მომდევნო თვეებში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აქვთ შესაძლებლობა, ფრონტის ხაზი კიდევ ერთ მონაკვეთზე გაარღვიონ და ახალი ტერიტორიები გაათავისუფლონ. ეს მოვლენათა განვითარების ოპტიმისტური სცენარის ნაწილია.
ამის შესახებ საზღვაო ანალიზის ცენტრის (CNA) რუსეთის პროგრამის დირექტორი, მაიკლ კოფმანი წერს. კოფმანი პლატფორმა Riddle-ისთვის დაწერილ სტატიაში ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებას აანალიზებს და მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარებს გამოყოფს.
რეალპოლიტიკა გთავაზობთ მაიკლ კოფმანის სტატიის თარგმანს.
შემოდგომაზე განვითარებული წარმატებული უკრაინული კონტრიერიშების შემდეგ ომი გარდამავალ ფაზაში შევიდა, რომელიც მძიმე პოზიციური ბრძოლებით, უმნიშვნელო წინსვლითა და გამოფიტვის ტაქტიკით ხასიათდება.
ზამთრის დადგომასთან ერთად იქმნება შთაბეჭდილება, რომ საომარი მოქმედებების ინტენსივობამ მკვეთრად იკლო, თუმცა ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე კვლავ ძალიან ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს. მომდევნო თვეებმა შესაძლოა გადაწყვიტოს ომის ბედი და ტრაექტორია 2023 წელს.
მიუხედავად იმისა, რომ ომი ამ დროისთვის ცალსახად გარდამავალ ფაზაშია, არ არის გარანტირებული, რომ ეს მოცემულობა მთელი ზამთრის განმავლობაში შენარჩუნდება - სავარაუდოა, რომ უკრაინა მომდევნო იერიშს გეგმავს, მეტნაკლებად ნათელია ორივე მხარის სტრატეგია.
როგორც ჩანს რუსეთის სტრატეგია თავდაცვითი ზღუდეების გამაგრებასა და ძალების აღდგენისკენ არის მიმართული, თუმცა მისი ცალკეული ნაწილები ახლაც აქტიურ იერიშზე არიან ბახმუტის მიმართულებით. უკრაინას სურს შეინარჩუნოს წნეხი და არ მისცეს მოწინააღმდეგეს ფრონტის კონსოლიდაციის და ძალების აღდგენის საშუალება.
ბახმუტზე მიმდინარე იერიში მიუთითებს, რომ დონბასის ტერიტორიის სრული ოკუპაცია კვლავ კრემლის მინიმალური მიზანია, მიუხედავად იმისა, რომ სუფთა სამხედრო შესაძლებლობები მათ ლოკალიზებულ შეტევებზე მეტის საშუალებას არ აძლევს.
უკრაინის სამხედრო და პოლიტიკური ლიდერების ბოლოდროინდელი განცხადებები, რომ რუსეთმა შესაძლოა გაზაფხულამდე ახალი გენერალური იერიში წამოიწყოს, მტკიცებულებებით გამყარებული არ არის.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი მცირე დროში ამგვარი იერიშისთვის საჭირო აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის აკუმულირებას შეძლებს. გაზაფხულსა და ზაფხულში დონბასში განვითარებული იერიშის ფარგლებში რუსეთის არმია განიცდიდა ცოცხალი ძალის ნაკლებობას, რასაც საარტილერიო ცეცხლში უპირატესობით აკომპენსირებდა. სამხედრო მობილიზაციის შემდეგ რუსეთის არმიას ჰყავს საკმარისი ცოცხალი ძალა, მაგრამ უკვე აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის უკმარისობას განიცდის.
კვლავ გადაუწყვეტელი რჩება რუსეთის არმიისთვის დამახასიათებელი პრობლემები, რომლის გამოც რუსეთს საბრძოლო პოტენციალის სრულად აღდგენა ძალიან გაუჭირდება.
ხერსონის დატოვებამ მნიშნველოვნად შეამცირა იმ ტერიტორიის მოცულობა, რომლის დაცვაც რუსეთის არმიას უწევდა, ხოლო მობილიზაციის შედეგად პრაქტიკულად გაორმაგდა უკრაინაში მყოფი ჯარისკაცების რაოდენობა, რამაც რუსებს რეზერვების შექმნის და ძალების როტაციის საშუალებას მისცა.
