-

არჩევნებამდე

 

2015 წელს არგენტინის პრეზიდენტი მემარჯვენე-ცენტრისტი, ბიზნესმენი და საფეხბურთო კლუბ „ბოკა ჟუნიორსის“ ყოფილი პრეზიდენტი, პროფესიით  ინჟინერი მაურისიო მაკრი გახდა. მან ცოლ-ქმარ კირშნერების 12 წლიანი მმართველობის პერიოდი დაასრულა. 2003-2007 წლებში ქვეყნის პირველი პირი ნესტორ კირშნერი იყო, ხოლო 2007-2015 წლებში მისი მეუღლე, კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერი.

 

მაურისიო მაკრი

 

უკანასკნელი 70 წლის განმავლობაში, მაკრი იყო პირველი არჩეული პრეზიდენტი, რომელიც არ წარმოადგენდა ორ ტრადიციულ მთავარ პოლიტიკურ ძალას:  პერონისტულ პარტიას (Partido Justicionalista) და მემარცხენე-ცენტრისტულ „რადიკალურ სამოქალაქო კავშირს“ (Unión Cívica Radical).“

პოლიტიკური გამოცდილების სახით მას ზურგს უმაგრებდა არგენტინის ფედერალური დედაქალაქის, ბუენოს-აირესის (მოსახლეობა 2.8 მლნ),  მერობის 8 წლიანი წარმატებული გამოცდილება (მის პარტიას წარმოადგენდა „რესპუბლიკური პროექტი“ (Propuesta Republicana, შემოკლებით Pro).

მან და მისმა გუნდმა დედაქალაქის  ტრანსფორმირება შეძლეს - განხორციელდა ინფრასტრუქტურული პროექტები, გაუმჯობესდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი  (ცალკე ხაზები ავტობუსებისათვის, მეტროს ახალი ვაგონები, მიწისზედა რკინიგზის მოდერნიზაცია და ველობილიკების დამატება), შეიქმნა ფედერალურისგან დამოუკიდებელი ქალაქის პოლიცია, რომელმაც უკეთ უზრუნველყო უსაფრთხოება და სხვ.

ძირითადად ამ მიზეზების გამო არგენტინულ საზოგადოებას იმედი ჰქონდა, რომ ახალი ხელისუფლება  სასიკეთოდ შეცვლიდა ვითარებას: ბრძოლას გამოუცხადებდა კორუფციას, შეამცირებდა სიღარიბეს და ინფლაციას, გახსნიდა შიდა ბაზარს, მოიზიდავდა უცხოურ კაპიტალს, მოხსნიდა დოლარზე არსებულ შეზღუდვებს და ა.შ. თუმცა, მაკრიმ ვერ გაბედა რადიკალური რეფორმების განხორციელება და გადაწყვიტა ნაბიჯ-ნაბიჯ ცვლილებების გზით წასულიყო.

ეს გადაწყვეტილება მცდარი აღმოჩნდა, რადგან ვერ მოხერხდა ინფლაციის შემცირება (თავდაპირველ წარმატებას 40%-დან 24%-მდე შემცირებას, მმართველობის ბოლო ორ წელში 47%-დან 52%-მდე ზრდა მოჰყვა) და ხალხმა ხელშესახები ცვლილებებიც ვერ მიიღო. ეს კი ამომრჩეველმა იმედგაცრუებად და დაპირებების ვერშესრულებად აღიქვა. ამგვარად, 2019 წელს მაკრი დამარცხდა.

 

ინფლაციის მაჩვენებლები წლების მიხედვით

 

 

კრისტინა ფერნანდესმა კარგად იცოდა, რომ მისი ფიგურა პრეზიდენტობისათვის „გაცვეთილი“ იყო და ამიტომ ხელისუფლებაში დასაბრუნებლად „აიფარა“ ქმრის ძველი თანამებრძოლი, იურისტი ალბერტო ფერნანდესი თავად კი ვიცე-პრეზიდენტის და ამავდროულად საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატის, სენატის თავმჯდომარის სტატუსით დაკმაყოფილდა.

