-

უელსის მოსახლეობა 6 მაისს ქვეყნის პარლამენტს აირჩევს, რომელსაც სენედ კამრი ჰქვია და უელსის მთავრობას ამტკიცებს.

რა არის უელსის მთავრობა

უელსის მთავრობა 1999 წელს შეიქმნა. მთავრობის შექმნის მიზანი იყო უელსელებისთვის მეტი ავტონომიის მიცემა. ქვეყანაში ადგილობრივი ხელისუფლება წყვეტს ჯანდაცვის, განათლების, ტრანსპორტის, საბინაო პოლიტიკის, კულტურის, სოფლის მეურნეობის და სხვა მსგავს საკითხებს.

გარდა ამისა, უელსის მთავრობა ხელმძღვანელობს კორონავირუსის გავრცელების შედეგად წარმოქმნილი კრიზისის მენეჯმენტს.

პარლამენტის წევრები ხმას აძლევენ კანონებს, იღებენ უელსის ბიუჯეტს და აკონტროლებენ ადგილობრივ მთავრობას. სენედ კამრიდ წოდებული პარლამენტი, კარდიფში მუშაობს.

რა სისტემით ტარდება არჩევნები

უელსის პარლამენტს 60 წევრი ჰყავს, საიდანაც 40 მაჟორიტარული წესით აირჩევა, ხოლო 20 - რეგიონულ-პროპორციულით. რეგიონულ-პროპორციული სიით არჩეული 20 დეპუტატი უელსის 5 რეგიონს წარმოადგენს - ყველა რეგიონს 4 დეპუტატი ჰყავს.

ამომრჩეველი ორ ბიულეტენს იღებს - ერთით ის მაჟორიტარს ირჩევს, ხოლო მეორე ბიულეტენით რეგიონულ სიას აძლევს ხმას.

როგორია ხმის მიცემა პანდემიისას

საარჩევნო უბნებზე ადამიანებმა თავიანთი კალამი ან ფანქარი უნდა წაიღონ. ის, ვინც კორონავირუსის რისკის ჯგუფშია, შეუძლია ხმა ფოსტით მისცეს. გარდა ამისა, შეიძლება ხმის მიცემის უფლების სხვა ადამიანისთვის მინდობილობით გადაცემა.

ვის შეუძლია ხმის მიცემა

უელსში 2.3 მილიონი ამომრჩეველია. წლევანდელ არჩევნებზე პირველად, 16 წლის და უფროსი ადამიანები შეძლებენ ხმის მიცემას. ასევე, 33.000 სხვა ქვეყნის მოქალაქე, რომლებიც ამჟამად უელსის ტერიტორიაზე ცხოვრობენ.

უელსის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველი უნდა ცხოვრობდეს უელსში და დარეგისტრირებული უნდა იყოს არჩევნებზე. ამომრჩეველი შეიძლება იყოს ბრიტანელი, ირლანდიელი ან თანამეგობრობის ქვეყნის წარმომადგენელი. ასევე ევროკავშირის მოქალაქე ან უცხოელი, რომელსაც ბრიტანეთში ცხოვრების უფლება აქვს.

როდის გავიგებთ არჩევნების შედეგებს

არჩევნების შედეგების დათვლა მეორე დღეს დაიწყება და არა საარჩევნო პროცესის დასრულებისთანავე. 

მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვებისთვის საკმარისია უბრალო უმრავლესობა. რეგიონულ-პროპორციული სისტემით დეპუტატები კი პარტიის მიერ მიღებული ხმების მიხედვით აირჩევა.

თუ რომელიმე პარტია პარტია 30 მანდატზე მეტს მოიპოვებს, დამოუკიდებლად შეძლებს მთავრობის ფორმირებას, მაგრამ თუ ეს არ მოხერხდება, კოალიციური მთავრობა შეიქმნება.

უელსის მთავრობა (ქვედა რიგში, შუაში, პირველი მინისტრი მარკ დრეიკფორდი)

 

ვინ არის ამჟამად ხელისუფლებაში

უელსის პირველი მინისტრი მარკ დრეიკფორდია, რომელიც 2018 წლიდან უელსის ლეიბორისტული პარტიის ლიდერია. 2016 წლის უელსის საპარლამენტო არჩევნებზე ლეიბორისტულმა პარტიამ 60-დან 29 მანდატი მოიპოვა. საპარლამენტო უმრავლესობა ლეიბორისტებმა ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის, კირსტი უილიამსის დახმარებით შექმნეს, რომელიც ამჟამად უელსის განათლების მინისტრია. გარდა ამისა, კოალიციურ მთავრობაშია უელსის დამოუკიდებლობის მომხრე პარტიის, "პლაიდ კამრის" ყოფილი დეპუტატი დაფიდ ელის-ტომასი, რომელიც კულტურის, სპორტის და ტურიზმის მინისტრის მოადგილეა.