სავარაუდოა, რომ რუსეთის არმია ვეღარ შეძლებს მასშტაბური იერიშების წამოწყებას და დონბასში მხოლოდ ლოკალიზებულ შეტევებს დაჯერდება, მაგრამ როგორც ხერსონის მაგალითით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რუსებს შეუძლიათ ეფექტურ თავდაცვაში გადავიდნენ, რაც კიდევ უფრო მეტად გაწელავს ომის მიმდინარეობას.
შესაძლოა მომდევნო თვეებში დონბასში რუსეთის არმიის ქაოტური იერიშების მცდელობები ვიხილოთ, მაგრამ რუსეთის არმიის მთავარი ის არის, რომ მათ თავდაცვის უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ.
ამ ყველაფრის გათვალისწინებითაც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა ტაქტიკას აირჩევს უკრაინა და იმ სამხედრო დახმარების რაოდენობაზე, რომელსაც ქვეყანა დასავლეთისგან მიიღებს.
ცვლილება მიდგომაში
რუსეთის არმია ცდილობს თავდაცვითი პოზიციები ერთდროულად რამდენიმე მიმართულები გაამაგროს, იმ იმედით, რომ მობილიზაცია და საომარი დროის სხვა ზომების მეშვეობით საჭირო რაოდენობით ცოცხალ ძალას მიიღებს.
მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად მობილიზაცია ქაოუტურად და მოუწესრიგებლად დაიწყო, კრემლმა შეძლო ანგარიშგასაწევი ცოცხალი ძალის მობილიზება, რის შედეგადაც ლუჰანსკში ფრონტის ხაზის კონსოლიდაცია მოახერხეს. მობილიზებული ჯარისკაცებს მნიშვნელოვანი ფუნქცია ჰქონდათ ხერსონიდან გამოსვლის დროსაც.
მარტივად რომ ვთქვათ,რუსებმა მობილიზაციის წყალობით ლუჰანსკში ЗСУ წინსვლა შეანელეს. ამ დროიდან მოყოლებული უკრაინელებს დიდი გარღვევა არ ჰქონიათ. ამ დროისთვის რუსეთმა უკვე გადაიყვანა 100 ათასამდე ჯარისკაცი საომარი მოქმედებების ზონაში, ოფიციალურად კი მობილიზებული რეზერვისტების რაოდენობა 300 ათასს აღწევს.
უნდა ვივარაუდოთ, რომ მობილიზაცია ეტაპობრივი პროცესი იქნება, რომელიც ამჟამად საშემოდგომო გაწვევის გამო შეჩერდა, თუმცა მის დასრულებასთან ერთად შესაძლოა მობილიზაციის ახალი ტალღა დაიწყოს.
მობილიზაციის სრული ეფექტი რამდენიმე თვეში გამოვლინდება, რამაც რუსეთს არსებულ დანაყოფებში ცოცხალი ძალის სიმჭიდროვის გაზრდის, რეზერვებისა და ახალი დანაყოფების ფორმირების საშუალება უნდა მისცეს.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ მობილიზაცია რუსეთის არმიის მოქმედების ხარისხსა და ეფექტურობას გაზრდის, მაგრამ ცოცხალი ძალის რაოდენობა მნიშვნელოვანი ფაქტორია. რუსეთის სამხედრო სტრატეგია პოლიტიკური სტრატეგიით არის ნაკარნახევი - ამ მიდგომის მიხედვით ომის გაწელვასთან ერთად დასავლეთის სახელმწიფოებისთვის უკრაინის დახმარების ტვირთი გაიზრდება, რაც უკრაინის მიმართ მოლაპარაკებების დაწყებისა და დათმობისკენ მოწოდებების სივრცეს გააჩენს.
ამ ეტაპზე უკრაინელები ფლობენ ინიციატივას ლუჰანსკში, სადაც კრემენნაიასთან მოკრძალებული წინსვლა აქვთ. პარალელურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსები ინიციატივას დაბრუნებას ცდილობენ დონეცკის რაიონში. მიუხედავად იმისა, რომ ბახმუტთან მათ გარკვეული წინსვლა აქვთ, ეს პროგრესი ძალიან ძვირი უჯდებათ და კვლავ მოწყვლადები არიან უკრაინის კონტრშეტევის წინაშე.