 

კირშნერი და კრისტინა ფერნანდესი

 

ამომრჩეველს იმედი ჰქონდა, რომ ალბერტო ფერნანდესი კრისტინა ფერნანდესისგან განსხვავებით, რომელიც ოპონენტებთან სიხისტით გამოირჩევა, დიალოგზე ორიენტირებული ლიდერი იქნებოდა და დამოუკიდებელ პოლიტიკას გაატარებდა. თუმცა დღეს, არგენტინაში სულ უფრო იზრდება იმ ხალხის რაოდენობა, ვინც თვლის რომ ვიცე-პრეზიდენტს პირველ პირზე დიდი გავლენა აქვს.

ხელისუფლებაში მოსულმა პერონისტულმა ხელისუფლებამ გააგრძელა ის პოლიტიკა, რაც ზემოთ აღვნიშნეთ (აქ შეიძლება დავამატოთ საგარეო პოლიტიკაში ანტიამერიკული განწყობა, რაც მანამდეც არსებობდა; ასევე ლოიალური დამოკიდებულება ნიკოლას მადუროს რეჟიმთან და სხვ.) თუმცა, მთავარი სირთულეები წინ იყო.

პანდემია

გლობალურ პანდემიას და მისგან წარმოქმნილ პრობლემებს ცენტრალური ხელისუფლება ვერ გაუმკლავდა.

სანიტარული ასპექტი: მრავალთვიანი ტოტალური ლოქდაუნის მიუხედავად, ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე 115 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დიდი ხნის განმავლობაში, ხელისუფლებამ ვერ შეძლო „სპუტნიკის“ გარდა სხვა ვაქცინა შემოეტანა და იქაც პრობლემები ჰქონდა - რუსეთმა მედიკამენტის მეორე კომპონენტის მხოლოდ ერთი ნაწილის მიწოდება შეძლო.

სოციალურ-ეკონომიკური ასპექტი: პანდემიამ დაამძიმა ისედაც რთული ეკონომიკური ვითარება - თუკი სიღარიბის მაჩვენებელი 2020 წელს 42% (19 მლნ.) იყო, 2021 წელს ამ რიცხვმა თითქმის 50%-ს მიაღწია (22.7 მლნ.)უპოვართა რიცხვმა კი 5 მილიონს გადააჭარბა. ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად ხელისუფლებამ ძირითადად რაც გააკეთა, იყო სოციალური დახმარებების გაზრდა - ბენეფიციარებს სპეციალური ბარათებით  მხოლოდ საკვების შეძენა შეუძლიათ.

2019 წლიდან მულტინაციონალურმა კომპანიებმა არგენტინიდან გასვლა დაიწყეს. ეს პროცესი COVID-19-ით გამოწვეული შედეგების პირობებში კიდევ უფრო გამძაფრდა - ქვეყანა დატოვეს ისეთმა დიდმა კომპანიებმა როგორიცაა: ნაიკი, ანდერ არმორი, ყატარის ავიახაზები, ვოლმარტი, დანონი და სხვ.

2019 წლის დეკემბერში კომპანია “ვისენტინმა”რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქციის (მარცვლეული, ზეთი, ფქვილი) სიდიდით მეექვსე ექსპორტიორია არგენტინაში, განაცხადა რომ იწყებდა რესტრუქტურიზაციის პროცესს, რადგანაც გააჩნდა 1,35 მილიარდი  დოლარის ოდენობის დავალიანება. 2020 წელს ალბერტო ფერნანდესმა კონგრესს მიმართა და მოითხოვა კომპანიის ექსპროპრიაცია. მისი აზრით, ვისენტინი გაკოტრების პირას იყო და სახელმწიფო კომპანიად გადაქცევა მას გადაარჩენდა. ივნის-ივლისში ამ საკითხის გარშემო დიდი ვნებათაღელვა დაიწყო. ოპოზიცია, მოსახლეობა და აგროსექტორი, რომელიც საკმაოდ მძლავრია, პროტესტით შეხვდნენ ფერნანდესის ამ განზრახვას. საბოლოოდ, პრეზიდენტმა უკან დაიხია და უარი თქვა კომპანიის ნაციონალიზაციაზე.

