-

2016 წლის თებერვალში, როცა ისტორიულ რეფერენდუმამდე ხუთი თვეღა რჩებოდა, ლონდონის მაშინდელ მერს, ბორის ჯონსონს, საჯაროდ ჯერ კიდევ არ ჰქონია გაცხადებული, ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენას დაუჭერდა მხარს თუ გასვლას.

დრო აღარ იცდიდა. ბრიტანელებს უნდა გაეგოთ, რას ფიქრობდა ეპოქის უმნიშვნელოვანეს საკითხზე ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოლიტიკოსი. ჯონსონმა გადაწყვიტა, თანამემამულეებისთვის თავისი პოზიცია გაზეთ ტელეგრაფის 22 თებერვლის, ორშაბათი დილის გამოცემის ფურცლებიდან ემცნო. შესაბამისად, სტატია წინა საღამოს უნდა გაეგზავნა.

წერა პარასკევ ნაშუადღევს დაიწყო. სტატია, რომელშიც ბორის ჯონსონი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას უჭერდა მხარს, შვიდის ნახევრისთვის თავის ცოლსა და ორ თანაშემწეს გაუგზავნა.

რაღაც მაინც არ ასვენებდა - მრავალწლიანი ჟურნალისტური გამოცდილების მქონე, ოთხი წიგნის ავტორი ბორისი წერის ხასიათზე მოვიდა. შემდეგი ათასი სიტყვა ნახევარ საათში დაწერა. საღამოსთვის მეორე სტატია უკვე მზად ჰქონდა და ცხრა საათზე ცოლს გაუგზავნა. ამჯერად, სტატიაში მხარს ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენას უჭერდა.

მეორე დღეს ახალი სტატია მრჩევლებსაც წააკითხა, მათი აზრი მოისმინა და მესამე, შემაჯამებელი სტატიის წერას შეუდგა. შაბათ-კვირას დასთან ერთად აგარაკზე ატარებდა, თუმცა ლეპტოპს არ მოსწყვეტია. ლონდონში კვირასვე დაბრუნდა და როცა მის სახლთან მისი მრჩეველი მივიდა, 30 ჟურნალისტი უკვე გარეთ იდგა. ორშაბათის დილამდე მოცდა აღარ გამოდიოდა.

ცოტა ხანში ტელეგრაფში დარეკა და თავისი საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ ამცნო. ჟურნალისტებთან გასვლამდე 15 წუთით ადრე მრჩეველმა შეახსენა, რომ ევროკავშირში დარჩენის მომხრე, თანაპარტიელი პრემიერ-მინისტრისთვისაც ეთქვა, რა გადაწყვიტა.

ჯონსონმა კამერონს მოკლე მესიჯი მისწერა და უთხრა, რომ ცოტა ხანში განცხადებას გააკეთებდა. საბოლოოდ, 2016 წლის 21 თებერვლის 5 საათზე ლონდონის მერი ბორის ჯონსონი თავისი სახლის წინ შეკრებილ ჟურნალისტებთან გამოვიდა და განაცხადა:

„ყველაზე მეტად ის არ მინდოდა, რომ დევიდ კამერონის ან მთავრობის წინააღმდეგ წავსულიყავი. მაგრამ დიდი გულისტკივილის შემდეგ ვფიქრობ, სხვა არაფერი დამრჩენია. მე [ევროკავშირიდან] გასვლას დავუჭერ მხარს, რადგან ამ ქვეყნის ხალხისთვის უკეთესი კურსი მინდა“.

ალი ქემალი და ალ ჯონსონი

“როცა ბორისი ოთხი წლის იყო და ეკითხებოდნენ, რა უნდოდა გამოსულიყო, „მსოფლიოს მეფეს“ პასუხობდა“ - რეიჩელ ჯონსონი, ბორისის და.

ალექსანდერ ბორის დე პფეფელ ჯონსონი 1964 წლის 19 ივნისს ნიუ-იორკში დაიბადა, სადაც  მამამისი, სტენლი ჯონსონი, იმხანად კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლობდა.

ჯონსონი სტენლის დიდი ბებიის გვარია - ბორისის დიდი ბაბუა, ალი ქემალი თურქი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი იყო, რომელიც 1919 წელს სამი თვით ოტომანთა იმპერიის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობასაც იკავებდა. ალის ნახევრად ინგლისელი ცოლი ჰყავდა, რომელიც ბორისის ბაბუაზე, ოსმან ქემალზე მშობიარობის შემდეგ მალევე გარდაიცვალა. ალიმ ოსმანი ინგლისელ ბებიასთან ჩაიყვანა, თვითონ კი თურქეთში დაბრუნდა. ოსმან ქემალი ინგლისში გამზრდელი ბებიის გვარზე გადავიდა და ვილფრედ ჯონსონი გახდა. ალი ქემალი 1922 წელს ათათურქის მომხრეებმა მოიტაცეს და წამებით მოკლეს.

სტენლი სამუშაოს და საცხოვრებელს ხშირად იცვლიდა - ხან ამერიკაში, ხან ინგლისში, ხანაც - ბელგიაში. სანამ სტენლი ჯონსონი პირველ ცოლს, ბორისის დედას დაშორდებოდა, ოჯახმა სახლი 32-ჯერ გამოიცვალა.