უნდა ითქვას ისიც, რომ ბახმუტთან უკრაინელებიც მძიმე დანაკარგებს განიცდიან, რაზეც ხერსონიდან დანაყოფების გადმოსროლაც მეტყველებს.
სარაკეტო იერიშის კამპანია
რუსეთის სარაკეტო დარტყმებისა და კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურების კამპანია ზამთარზეა გათვლილი. უნდა ითქვას, რომ ომის პირველი დღეების შემდეგ საქმე გვაქვს რუსეთის მიერ გამორჩეულად 'კარგად' ორგანიზებულ კამპანიასთან, რომლის დამანგრეველი ეფექტიც შესაძლოა დროსთან ერთად გაიზარდოს.
ამ კამპანიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშნველოვანი შედეგი უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების გამოფიტვაა. ამგვარ პირობებში უკრაინის ხელმძღვანელობა შესაძლოა არასახარბიელო არჩევანის წინაშე აღოჩნდეს - დაიცვას ბრძოლის ველი, თუ დაიცვას ქალაქები. აქედან გამომდინარე, დასავლეთისგან საჰაერო თავდაცვის ახალი სისტემებისა და მისთვის საჭირო რაკეტების მიღება ახლო მომავალში უკრაინის მთავარი პრიორიტეტი იქნება.
საბედნიეროდ რუსეთმა შორეული, ზუსტი დამიზნების რაკეტების მარაგის დიდი ნაწილი გაზაფხული-ზაფხულის სამხედრო კამპანიის პერიოდში ამოწურა. სულ უფრო მეტი მტკიცებულებაა, რომ რუსეთი ცოტა ხნის წინ დამზადებულ რაკეტებს და ძველი რაკეტების პრიმიტიულ მოდიფიკაციებს იყენებს, მაღალი ალბათობით ეს რაკეტების შემცირებულ მარაგზე მიანიშნებს.
პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში რუსეთის სარაკეტო დარტყმების ინტენსივობა იმ მოცულობამდე შემცირდება, რამდენი რაკეტის წარმოებაც შეუძლია ყოველთვიურად ქვეყნის სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსს. ამასთანავე იზრდება რუსეთის დამოკიდებულება ირანულ დრონებსა და სარაკეტო მოწყობილობებზე.
ნებისმიერ შემთხვევაში შეხედულება, რომ რუსეთმა ამოწურა რაკეტების მარაგი, რაც ომის მიმდინარეობისას რეგულარულად ჟღერდება, არ შეესაბამება სინამდვილეს. უნდა ვიფიქროთ, რომ რუსეთის განკარგულებაში არსებული რაკეტების მარაგების მოცულობა ან წარმოების შესაძლებლობები უფრო მასშტაბური აღმოჩნდა, ვიდრე თავიდან პროგნოზირებდნენ.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილის, გენერალ სკიბიცკის ცნობით, ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა სულ X-101-ის ტიპის 240 და Калибр-ის ტიპის 120 რაკეტა დაამზადა. გაზრდილ წარმოებაზე მეტყველებს რუსეთის სამხედრო საწარმოებში ამოქმედებული საგანგებო რეჟიმი: გაზრდილი სამუშაო ცვლები და დასაქმებულთა რაოდენობის მატება. ეს ფაქტი მიანიშნებს, რომ რუსეთს აქვს ან უახლოეს მომავალში ელოდება რაკეტებისთვის საჭირო ნაწილებს.
ჯამურად რუსეთის სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსში არაერთგვაროვანი სურათია და ნათელია, რომ არსებული შეზღუდვების პირობებში კრემლს მოუწევს პრიორეტეტი რომილემე შეიარაღების წარმოებას მიანიჭოს.
გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთისთვის დაწესებული იმპორტის კონტროლი და სხვა შეზღუდვები შეამცირებს რუსეთში წარმოებული რაკეტების მოცულობას, გაზრდის მათ ფასს, წარმოების დროს და აიძულებს სისტემების გადაწყობას, მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში ამას დამანგრეველი ეფექტი არ ექნება.
რაც უფრო მასშტაბურია სანქციები, მით უფრო რთული მათი აღსრულების კონტროლი. ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ირანი და რუსეთი აქვთ შესაძლებლობა ფიქტიური კომპანიების მეშვეობით ააწყონ სამხედრო წარმოებისთვის საჭირო მომარაგების ქსელი. მათ ასევე შეუძლიათ შეიარაღების სისტემების იმ კომპონენტებზე გადაწყობა, რომელზეც ხელი მიუწვდებათ.