არგენტინა საქონლის ხორცის ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორია მსოფლიოში, რაც ქვეყანაში დოლარის შემოდინების მსხვილი წყაროცაა. ამასთან, ხორცი არგენტინაში საკვები რაციონის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და ლამის საკრალური დანიშნულება აქვს.

2021 წლის მაისში, 47% ინფლაციის პირობებში, რასაც პროდუქტებზე ფასების ზრდა მოჰყვა, ალბერტო ფერნანდესმა  წარსულში  წარუმატებელი გამოცდილების მიუხედავად, გადაწყვიტა საქონლის ხორცის ექსპორტი აეკრძალა და ამით შიდა ბაზარზე ფასები შეემცირებინა. თუმცა, ამ ნაბიჯს ხელშესახები შედეგი არ მოუტანია - ფერმერებმა პირუტყვის დაკვლას მოუკლეს. მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოს მონაცემებით მეცხოველეობის სფერომ მილიარდ დოლარზე მეტი იზარალა, ხელისუფლებამ ექსპორტზე შეზღუდვები ოქტომბრის ბოლომდე გააგრძელა.

საყოველთაო და სავალდებულო კარანტინის გამო, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა დისტანციურ რეჟიმში იყო. ვითარება კარანტინის შემსუბუქების შემდეგაც შენარჩუნდა და მთლიანობაში წელიწადზე მეტ ხანს გასტანა. იშვიათი გამონაკლისი იყო ბუენოს-აირესი და მას ქვემოთ შევეხებით.

კოვიდპანდემიის და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გარდა, არგენტინის პრეზიდენტი გაეხვა სკანდალში, რამაც მის რეპუტაციას დიდი ზიანი მიაყენა და ეს ცხადია აისახა პრაიმერზეც. 2021 წლის აგვისტოში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს თუ როგორ აღნიშნავს პრეზიდენტის პარტნიორი ფაბიოლა იანესი ოლივოსის რეზიდენციაში დაბადების დღეს ალბერტო ფერნანდესთან და 10-ზე პირთან ერთად. სკანდალის მთავარი მიზეზი გახდა თარიღი: 2020 წლის 14 ივლისს არგენტინაში სრული სავალდებულო კარანტინი იყო, რომელიც კრძალავდა საზოგადოებრივ შეკრებებს, მათ შორის ხალხმრავალ დაბადების დღეებს. გარემოებას ამძიმებდა ისიც, რომ იუბილარის სტუმრებს არც პირბადე ეკეთათ და არც დისტანციას იცავდნენ. ამ უსიამოვნო ინციდენტის გამო პრეზიდენტს საზოგადოებისათვის ბოდიშის მოხდა მოუწია, თუმცა ბოლოს ყველაფერი იანესს გადააბრალა.

 

ფოტო, რომელმაც დიდი სკანდალი გამოიწვია

 

მანამდე, 2021 წლის თებერვალში, არგენტინა არანაკლებ ხმაურიანი სკანდალის მომსწრე გახდა - ე. წ. „ვაქცინაცია ვიპ (Vacunatorio VIP). არგენტინაში იმუნიზაციის საწყის ეტაპზე ხანდაზმული ადამიანები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები იცრებოდნენ, თუმცა 70 კაციან „სტრატეგიულ პირთა“ სიაში (თანამდებობების გამო გამონაკლისი დაუშვეს პრეზიდენტზე, მინისტრებზე და ა.შ.) აღმოჩნდნენ ხელისუფლებასთან დაკავშირებული ჟურნალისტები, ბიზნესმენები და მაღალჩინოსანთა ოჯახის წევრები. ამან ოპოზიციისა და საზოგადოების დიდი პროტესტი გამოიწვია,  რასაც ჯანდაცვის მინისტრის, ხინეს გონსალეს გარსიას (Ginés González García) გადადგომა მოჰყვა.  

