდნენ, მაგრამ საპირისპირო მხარემ მათი არგუმენტები გადაწონა.

ომის დაწყების შემდგომ ბუნებრივია უკრაინისა და ნატოს მოკავშირეებმა რუსეთის აგრესიული ქმედება დაგმეს და ვლადიმირ პუტინს საერთაშორისო სამართლისა და წესრიგის დაცვა მოსთხოვეს. ამავდროულად, ომის დაწყებიდან რამდენიმე საათში ჯერ ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის გამოსვლა ვიხილეთ, შემდეგ კი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის.

ორივე ლიდერი გმობდა რუსეთის ხელისუფლების გადადგმულ ნაბიჯებს, მაგრამ მათ მსმენელებს გარკვეული უკმაყოფილების განცდა დარჩათ: ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი დაიცავს ყველა მის წევრ სახელმწიფოს აგრესიის ნებისმიერი გამოვლინების შემთხვევაში. ჯო ბაიდენმა კი, სანქციების პაკეტი წარადგინა, რის საფუძველზეც რუსეთის ეკონომიკის დასუსტება და პუტინის შეჩერება იწინასწარმეტყველა.

ცხადია, ეკონომიკური სანქციები და ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება უმნიშვნელოვანესი საკითხებია, რადგანაც, თუ პუტინს დავესესხებითრუსეთს სწორედ აღმოსავლეთ ფლანგზე გაძლიერება და პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოების ნატოში გაწევრიანება უქმნის საფრთხეს. შესაბამისად, პუტინის მოსაზრებით, ის პრობლემები, რის გამოც იგი უკრაინაში შეიჭრა, არათუ აღმოიფხვრა, არამედ გაღრმავდა - ნატო აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით გაძლიერდა.

ეკონომიკური სანქციები გრძელვადიანი შედეგებისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანი მექანიზმია, რომელიც მტრულად განწყობილი სახელმწიფოსადმი ხისტი ეკონომიკური პოლიტიკით გამოირჩევა. ხშირად ამბობენ, რომ სანქციები ეფექტური მხოლოდ მეგობარი დემოკრატიული ქვეყნების შემთხვევაშია და არა მტრულად განწყობილი არადემოკრატიების მიმართ, მაგალითად კი, ჩრდილოეთ კორეა, კუბა და ირანის ისლამური რესპუბლიკა მოჰყავთ. რთულია კონტრ-არგუმენტის მოძიება, მაგრამ ინტერვენციის დაწყებიდან რამდენიმე საათში გადადგმულ ნაბიჯებს შორის ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატოსაგან ალბათ კიევში გაგზავნილ სამხედროებს არ უნდა დავლოდებოდით.

მეორე მხრივ, რუსეთსა და პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოებში - განსაკუთრებით კი კავკასიას, უკრაინასა და მოლდოვაში - საკმაოდ დიდია დასავლეთისადმი უიმედობის განცდა, რომელსაც რუსული მედიასაშუალებები, პოლიტიკოსები თუ სხვა აქტორები აღვივებენ.

რუსეთის ინტერესს უკრაინასა და საქართველოში განეკუთვნება დასავლეთისადმი იმდენად მაღალი მოლოდინის შექმნა, რომელიც ხშირ შემთხვევაში რეალობასაა მოწყვეტილი. რატომ? იმიტომ რომ რეალობას აცდენილი მოლოდინები სწორედ ამგვარ კრიზისულ მდგომარეობაში გადაიქცევა ხოლმე ანტი-დასავლურ, ანტი-დემოკრატიულ პოზიციებად და შიგნიდან ღრღნის ისედაც მუდმივი ჰიბრიდული ინფორმაციული ომის პირობებში გაორებულ აზროვნებას.

უკრაინაში დაწყებული ინტერვენციიდან რამდენიმე საათში ქართულ სოციალურ თუ სატელევიზიო სივრცეებში აქტიურად გამოჩნდნენ პირდაპირ რუსულ ფინანსურ წყაროებზე მიბმული სააგენტოები, პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები, რომლებიც დასავლეთს ამუნათებდნენ და ამბობდნენ, რომ თუ საქართველოც ასე უნდა მიატოვონ, მაშინ საერთოდ რა საჭიროა ნატოში ან ევროკავშირში გაწევრიანება?

ბუნებრივია, ნიჰილიზმისა და უიმედობის განცდის გაღვივება მოქალაქეთა მნიშვნელოვან ნაწილში სერიოზულ გავლენას ახდენს, რაც მალევე აისახება ხოლმე მათ მიერ გამოთქმულ მოსაზრებებსა და გამოხატულ რეაქციებში. რუსული ინტერესია საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებმა დაიჯერონ, რომ თუ ნატო და ამერიკის შეერთებული შტატები მათივე არმიებით არ გეხმარება, მაშინ რატომ იკლავ თავს რუსეთთან ომში? ამ კითხვის სერიოზულად განხილვისას კი, ადამიანები რთულ მდგომარეობაში ვარდებიან, რადგანაც რუსული პროპაგანდის მიზანი უკვე მიღწეულია.