ცხადია, რუსეთის არმიის ფუნდამენტურ გადაიარაღებასა და ტექნოლოგიურად მოწინავე შეიარაღების წარმოებაზე სანქციებს გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანი უარყოფითი ეფექტი ექნება, თუმცა სანქციებს მოკლევადიან ეფექტთან დაკავშირებით რეალისტური მოლოდინები უნდა შევინარჩუნოთ. ომის დაწყებიდან 10 თვის შემდეგ რუსეთი კვლავ აწარმოებს ტანკებს, ავიაციასა და რაკეტებს.
უკრაინის სტრატეგია
ზამთრის განმავლობაში უკრაინის არმია შეინარჩუნებს წნეხს როგორც გამოფიტვის ტაქტიკით, ასევე სწრაფი მანევრების მეშვეობით. ზამთარი ართულებს შეტევით ოპერაციებს, მაგრამ უკრაინა უფრო კარგად მომზადებულია და უკეთეს პოზიციაშია. აქედან გამომდინარე, მომდევნო თვეებში ზამთრის გენერალური იერიშის წამოწყება სრულიად შესაძლებელია.
ასეთი იერიში შეიძლება ხასიათდებოდეს დარტყმებით მტრის ღრმა ზურგში, ან სპეციალური დანაყოფების რეიდებით მტრის ინფრასტრუქტურის საბოტაჟის მიზნით. კიევის მთავარი ამოცანაა შეინარჩუნონ ინიციატივა და ზამთარსა და შემდეგ უკვე გაზაფხულზე არ მისცენ რუსეთს ახალი იერიშის წამოწყების საშუალება.
უკრაინა კვლავ სარგებლობს დასავლეთის ქვეყნებისგან მიღებული წვრთნებით და შეიარაღებით. გამოფიტვის ტაქტიკით, თუ სწრაფი მანევრით მოსალოდნელია, რომ უკრაინელები შეძლებენ ახალი ტერიტორიების გათავისუფლებას. ამის გათვალისწინებით, მიმდინარე ომის ისტორია გვაჩვენებს, რომ სწრაფი მანევრი წარმატებული მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ ამას წინ მოწინააღმდეგის გამოფიტვა უძღვის.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გამარჯვება ხერსონში სტრატეგიული მნიშვნელობის წარმატება იყო - რამდენიმეთვიანი გამოფიტვის ტაქტიკისა და ორივე მხარეს არსებითი დანაკარგების შემდეგ, უკრაინელებმა შეძლეს რუსეთის დანაყოფების განდევნა მდინარე დნიპროს მარჯვენა ნაპირიდან.
უნდა ვთქვათ, რომ მარცხის მიუხედავად რუსებმა შეძლეს ხერსონიდან შედარებით უმტკივნეულოდ გამოსვლა და მუშა სამხედრო ტექნიკის გამოყვანა. ხერსონიდან გამოყვანილი ნაწილები რუსეთმა უკვე გადაისროლა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ბახმუტთანაც.
გადაადგილებებია უკრაინის არმიაშიც, ხერსონის რაიონში რუსეთის ლოჯისტიკური ქსელი უკვე უკრაინული არტილერიის წვდომის არეალშია. ხერსონის წარმატებული იერიში ფრთხილი ოპტიმიზმის საშუალებას იძლევა, რომ უკრაინის არმიას შეუძლია გააგრძელოს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება.
თუმცა იმ უპირატესობის გათვალისწინებით, რაც უკრაინელებს ხერსონის მიმართულებით ჰქონდათ, შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ მომდევნო იერიშებიც ისეთივე რთული იქნება და სერიოზული დანაკარგების გარეშე არ ჩაივლის. ვფიქრობ, ხერსონის იერიშით უნდა ვიხელმძღვანელოთ და არა ხარკოვის ოლქში განვითარებული მოულოდნელი იერიშით, რომელმაც სწრაფად გაჭრა ოკუპნატების მეჩხერი თავდაცვის ხაზები.
ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორეტეტი მოკლევადიან პერსპექტივაში უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაა. უკრაინა გარკვეულ შეზღუდვებს განიცდის საბრძოლო მასალის სიმცირის კუთხითაც. ЗСУ გაცილებით უფრო მეტ საბრძოლო მასალას მოიხმარს, ვიდრე დასავლური ქვეყნები ამჟამად აწარმოებენ. ამის შედეგად აშშ საკუთარი მარაგების მნიშვნელოვან ნაწილს ამ სხვაობის აღმოსაფხვრელად იყენებს.
საბრძოლო მასალის სიმცირის კომპენსირება უფრო ზუსტი შეიარაღების ხარჯზეა შესაძლებელი, მაგრამ უკრაინის არმიისთვის საჭირო საბრძოლო მასალის რაოდენობა წარმოადგენს საშუალოვადიან-გრძელვადიან გამოწვევას, რომელსაც დასავლურმა სახელმწიფოებმა უნდა უპასუხონ.
უკრაინის არმია მოწინააღმდეგეზე ეფექტურად მოქმედებს, მაგრამ ჯერჯერობით მიმდინარე ომის მთავარი ფაქტორი არტილერიაა, რაც ნიშნავს, რომ დაპირისპირების სტრატეგია არა სწრაფი მანევრების, არამედ გამოფიტვის ტაქტიკით განისაზღვრება. მაშასადამე, მოწინააღმდეგის ხაზების გასარღვევად უკრაინას არსებითი საცეცხლე უპირატესობა დასჭირდება.
აშშ-მა დაიწყო პროგრამა, რომელიც უკრაინელი სამხედროების ერთიანი ბატალიონების პრინციპით წვრთნას ითვალისწინებს. ეს სერიოზული ცვლილებაა, თუმცა ჯერჯერობით რთული სათქმელია, რამდენად მასშტაბური იქნება პროგრამა იმისთვის, რომ უკრაინელებს სერიოზული უპირატესობა მისცეს. ამ გაურკვევლობის მიუხედავად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბევრი გარემოება პირობითია და რუსეთის სტრატეგიულმა ჩავარდნებმა დროთა განმავლობაში შესაძლოა ახალი შესაძლებლობები გამოაჩინოს.
საარტილერიო ჭურვების მარაგის კუთხით რუსეთის არმიას უფრო სერიოზული გამოწვევები აქვს. რუსეთი დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალას ხარჯავს ყოველდღიურად ბახმუტის მიმართულებით. სხვადასხვა ინდიკატორი მიანიშნებს, რომ დონეცკის ოლქში რუსები საარტილერიო დანადგარებისა და ჭურვების დაზოგვას ცდილობენ.
რუსეთის მიერ საარტილერიო ჭურვების გამოყენების კოიფიციენტი მიუთითებს, რომ რუსეთის არმიაში მომავალი წლის გახაფხულზე ან შემოდგომაზე ჭურვების დეციტი შეიქმნება. ჩრდილოეთ კორეისგან მიღებული ჭურვების მეშვეობით რუსეთმა შესაძლოა გადაწიოს კრიზისი, მაგრამ ფაქტია, რომ ყოველთვიურად გამოყენებული ჭურვების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება წარმოების შესაძლებლობებს.
ამ მიმართულებით უფრო მეტს მომდევნო თვეებში გავიგებთ. თუკი რუსები შეძლებენ საკმარისი რაოდენობით ცოცხალი ძალისა და საარტილერიო ჭურვების აკუმილირებას, ისინი დონბასში ახალი დიდი იერიშის წამოწყებას შეეცდებიან. თუკი საბრძოლო მასალის უკმარისობის პრობლემა ვერ გადაიჭრება, რუსები იძულებულები იქნებიან დონბასში ლოკალიზებულ შეტევებს დასჯერდნენ.
შესაძლო სცენარებსა და მოლოდინებზე
ცხადია ეს არ არის ყოველმხრივი და სრული ანალიზი და ის უკრაინისა და რუსეთის არმიის მდგომარეობის არასრულ სურათს ეყრდნობა, მაგრამ მაინც შესაძლებელია 3 საბაზისო სცენარის გამოყოფა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ზამთარში.
დაბალი საბრძოლო სულისკვეთების, არასაკმარისი მომარაგებისა და უკრაინის არმიისგან მომდინარე წნეხის ქვეშ, შესაძლოა ფრონტის გარკვეულ მონაკვეთზე რუსების რომელიმე ხაზი ჩამოიქცეს. ეს შესაძლოა უკრაინის არმიის მხრიდან მორიგი დიდი გარღვევით დასრულდეს და მიუხედავად იმისა, რომ მოვლენათა ასეთი განვითარება სრულად დასაშვებია, ეს მაინც ოპტიმისტური სცენარია.