ძირითადი პოლიტიკური ჯგუფები

უელსის ორმოცივე მაჟორიტარულ ოლქში და ხუთივე რეგიონულ-პროპორციულ არჩევნებში 5 პარტია მონაწილეობის: ლეიბორისტები, პლაიდ კამრი, კონსერვატორები, ლიბერალ-დემოკრატები და "გაერთიანებული სამეფოს რეფორმის" პარტია. გარდა ამისა, ხუთივე რეგიონულ-პროპორციულ არჩევნებში და ზოგიერთ მაჟორიტარულ ოლქში კიდევ 5 პარტია იღებს მონაწილეობას, ესენია: "გაუქმდეს უელსის პარლამენტი," ბრიტანეთის დამოუკიდებლობის პარტია, უელსის მწვანეთა პარტია, უელსის დამოუკიდებლობის პარტია და პროპელი (დამოუკიდებლობის მომხრე პარტია).

საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, მანდატების აბსოლუტური უმრავლესობა 3 პარტიაზე გადანაწილდება, ამიტომ გთავაზობთ მათი პლატფორმების მიმოხილვას.

უელსელი ლეიბორისტები

უელსის ლეიბორისტული პარტია ქვეყნის ყველაზე ძლიერი და დომინანტი პოლიტიკური ძალაა. ლეიბორისტებმა 1922 წლიდან უელსში ჩატარებულ ყველა საპარლამენტო არჩევნებზე (იგულისხმება დიდი ბრიტანეთი), ისევე როგორც 1999 წლიდან ჩატარებულ უელსის პარლამენტის ყველა არჩევნებზე, პირველი ადგილი დაიკავეს.

თანამედროვე უელსის ლეიბორისტულ პარტიას ორი ძირითადი პრობლემა აქვს - უელსის მოსახლეობის უმრავლესობამ (52.5%) ხმა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლას მისცა და ქვეყანაში იზრდება დამოუკიდებლობის მხარდაჭერა. უკანასკნელი საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, მოსახლეობის 39% მხარს დაუჭერდა ქვეყნის დამოუკიდებლობას.

ეს ორი ფაქტორი განაპირობებს პრო-ევროპული მოსახლეობის დამოუკიდებლობის მომხრე პლაიდ კამრისკენ მიგრაციას, ხოლო ევროსკეპტიკურად განწყობილი მოქალაქეები, რომლებმაც 2016 წელს ჯერ კიდევ ლეიბორისტულ პარტიას აძლევდნენ ხმას, ამჯერად შეიძლება ასე აღარ მოიქცნენ (2016 წლის უელსის საპარლამენტო არჩევნები ბრექსიტის რეფერენდუმამდე ჩატარდა).

2021 წლის არჩევნებზე პარტია ძირითადად მოსახლეობას ჯანდაცვასა და განათლებაში მეტ ინვესტირებას ჰპირდება, ასევე უელსში ეროვნული პარკის შექმნას, გამწვანების სამუშაოების გააქტიურებას და პლასტმასის გამოყენების აკრძალვას.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ სეპარატისტული პარტიის, პლაიდ კამრის წევრებმა მკაცრად გააკრიტიკეს ქვეყნის პირველი მინისტრი, რომლის წინასაარჩევნო ფლაერებიც მხოლოდ ინგლისურ ენაზე იყო. კრიტიკის ადრესატმა განაცხადა, რომ ეს ფლაერები პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ იყო დამზადებული და მათი ყველა წინასაარჩევნო რეკლამა ორენოვანია.

მზარდი სეპარატისტული განწყობების ფონზე, წინასაარჩევნოდ ლეიბორისტული პარტია მოსახლეობას სკოლებში უელსური ენის სწავლების გაფართოებას ჰპირდება. გარდა ამისა, ლეიბორისტები გეგმავენ სკოლაში ისწავლებოდეს “შავკანიანების, აზიური წარმოშობის ადამიანების და სხვა უმცირესობების კულტურა და ისტორია.”

პარტიის ლიდერი მარკ დრეიკფორდი ლათინურის სპეციალისტია. ის წლების განმავლობაში იყო უელსის პირველი მინისტრის, როდრი მორგანის მრჩეველი. ისინი ლეიბორისტული პარტიის მემარცხენე ფრთას წარმოადგენდნენ და ჯერ კიდევ 80-იანი წლებიდან მეგობრობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ დრეიკფორდი არ იყო უელსის პარლამენტის წევრი, ის პარტიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიან პირად ითვლებოდა. დრეიკფორდი მუშაობდა ისეთ პროგრამებზე, როგორიც იყო უფასო საუზმე სკოლაში, უფასო ავტობუსით მგზავრობა ბავშვებისთვის და ასე შემდეგ. 67 წლის ასაკში, ლიდერის ამპლუაში ეს მისი პირველი არჩევნები იქნება. 