რას უნდა ველოდოთ დასავლეთისაგან?

ცივი ომის დასრულების შემდგომ აშშ და ნატო პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოების დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციაზე გადაერთნენ. ლიბერალური დემოკრატიის ქომაგების მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მხარდაჭერით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პარტნიორებთან ერთად შეძლო და პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოთა მცირედი ნაწილი მართლაც გაიყვანა ფონს, მეორე ნაწილში კორუფცია და შიდა დაპირისპირება მძვინვარებდა, მესამეში კი, ავტორიტარულმა მმართველობამ გაიმაგრა საფუძველი. სახელმწიფოები, რომლებსაც დამოუკიდებლობის ტრადიცია ჯერ კიდევ არ გაჰქრობოდათ, შესაძლებლობების ფანჯარაში გაძვრნენ (ლიტვა, ლატვია, ესტონეთი).

რუსეთს, დასავლური დემოკრატიები ასე თუ ისე პოტენციურ პარტნიორად განიხილავდნენ, მათ მოილაპარაკეს უკრაინის მიერ ბირთვულ განიარაღებაზე, მეტ-ნაკლებად ხელი არ შეუშალეს ერთმანეთს ერაყის ინტერვენციისას, მაგრამ 2008 წელს ღირებულებითმა უფსკრულმა კვლავ გამოაჩინა ის ფუნდამენტური განსხვავებები, რაც ნატოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს რუსეთთან გააჩნიათ.

უცნაური არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ნატოს ყველაზე ძლიერი და გავლენიანი წევრი ამერიკის შეერთებული შტატებია, ამიტომაც ძალიან ბევრია დამოკიდებული იმაზე თუ როგორ იქცევა ეს ქვეყანა, ვინ მართავს მას და რა განწყობებია საზოგადოებაში.

ამერიკა, დიდ ბრიტანეთთან ერთად მსოფლიოს ყველაზე განგრძობადი და ძველი შემდგარი დემოკრატიაა, რომელიც ლიბერალური დემოკრატიის პრინციპებით იმართება. თავის მხრივ, ლიბერალური დემოკრატია უგულებელყოფს ხელისუფლების თვითნებობას, ზღუდავს რა კონსტიტუციითა და ინსტიტუციებით. ხელისუფლების თვითნებობა არამხოლოდ კორუფციასა და სხვა დანაშაულებრივ ქმედებებში შეიძლება გამოიხატოს, არამედ, მაგალითისათვის, მოქალაქეებისათვის უკმაყოფილების მიზეზი შესაძლოა სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკაც კი გახდეს.

მსჯელობა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ან ნატოს სხვა დემოკრატიები უკრაინის ომში თვითნებურად, მოქალაქეთა მხარდაჭერის გარეშე ჩაერთვებიან - მცდარია. ამერიკისა და ნატოს უკრაინისა თუ საქართველოს ინტერვენციებში ჩართვა ერთ-ერთი ის განმასხვავებელი ნიშანია, რაც დემოკრატიულ დასავლეთსა და ავტორიტარულ აღმოსავლეთს ერთმანეთისაგან განასხვავებს: თუ კრემლი მის სამეზობლოსა თუ შორეულ მსოფლიოში საომარ მოქმედებას გადაწყვეტს, საერთოდ არაა მნიშვნელოვანი თუ რას ფიქრობს მოსკოვის ცენტრში მცხოვრები უნივერსიტეტის პროფესორი საგარეო ურთიერთობების მიმართულებით.

როგორ დაიწყო ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ინტერვენცია? ჩახედა მოქალაქეთა ინტერესებს, მოუსმინა მათ განწყობებს? გაარკვია თუ რა აზრის იყვნენ რუსები უკრაინელთა მიმართ საბრძოლო მოქმედებების დაწყების შესახებ? რა თქმა უნდა, არა. არა, რადგან რუსეთის საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოწყობა მკაცრად ვერტიკალური და ავტორიტარულია.

რუსი მმართველები საკუთარ მოქალაქეებს არათუ უსმენენ, არამედ იქეთ მიუთითებენ თუ რა თქვან, რა პოზიცია ჰქონდეთ, ვის მოუსმინონ და ვის არა. მეორე მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების და სხვა დასავლური დემოკრატიების მიერ უცხო ქვეყანაში ომის წარმოებისათვის უმნიშვნელოვანესია, რომ მათი მოქალაქეები ეთანხმებოდნენ გაცხადებულ მიზნებს, ესმოდეთ მიზეზები და მზად იყვნენ მათივე გადახდილი გადასახადებით მათივე შვილებმა, დებმა, ძმებმა, მშობლებმა სიცოცხლე დატოვონ უცხო მიწაზე.