საპირისპიროდ მოვლენათა პესიმისტური განვითარება გულისხმობს, რომ რუსები შეძლებენ ძალების აღდგენას და თებერვლის შემდეგ დიდი იერიშის წამოწყებას, გარდა იმ მცირე შეტევითი კამპანიისა, რასაც დონბასში უვე აწარმოებენ. აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის ნაკლებობის, ცოცხალი ძალის ხარისხის გათვალისწინებით მოვლენათა ამგვარი განვითარება ნაკლებად სავარაუდოა. თავის მხრივ ეს შეხედულობა ეფუძნება იმ დაშვებას, რომ ჩამოთვლილი პრობლემების სწრაფი გადაჭრა კვლავაც ვერ მოხერხდება.
ჩამოთვლილ სცენარებთან შედარებით, მეტად სავარაუდოა, რომ მომდევნო თვეებში უფრო დინამიურ ფრონტს ვიხილავთ, რომლის მთავარი მახასიათებელი გამოფიტვის ტაქტიკა და ორივე მხრიდან ლოკალიზებული იერიშები იქნება. ასეთ დაპირისპირებაში უკრაინა შეინარჩუნებს ინიციატივას და შეეძლება საკუთარი მიზნებისკენ ნელი, მაგრამ მდგრადი წინსვლა გააგრძელოს.
ხერსონიდან გამოსვლის შემდეგ ჩანს, რომ რუსებს შეუძლიათ თავდაცვის ხაზების კონსოლიდირება და უფრო ეფექტური თავდაცვა, მაგრამ ბახმუტთან და პავლოვკასთან მათ მიერ წამოწყებული შეტევები ბადებს ეჭვს, რომ მათ მნიშვნელოვანი იერიშისთვის საჭირო ძალების მობილიზება შეუძლიათ. რუსეთი დონბასის დაკავებას ცდილობს, სწორედ ამით არის განპირობებული შეტევა ბახმუტზე და პოზიციების გაუმჯობესების მცდელობები ოლქის სამხრეთ ნაწილში.
ბახმუტზე იერიში არ არის სრულიად უაზრო, მაგრამ აღნიშნულ ფრონტზე სწრაფი გარღვევისთვის საჭირო ძალების არარსებობის პირობებში, ბახმუტის დაკავების შემთხვევაშიც ოპერაცია სტრატეგიულად გაუმართლებელია. აქ რუსებს არ აქვთ შეტევის მეორეული ხაზები, რაც ნიშნავს, რომ ქალაქის დაკავებასაც მხოლოდ ტაქტიკური მნიშვნელობა ექნება. ამ ტაქტიკური გამარჯვების ფასს კი რუსეთის არმია საბრძოლო მასალებისა და აღჭურვილობის სტრატეგიული დანაკარგების ფასად გადაიხდის.
ამ მოცემულობაში რუსების პოზიციები კვლავ მოწყვლადი იქნება უკრაინის არმიის შესაძლო კონტრშეტევის წინაშე. საუკეთესო შემთხვევაში, რუსები უფრო ხელსაყრელი თავდაცვითი ზღუდეების დაკავებას შეძლებენ. მიუხედავად იმისა, დაეცემა თუ არა ბახმუტი, ამ პატარა ქალაქისთვის მიმდინარე ბრძოლა რუსეთის არმიისთვის დამახასიათებელი და გადაუჭრელი პრობლემების მკაფიო მანიფესტაციაა.
დასაშვებია, რომ გენერალ სუროვიკინს ხერსონიდან უკან დახევის უფლება მხოლოდ იმ პირობით მისცეს, რომ ქალაქიდან გასვლის შემდეგ რუსეთის არმია ძალების აღდგენას და დონბასში ახალი მასშტაბური იერიშის წამოწყებას შეძლებდა. ამ დროისთვის სუროვიკინის ძალისხმევა თავდაცვითი ზღუდეების გამაგრებასა და ძალების აღდგენაზეა მიმართული.