პლაიდ პლაიდ კამრის ლიდერი ადამ პრაისი

 

პლაიდ კამრი

პლაიდ კამრი უელსური ნაციონალისტური, სოციალ-დემოკრატიული პარტიაა, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობას უჭერს მხარს. ის უელსის ლეიბორისტული პარტიის შემდეგ, წევრების რაოდენობით ყველაზე დიდი პარტიაა. პარტია 1925 წელს შეიქმნა, ამჟამად მათ ბრიტანეთის პარლამენტში 4 წევრი ჰყავს (შესაძლო 40-დან), ხოლო უელსის პარლამენტში 10/60. 

2021 წლის წინასაარჩევნო კამპანიაში პარტიის მთავარი დაპირებაა 5 წელიწადში დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარება. მანიფესტის პრეზენტაციისას პარტიის ლიდერმა ადამ პრაისმა განაცხადა, რომ ეს არის “ყველაზე რადიკალური პროგრამა 1945 წლის შემდეგ.”

პროგრამა მოიცავს 6 მილიარდი ფუნტის ინვესტირებას 60,000 “მწვანე” სამუშაო ადგილის შესაქმნელად, უფასო კვების გაფართოებას სკოლაში და ასე შემდეგ.

პარტიის ლიდერმა ადამ პრაისმა განაცხადა, რომ ეს არის “პრაქტიკული, განხორციელებადი და კარგად დათვლილი დაპირებები,” რაც მიიყვანს საზოგადოებას უფრო “სამართლიან, მწვანე და მდიდარ უელსამდე.”

პრაისი აცხადებს, რომ უელსს ახალი ტიპის ხელისუფლება სჭირდება, მას შემდეგ, რაც რამდენიმე დეკადაა ქვეყანას ლეიბორისტები მართავენ. პრაისმა თქვა: “მე არ ვარ მზად დავთანხმდე მარცხს, ერთადერთი გამოსავალი, რომლითაც ჩვენ სიტუაციას შევცვლით არის ახალი ტიპის ხელისუფლება.” 

პარტიის ერთ-ერთი დაპირებაა, რომ უელსი ევროვიზიის კონკურსის მონაწილე გახდება. 

პლაიდ კამრის 2016 წლის საარჩევნო კამპანიის ფლაერში ადამ პრაისი უელსური მითოლოგიის გმირ “მაბ დაროგანთან,” წინასწარმეტყველის შვილთან იყო შედარებული, რომელსაც უელსი გაჭირვების ჟამს უნდა გადაერჩინა. ბევრი თვლის, რომ მსგავსი შედარებების გამო ის პარტიის მხარდამჭერების თვალში ლიდერზე მეტი, მესიანისტური ფიგურაა, რომელმაც უელსს დამოუკიდებლობა უნდა მოუტანოს.

პრაისის მამა ამანის ველის მაღაროელების ბოლო თაობას წარმოადგენდა და ადამ პრაისის ცნობიერება 1980-იანი წლების მაღაროელების გაფიცვებისას და პროტესტებისას ჩამოყალიბდა. ის ეკონომისტია და 2001 წელს, ბრიტანეთის პარლამენტში შესვლამდე თავისი პროფესიით მუშაობდა. 2018 წელს ის თავის ახლო მეგობარს, ლიიან ვუდს დაუპირისპირდა და პარტიის ლიდერი დიდი უპირატესობით გახდა.

პრაისი ხშირად კრიტიკის ქვეშ ექცევა მისი რადიკალიზმის გამო. ერთხელ მან განაცხადა, რომ ბრიტანეთმა უელსს სიღარიბეში ჩაგდების გამო რეპარაციები უნდა გადაუხადოს. შემდგომში მან ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ უელსის გამოცდილება ბევრად მსუბუქი იყო იმპერიის აფრიკულ და კარიბის ქვეყნებში კოლონიურ რეჟიმებთან შედარებით.