2001 წელს მომხდარმა 11 სექტემბრის ტერაქტმა ამერიკელებს ტერორიზმთან ბრძოლის საჭიროება დაანახა, რაც მთავრობის მოქმედებებში გადაითარგმნა.

ლიბერალური დემოკრატია საომარ პროცესებთან დაკავშირებით განჭვრეტადია - ვისაც ესმის თუ რა ღირებულებაა ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და სხვა დემოკრატიების ასეულობით წლის მონაპოვარი, შენიშნავდა, რომ დასავლეთის სისუსტედ აღქმული ტლანქი, მოზომილი და მდორე წინსვლა არათუ სისუსტე არამედ სიძლიერეა, რადგანაც დემოკრატიული სამყარო ბოროტებას საკმაოდ დიდ დროს აძლევს, რათა გამოსწორდეს, შეცდომა აღიაროს და საზღვრებში დაეტიოს, მაგრამ თუ საყოველთაო მშვიდობა მაინც მიუღწეველია ამ სამყაროს პასუხი ისეთი დამანგრეველია, რომელსაც უმოკლეს დროში უმტკიცესი იმპერიისაგანაც კი მიუღია კაპიტულაცია.

მეორე მხრივ, ომისგან გამოწვეულმა პირველმა ქარიშხალმა გადაიარა და პანიკური შემოტევებისაგან განცდილი შიში უკვე შესაძლებლობების იმედმა გადაფარა. უკრაინა კვლავაც მტკიცედ იბრძვის და დასავლეთთან ერთად რუსეთის წინააღმდეგობის დაძლევას ცდილობს. უკრაინელი ხალხის მამაცობას დამატებით ძალას რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანებული კოალიცია მატებს.

ევროკავშირის წევრი ქვეყნები - ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთთან ერთად - შეთანხმდნენ ჩახსნან რუსეთი საერთაშორისო გადარიცხვების სისტემიდან, გადაწყვიტეს პუტინისა და ლავროვის სანქციების სიაში შეყვანა და ისტორიაში პირველად, ევროკავშირის ფინანსებით უკრაინას პირდაპირ მიეწოდება სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა. საგულისხმოა, რომ ბერლინის ცენტრში უკრაინის მხარდასაჭერ აქციაზე გამოსულ ასიათას მოქალაქეს იმ წუთებში კანცლერი შოლცი საკანონმდებლო ორგანოდან ესალმებოდა, რომელმაც გერმანიის ოთხმოცწლიანი იზოლაციონისტური და არგაღიზიანების პოლიტიკა რადიკალურად შემოატრიალა.

შოლცის განცხადებით გერმანია ჯამურად ას მილიარდ ევროს დახარჯავს თავდაცვისუნარიანობის გასაუმჯობესებლად, ასევე დაეხმარება უკრაინას და უარს იტყვის რუსულ ენერგორესურსებზე. პუტინის მიერ უკრაინაში წარმოებულმა ომის ერთმა თვემ ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოების არქიტექტურა ძირეულად შეცვალა.

რას უნდა ველოდოთ მომავალში?

როგორც ზემოთაც ითქვა, რუსეთის მიერ უკრაინაში ინტერვენციამ ყველას გაახსენა 2008 წელს საქართველოდან გაჟღერებული კივილი, რომ რუსეთის მიზანი იმპერიის აღდგენა გახლდათ და რომ შემდეგი უკრაინა ან სულაც ბალტიის ზღვისპირა ქვეყნები იქნებოდნენ.

დასავლელი პოლიტიკოსები აღიარებენ, რომ მათ საქართველოს შემთხვევაში, ისევე როგორც უკრაინის, შეცდომა დაუშვეს. ბუქარესტის სამიტზე უკრაინასა და საქართველოს ნატოს წევრობაზე სწორედ იმ ქვეყნისგან ეთქვა უარი, რომელიც დღეს, საგარეო პოლიტიკას რადიკალურად ცვლის და რუსეთის შეკავება/ბლოკადაზე გადადის. გამოცდილებამ დაადასტურა, რომ საქართველოსა და უკრაინას მხოლოდ იმიტომ ემუქრებათ საფრთხე, რადგანაც ამ ორმა პოსტ-საბჭოთა ქვეყანამ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზა აირჩია.