არსებობს შეხედულება, რომ ბელარუსში რუსეთის სამხედროების რაოდენობის ზრდა მომდევნო თვეებში ჩრდილოეთიდან ახალი ფრონტის გახსნის მოსამზადებელი ეტაპია. ამ ეტაპზე ბელარუსში განლაგებული ძალები არ არის საკმარისი ახალი დიდი კამპანიის წამოსაწყებად. ამ მიმართულებით ახალი ფრონტის გახსნას მასშტაბური გაძლიერება და ახალი დანაყოფების გადასროლა დასჭირდება, რაც უკრაინელებისთვის პირდაპირი ინდიკატორი იქნება და მოსამზედებელ დროს მისცემს.
ბელარუსიდან ახალი კამპანიის მოსამზადებლად სერიოზული სამუშაოები იქნება გასაწევი, რომლის დამალვაც შეუძლებელია. შესაძლოა დამალვაზე არანაკლებ რთული ამ კამპანიის აღსრულება იყოს.
მოკლევადიან პერსპექტივაში უფრო სერიოზულ გამოწვევას რუსეთის საჰაერო-კოსმომური ძალების ეფექტურობის გაზრდა წარმოადგენს, რაც იმ შემთხვევაში მოხდება, თუ უკრაინის ლიდერები აღმოჩნდებიან არჩევნის წინაშე - დაიცვან ქალაქები თუ ფრონტის ხაზი.
დასავლეთის ზოგიერთ დედაქალაქში გაჟღერებული აზრს, რომ მიმდინარე პერიოდი მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობას იძლევა, ეწინააღმდეგება ბრძოლის ველზე შექმნილი სურათი. ველზე არ არის უძრაობა და არცერთი მხარე არ არის მზად თავის პროგრამა მინიმუმს გადახედოს. უკრაინა აგვისტოდან მოყოლებული გამარჯვებების ტალღაზეა, ახლა ცეცხლის შეწყვეტა რუსეთისთვის უფრო მეტად იქნება ხელსაყრელი, ვიდრე უკრაინსითვის.
წარსული გამოცდილება მიუთითებს, რომ ცეცხლის შეწყვეტას მოსკოვი ძალების აღსადგენად და ომის უფრო მომგებიანი პოზიციებიდან განახლებისთვის გამოიყენებს. მეტიც, საომარი მოქმედებების უდროო შეწყვეტამ შესაძლოა კიდევ უფრო მეტად გაწელოს ომის მიმდინარეობა, გამომდინარე იქიდან, რომ ვერცერთი მხარე თავის მიზნებს ვერ მიაღწევს. უკრაინის დამაჯერებელი გამარჯვების შემთხვევაშიც კი პუტინმა შესაძლოა არ აღიაროს მარცხი და გააგრძელოს უაზრო სისხლისღვრა.
მიმდინარე დაპისპირებაში უკრაინას შედარებითი უპირატესობა აქვს, თუმცა უპირატესობა აუცილებლად არ ნიშნავს ასეთივე შედეგს. ტაქტიკა, რომელიც უკრაინელებისთვის ამ დრომდე ეფექტურად მუშაობდა, შესაბამისი ცვლილებების, ადაპტირების და სტაბილური მომარაგების გარეშე შესაძლოა ისეთივე ეფექტური აღარ იყოს.
ამ დროისთვის მოვლენათა განვითარება არ არის დეტერმინირებული, მაგრამ უკრაინის არმია მუდმივად აჭარბებს მოლოდინებს, ისინი უფრო კომპეტენტურები და უკეთ მოტივირებულები არიან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ რუსეთის არმიის ეფექტურობა პროგნიზირებულზე ბევრად დაბალია.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უკრაინის წარმატება მიმდინარე ომში დამოკიდებულია დასავლეთის ქვეყნების, უპირველესად კი აშშ-ს სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებაზე. მიმდინარე ომში რუსეთის სტრატეგიული დამარცხება არ არის უკრაინის გამარჯვების ტოლფასი. ეს ორი ერთმანეთთან დაკავშირებული, მაგრამ განსხვავებული მიზნებია.
ცხადია, უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების არმიების, ეკონომიკებისა და სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსების პოტენციალი ჯამურად ბევრად აღემატება რუსეთისას, მაგრამ ეს მხოლოდ პოტენციალია და შესაბამისი პოლიტიკური ნების გარეშე პოტენციალი შედეგებში ავტომატურად არ ითარგმნება.