საკანონმდებლო არჩევნების პრაიმერი

არგენტინაში არჩევნები ორი ნაწილისგან შედგება. პირველ ეტაპს ეწოდება Paso (Primarias, Abiertas, Simultaneas, Obligatorias - პირველადი, ღია, ერთდროულისავალდებულო) იგივე პრაიმერი, რომლის მიზანიცაა გამოავლინოს საარჩევნო კანდიდატები. ასეთ სტატუსს  ის პარტიები იღებენ, რომლებიც ხმების მინიმუმ 1.5% დააგროვებენ. ამ პროცესის მეორე  ეტაპზე კი პრაიმერით წარდგენილი კანდიდატების არჩევა ხდება. ხმის მიცემა ორივე ეტაპზე ფარული და სავალდებულოა.

45 მილიონიანმა  ფედერალური მოწყობის მქონე ქვეყანამ, 2021 წლის 14 ნოემბრის არჩევნებით უნდა განაახლოს საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატა. კონგრესის ქვედა პალატაში 257 წევრიდან 127-ის არჩევა უნდა მოხდეს, ხოლო ზედა პალატაში (სენატი) 72-დან 24-ის.

პრაიმერს კიდევ ერთი რამ ახასიათებს - ის გენერალური რეპეტიციაა და აჩვენებს იმ კონტურებს, რაც ორი თვის შემდეგ საბოლოოდ დაიხატება, რადგანაც დამარცხებულ მხარეს ძალიან ცოტა დრო აქვს რაიმე შეცვალოს.

რაც შეეხება არჩევნებში გამარჯვების მთავარ კანდიდატებს, როგორც პრაიმერმა აჩვენა, ასეთი ორი სუბიექტი არსებობს - სამთავრობო ბლოკი „ყველას გაერთიანება“  (Frente para Todos).  (ამ კოალიციაში, რომელსაც ხუსტისიონალისტთა პარტია უდგას სათავეში, ჯამში 21 პოლიტიკური სუბიექტია) და ოპოზიციური ბლოკი „ერთად ცვლილებებისთვის“ (Juntos por el Cambio). (ეს გაერთიანება 2015 წელს შეიქმნა, მას Pro ლიდერობს და ამჟამად 13 სუბიექტისგან შედგება).

პრაიმერის კამპანიისას, ხელისუფლების უმაღლესი პირები საუბრობდნენ მაკრის და მისი მთავრობის შეცდომებზე, რამაც მათი აზრით დაამძიმა ქვეყნის ვითარება. ალბერტო ფერნანდესი პარტიის დასკვნით გამოსვლაში ხაზს უსვამდა მმართველობის ორ მოდელს: „არსებობს ქვეყნის ორი მოდელი, ერთი ფიქრობს თქვენზე, მეორე ფიქრობს საკუთარ თავზე. ხმა მიეცით თქვენი თავისთვის, თითოეული არგენტინელისთვის, მასწავლებლისთვის, ექიმისთვის და არგენტინის მშრომელისთვის.“

რაც შეეხება მათ დაპირებებს, შეგვიძლია ერთმანეთს ბუენოს-აირესის პროვინციის დეპუტატობის კანდიდატთა დაპირებები შევადაროთ. ვიქტორია ტოლოსა პასი   სამთავრობო ბლოკიდან,  საუბრობდა მდიდრებისათვის გადასახადების გაზრდაზე  და ამავე დროს მცირე და საშუალო ბიზნესისათვის წნეხის შემცირებაზე, ადგილობრივი წარმოების კიდევ უფრო წახალისებაზე და სხვ.

ამავე პროვინციაში მისი მთავარი კონკურენტი დიეგო სანტილი ყურადღებას ამახვილებდა გადასახადების შემცირებაზე იმ კომპანიებისათვის, რომლებიც 18-35 წლამდე ახალგაზრდებს დაასაქმებდაასევე, პროვინციის პოლიციის რეფორმას - სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილებას, რომელიც შეზღუდავს  ნარკოდანაშაულისთვის, ძალადობისთვის,  ყაჩაღობისა და იარაღის ტარებისთვის გასამართლებულ პირთა გათავისუფლებას.