სამწუხაროა, რომ მხოლოდ თოთხმეტი წლის შემდგომ მოხერხდა რუსეთის მიმართ იმგვარი სურათი შექმნილიყო, როგორსაც ჯერ კიდევ საქართველოს ინტერვენციამდე, 90-იანების დასაწყისშივე იმსახურებდა, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ დასავლური დემოკრატიების სიმტკიცე და ურყეობა სწორედ საფუძვლებით განმტკიცებულ პოზიციონირებაშია.

გუშინ, თურქეთში, უკრაინა - რუსეთის მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი გაიმართა. უკრაინელთა მხრიდან მთავარმა მომლაპარაკებელმა დავით არახამიამ განაცხადა: „ჩვენ უსაფრთხოების გარანტორ ქვეყნებად ვხედავთ გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრ ქვეყნებს – ეს არის დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, აშშ, საფრანგეთი, თურქეთი, გერმანია, კანადა, იტალია, პოლონეთი და ისრაელი“.

არახამიას განცხადებით, უსაფრთხოების გარანტიები უნდა მოიცავდეს ნატოს წესდების მე-5 მუხლის მსგავს კოლექტიური თავდაცვის შესაძლებლობას უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში გამართული 3 დღიანი კონსულტაციების შემდეგ.

უკრაინელთა მხრიდან გაცხადებული უსაფრთხოების უკრაინული არქიტექტურა შესაძლებელია იმაზე მეტად მოქნილი და სწრაფი აღმოჩნდეს, ვიდრე ნატოს წევრ ქვეყნებს ახასიათებთ, მაგრამ ამ პროცესის წარმატებით დასასრულებლად, ორიდან ერთი რამაა საჭირო: თუ რუსეთი პრაქტიკულად არმიის განადგურების ზღვარზე მივა, შესაძლოა დათანხმდეს ყირიმისა და დონბასის სტატუს-კვოს შენარჩუნებას 24 თებერვლამდე მდგომარეობით.

ხოლო მეორე შემთხვევაში, მოსკოვში რეჟიმის პოლიტიკურ ელიტებს შორის მდგომარეობა იმდენად უნდა დაიძაბოს, რომ უკრაინაში ომის მწარმოებელმა პუტინის მხარემ ან შუბლზე მიბჯენილი იარაღით ანდაც „პოლონიუმიანი“ ჩაით დაასრულოს სიცოცხლე.

მეორე შემთხვევა უფრო ნაკლებსავარაუდოა, ვიდრე პირველი, მაგრამ პირველი შემთხვევის შესასრულებლად ჯერ კიდევ ბევრია გასაღები. რადგანაც, როგორც აღმოჩნდა, თურქეთში მოლაპარაკებების რაუნდიდან სულ რამდენიმე საათში, ათეულობით რაკეტა მიფრინავს რუსეთ-ბელარუსიდან უკრაინელების მიმართულებით.

ერთი ცხადი შენიშვნა:

უკრაინას ბევრი ანტი-პუტინისტი ინტელექტუალი მოიხსენიებდა როგორც ერთ დროს რუსეთის მოძმე საზღვრისპირა ტერიტორიად, რომელსაც იმაზე მეტი ჰქონდა საერთო ზოგადად ყველაფერ რუსულთან, ვიდრე პირიქით, მაგრამ ომის 1 თვის თავზე ერთი რამ ნამდვილად დადასტურდა: ალბათ ვერაფერი ჩამოაყალიბებდა და გაამყარებდა იმ ეროვნულ სულისკვეთებას, რაც ჯერ 2004 და შემდეგ 2014 წლების უკრაინის რევოლუციებს ედო საფუძვლად, ვიდრე თითოეული უკრაინელის გმირული ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ.

ახლა ვერავინ, გარდა პუტინის ღია მხარდამჭერისა, ვერ გაბედავს და ვერ იტყვის, რომ უკრაინას არაფერი აქვს ეროვნული, რომ უკრაინელები გაჯიუტებული რუსები არიან. ამ ტყუილისა და სამარცხვინო შეურაცხყოფის საწინააღმდეგოდ მებრძოლი უკრაინელები დიზელის ძრავებისა და ჯაველინის მიერ გატყორცნილი რაკეტის კვამლში აკოწიწებენ მათ ეროვნულ, ნაციონალურ იდეას, რაც მთელ მსოფლიოს აჩვენებს თუ რატომ აირჩიეს თავისუფლება მონობის ნაცვლად.

სტატიის ავტორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის მაგისტრი, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტი, გაგა თუთარაშვილი.

 

მოსაზრების სექციაში გამოქვეყნებული სტატია წარმოადგენს ავტორის ხედვას და შესაძლოა არ ემთხვეოდეს რეალპოლიტიკას სარედაქციო პოზიციას.

მსგავსი სიახლეები