უელსელი კონსერვატორების ლიდერი ენდრიუ დევისი

 

უელსელი კონსერვატორები

კონსერვატორულ პარტიას უელსში დიდი ელექტორატი არასდროს ჰყოლია. თუმცა, ბრექსიტის შემდეგ უელსის პოლიტიკური ლანდშაფტი შეიცვალა და კონსერვატორებმა ევროკავშირის დატოვების მომხრე ელექტორატის ხარჯზე სერიოზულად გაზარდეს მხარდაჭერა. 2016 წელს რეფერენდუმზე უელსის მოსახლეობის უმრავლესობამ (52.5%) ხმა ევროკავშირის დატოვებას მისცა, ხოლო უელსის წინა საპარლამენტო არჩევნებზე, ბრექსიტის მომხრე ბრიტანეთის დამოუკიდებლობის პარტიამ (UKIP) 13% მიიღო.

2019 წლის ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებზე კონსერვატორებმა ისტორიაში ყველაზე დიდი მხარდაჭერა - 36.1% მიიღეს და 14 მანდატი მოიპოვეს. არჩევნების შემდეგ ბრიტანეთის კონსერვატორულმა ხელისუფლებამ ამ ადამიანების მთავარი მოთხოვნა შეასრულა და ევროკავშირი დატოვა. შესაბამისად, წელს ვარაუდობენ, რომ პარტია რეკორდულად მაღალ მხარდაჭერას მიიღებს. 

უელსის კონსერვატორული პარტია ბრიტანეთის ერთიანობას უჭერს მხარს. ისინი ეწინააღმდეგებიან უელსის პარლამენტის, სენედის, რეფორმას და მისი წევრების რაოდენობის გაზრდას, რასაც მხარს სეპარატისტები უჭერენ. უელსის კონსერვატორული პარტიის ლიდერმა ენდრიუ დევისმა განაცხადა: “ქვეყანას მეტი ექიმი და მასწავლებელი სჭირდება და არა - პოლიტიკოსი. უელსელ კონსერვატორებს ერთი მიზანი აქვთ: უელსის ეკონომიკის აღდგენა, მეტი სამუშაო ადგილის შექმნა და საჯარო სერვისების მეტად დაფინანსება.”

პარტიის ახლანდელი ლიდერი ენდრიუ დევისი უელსელმა კონსერვატორებმა 2021 წლის იანვარში აირჩიეს. პარტიის წინა ლიდერი, პოლ დევისი ლოქდაუნისას უელსის პარლამენტში ალკოჰოლის მიღების გამო გადადგა. 

ენდრიუ დევისმა ერთხელ ინტერვიუში თქვა, რომ ის იყო “ლურჯი როცა დაიბადა და ლურჯია ახლაც.” (ლურჯი კონსერვატორული პარტიის ფერია) დევისი იყო ახალგაზრდა ფერმერთა კლუბის პრეზიდენტი, შემდგომში კი უელსის დელეგატი ფერმერების ეროვნულ კავშირში. ის კონსერვატორებს 1997 წელს შეუერთდა და ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნების რამდენიმე წარუმატებელი კამპანიის შემდეგ, მან 2007 წელს უელსის პარლამენტის წევრობა შეძლო. მიუხედავად პოლიტიკაში აქტიური ჩართულობისა, დევისს ისევ გააჩნია ოჯახური ფერმა. 

2011 წელს ის უელსის ეროვნულ ასამბლეაში ბრიტანელი კონსერვატორების ლიდერი გახდა. 2016 წელს კი ბრექსიტის მხარდამჭერ კამპანიაში იყო ჩართული. დევისი უელსში წარმატებით დამთავრებული კამპანიის ცალსახა ლიდერი იყო. ის 2019 წელს კონსერვატორული პარტიის ლიდერის არჩევნებში ბორის ჯონსონს უჭერდა მხარს .

უელსელი კონსერვატორების მთავარი პრობლემაა, რომ მათ არ შეუძლიათ არცერთ ძირითად პარტიასთან თანამშრომლობა პოზიციებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობის გამო. ისინი კოალიციას ვერ შეკრავენ ვერც ლეიბორისტებთან და ვერც პლაიდ კიმრისთან.  

რას ამბობს საზოგადოებრივი აზრის კვლევები

საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევებით, უელსის პარლამენტის 60 მანდატი ასე გადანაწილდება: უელსელი ლეიბორისტები - 29, კონსერვატორები - 19 (2016 წელთან შედარებით 8-ით მეტი), პლაიდ კიმრი - 10, ლიბერალ-დემოკრატები - 1.

2021 წლის უელსის საპარლამენტო არჩევნებს ბევრი აფასებს, როგორც რეფერენდუმს, უელსის ლეიბორისტული მთავრობის მუშაობაზე კორონაკრიზისის პერიოდში.

არჩევნების მთავარი ინტრიგაა რომელ პარტიასთან ან პარტიებთან ერთად ეცდებიან ლეიბორისტები კოალიციური მთავრობის შექმნას. 

მსგავსი სიახლეები