მთავარი ოპოზიციური გაერთიანების ძირითადი გზავნილი დაპირებებთან ერთად, იყო შედეგიც - ბუენოს აირესის მართვის პანდემიური მოდელი. დედაქალაქის მთავრობას მაკრის თანამოაზრე და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ორასიო როდრიგეს ლარეტა  ხელმძღვანელობს.

 ბუენოს-აირესი არგენტინის პოლიტიკური, ფინანსური და კულტურული ცენტრია და უნდა ითქვას, რომ ქალაქის ხელმძღვანელობამ, კრიზისულ ვითარებაში, უკეთ გამოიყენა არსებული რესურსები და ავტონომია. ვაქცინაციის პროცესი უფრო სწრაფი და მოწესრიგებული იყო და 2021 წლის აპრილში სკოლებიც გაიხსნა, რამაც ცენტრალური მთავრობის გაღიზიანება გამოიწვია. ალბერტო ფერნანდესმა ვირუსის მეორე ტალღის მიზეზით შეზღუდვები მთელ ქვეყანაში შემოიღო, თუმცა ლარეტამ სასამართლოში გაასაჩივრა მისი გადაწყვეტილება. 2021 წლის მაისში სასამართლომ გააუქმა პრეზიდენტის ბრძანება და მოუწოდა მთავრობას პატივის ეცა ქალაქის თვითმმართველობისთვის.  

კოალიცია „ერთად ცვლილებებისთვის“ საარჩევნო კამპანიას ფონად გასდევდა  სლოგანი „კმარა“(Basta). ის ძირითადად მიმართული იყო არსებული პოლიტიკის შეცვლისკენ, რაც გულისხმობს პოპულიზმის დასრულებას, პანდემიის უკეთ მართვას, სკოლების გახსნას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, საგადასახადო შეღავათებს მცირე და საშუალო ბიზნესისათვის, ინვესტიციების მოზიდვას და სხვ.

ორი ძირითადი გაერთიანების გარდა, აღსანიშნავია კიდევ ორი ბლოკი, რომლებმაც მთლიანობაში ხმათა მინიმუმ 10% მოაგროვეს. ესენია ბლოკი „მემარცხენე და მშრომელთა ფრონტი - გაერთიანება“ (Frente de Izquierda y de Trabajadores – Unidad) და ლიბერალები.

„მემარცხენე ფრონტის“ ლიდერია ნიკოლას დელ კანიო. მისი ბლოკის დაპირებები ასეთია: სამსახურებიდან დათხოვნის აკრძალვა, გარანტირებული სამუშაო ყველასთვის, დახურვის პირას მისული საწარმოების ნაციონალიზაცია, სახელფასო მინიმუმის გათანაბრება სამომხმარებლო კალათასთან, უმუშევართა დაზღვევა, ქალების მიმართ ძალადობის აღკვეთა,  მათი უზრუნველყოფა კაცების მსგავსი, თანაბარი ხელფასით, სტრატეგიული რესურსების ნაციონალიზაცია და სხვ.

ლიბერალთა ბლოკის, „გაერთიანება წინ თავისუფლების“ ლიდერები არიან ხოსე ლუის ესპეტი  და ხავიერ მილეი. მათი პროგრამა ყველაზე მემარჯვენეა და ემხრობა არგენტინის ბაზრის გახსნას, რეგულაციების შემცირებას, პროფკავშირების როლის და გავლენის შეზღუდვას, სახელმწიფო ხარჯების შეკვეცას და სხვ.

შედეგები

ამ რეალობაში არსებობდა მოლოდინი, რომ ხელისუფლებას გაუჭირდებოდა კარგი შედეგების ჩვენება, თუმცა შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა. პრაიმერში ხმა მისცა 22.7 მილიონმა ადამიანმა:

პირველ ადგილზე გავიდა კოალიცია „ერთად ცვლილებებისათვის“ – 41.50% (თითქმის 9 მლნ. ხმა) , მეორე ადგილი - სამთავრობო ბლოკი „ყველას გაერთიანება“ – 32% (თითქმის 7 მლნ. ხმა), მესამე და მეოთხე ადგილი კი „მემარცხენე ფრონტმა“ და „ლიბერალებმა“ გაიყვეს - სხვადასხვა წყაროებით მათი მხარდაჭერა სავარაუდოდ 5-7%-ის ფარგლებშია (ჯერ ოფიციალური მონაცემები არ გამოქვეყნებულა). დანარჩენი ხმები სხვა პარტიებმა აიღეს.  აღსანიშნავია რეგიონული პოლიტიკური სუბიექტებიც, რომლებმაც სამხრეთის ორ პროვინციაში (ნეუკენი და რიო ნეგრო) მოახერხეს პირველ ადგილზე გასვლა. გარდა ამისა, ხმების ნაწილი ბათილად ჩაითვალა, ხოლო ამომრჩეველთა ნაწილმა არავინ შემოხაზა (ნეიტრალური, ე.წ. „თეთრი“ ხმები).

23 პროვინციიდან (დედაქალაქის გამოკლებით) მმართველმა კოალიციამ არჩევნები 17 პროვინციაში წააგო, მათ შორის აღსანიშნავია სანტა კრუსი - ნესტორ კირშნერის მშობლიური პროვინცია, სადაც ამჟამად გუბერნატორი მისი და, ალისია კირშნერია.

ცალკე უნდა გამოვყოთ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ბასტიონი - ბუენოს-აირესის პროვინცია, სადაც ქვეყნის მოსახლეობის თითქმის 40% ცხოვრობს. შესაბამისად, აქ წარმატება ყველაზე მნიშვნელოვანია. პროვინციის მოსახლეობის საკმაო ნაწილი ღარიბი მოსახლეობაა, რომლებიც სახელმწიფოსგან დახმარებას იღებს და ტრადიციულად, ხუსტისიონალისტთა ელექტორატს წარმოადგენს (სიღარიბე 2019 წელს 51% იყო, 2020-ში - 56%). მიუხედავად ამისა, ამ პროვინციაში ხელისუფლებამ 33% აიღო, ხოლო მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ 38%.

გარდა ამისა, საინტერესო სურათი იკვეთება 2019 წლის საპრეზიდენტო და 2021 წლის საკანონმდებლო პრაიმერების შედარებით - ქვეყნის მასშტაბით, გამარჯვებული ოპოზიციური გაერთიანების მხარდაჭერა 8%-ით არის გაზრდილი და მათ 2019 წელთან შედარებით 800 000 ხმით მეტი მიიღეს. მაშინ როცა ხელისუფლების ხმები 16%-ით შემცირდა (5 მლნ ხმა). ეს, სავარაუდოდ, მესამე და მეოთხე ადგილზე გასული მემარცხენეების და ლიბერალების ხარჯზეც მოხდა (ამ უკანასკნელთა მაჩვენებლები  გაიზარდა).

 

არჩევნების შედეგები პროვინციების მიხედვით

 

შედეგებმა მთავარ ოპოზიციურ ძალას დიდი იმედები ჩაუსახა. ის ამ გამარჯვებას ახალ შანსად მიიჩნევს და  მის გასაფორმებლად ნოემბერში ემზადება. ეს გამარჯვება ოპოზიციას  შესაძლებლობას მისცემს გაზარდოს წარმომადგენლობა კონგრესის ქვედა პალატაში და მოიპოვოს უმრავლესობა სენატში. რაც შეეხება ხელისუფლებას, მან მარცხი აღიარა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „მათ რაღაც კარგად ვერ გააკეთეს.“ ხოლო ვიქტორია ტოლოსა პასის თქმით „ეს ხალხისგან გაწნული სილა იყო.“

შეჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არგენტინის მოსახლეობა, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, უკმაყოფილოა არსებული ხელისუფლების მმართველობით, რადგან იგი ვერ გაუმკლავდა პანდემიას, ვერ შეამცირა სიღარიბე, ინფლაცია, კორუფცია და ვერ აღმოფხვრა სხვა პრობლემები. მათ თავიანთი პროტესტი საარჩევნო ურნებთან დააფიქსირეს და არჩევნების პირველ ეტაპზე მხარი ცვლილებებს დაუჭირეს. 

მსგავსი სიახლეები