სახლთან ერთად ბორისი ხშირად იცვლიდა სკოლასაც. 8-დან 11 წლამდე, როცა მამამისი ევროკომისიაში გადავიდა სამუშაოდ, ბორისი ბრიუსელის ევროპულ სკოლაში შევიდა, სადაც ფრანგული ისწავლა. ამ სკოლაში თავს ბრიუსელში დაბანაკებული ევროკრატების შვილები იყრიდნენ - ბორისამდე რამდენიმე წლით ადრე იქ ევროკომისიის ახლანდელი პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სწავლობდა, ბორისი იქ შეხვდა თავის მეორე ცოლს, მარინა უილერს.

ელიტების ინკუბატორში

ბორის ჯონსონი გარდატეხის ასაკს იტონის კოლეჯში შეხვდა. 1440 წელს დაარსებული იტონის ვაჟთა პანსიონი ბრიტანეთის ყველაზე პრესტიჟული სკოლაა - ტრადიციულად, იქ მოხვედრა ელიტური პრივილეგია იყო. რამდენადაც იტონელი ბიჭები მშობლების პრივილეგირებულ პოზიციას იბარებდნენ, სკოლას მუდამ ბრიტანული მმართველი კლასის ჩაკეტილობის სიმბოლოდ ხატავდნენ. ბრიტანეთის 56 პრემიერმინისტრიდან 21 იტონში დადიოდა, დევიდ კამერონის და ბორის ჯონსონის ჩათვლით. იტონში დადიოდნენ პრინცი უილიამი და მისი ძმა ჰარიც. სკოლაში სწავლის წლიური საფასური ამჟამად 42,500 ფუნტი, ანუ 170 000 ლარზე მეტია.

იტონში წასვლამდე ჯონსონი ინგლისში მოსამზადებელ სკოლაში დადიოდა, სადაც მისი დამრიგებელი ამბობდა, რომ არასდროს შეხვედრია მოსწავლე, რომელიც სიახლეებს მასავით სწრაფად ითვისებდა. ამიტომ, ძვირიან სკოლაში სასწავლებლად სტიპენდიის მოპოვება არ გასჭირვებია.

იტონში სწავლისას ალექსანდერ ბორის დე პფეფელ ჯონსონის პიროვნება მთლიანად გადასხვაფერდა, რისი ყველაზე მკაფიო გამოხატულებაც მისი სახელია - სინამდვილეში, იქამდე მას ბორისს არავინ ეძახდა. „ყველა, ვინც ბავშვობიდან იცნობს, ალექსანდერს ეძახის. ერთხელაც რომ მართლა ბორისი დავუძახო, საქმე მართლა სერიოზულად უნდა იყოს“, - ამბობდა დედამისი. როცა იტონში გაიგეს, რომ ალ ჯონსონს მეორე, უცხოური სახელიც ჰქონდა, მისთვის ყველამ ბორისის დაძახება დაიწყო, მათ შორის მასწავლებლებმაც.

იტონში ალ ჯონსონის ახალმა პერსონაჟმა - ბორისმა - გაჩეჩილი თმით და ხან დაკუჭული, ხან კიდევ დიდი ზომის ტანსაცმლით დაიწყო სიარული. ფეთხუმი და კომიკური შთაბეჭდილების მიუხედავად, ანდაც სწორედ ამის გამო, ბორისი სკოლაში პოპულარული ფიგურა გახდა.

მისი იმდროინდელი მეგობრები იხსენებენ, რომ სკოლის თეატრალურ დადგმაში ტექსტის დაზეპირება ეზარებოდა, თავის ფრაზებს ფურცლებზე წერდა და სცენის გარშემო ისე დებდა, რომ სპექტაკლის დროს წაეკითხა, მაგრამ ბოლოს ამასაც არასწორად კითხულობდა, თანაც ისე, რომ არაფრის შელამაზებას არ ცდილობდა. შედეგი? ყველა სიცილით სკდებოდა და ბოლოს ბორისის მიმართ გულგრილი არავინ რჩებოდა.

ახალი იმიჯის შესაბამისად, ბორისი აკადემიური სიბეჯითითაც არ ბრწყინავდა. „დროა, თავის სტიპენდიას მეტი გულმოდგინებით მოეკიდოს“, ეწერა სკოლის ანგარიშში მის შესახებ, სადაც შემდეგ ვკითხულობთ - „ბორისს შეუძლია, გამორჩეული კლასიკური ფილოლოგი გახდეს“.

იტონის დამთავრების შემდეგ ჯონსონი სწორედ ამ გზას დაადგა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ბალიოლის კოლეჯში კლასიკური ფილოლოგიის მიმართულებით გააგრძელა სწავლა.

იტონის მსგავსად, სანიმუშო მოსწრების სტუდენტი არც ოქსფორდში ყოფილა, თუმცა პოპულარობა არც აქ აკლდა, რისი გარანტიც ისევ მისი თვითირონიული პერსონაჟი იყო - თუ სხვა იტონელები ოქსფორდში ელიტური წამომავლობის შენიღბვას ცდილობდნენ, ბორისს მსგავსი არაფერი უცდია და სამაგიეროდ, თავის სოციალურ სტატუსს საკუთარ თავზე ხუმრობით დასცინოდა.

ხუმრობას ბორისისთვის ხელი არ შეუშლია, ბულინგდონის კლუბის წევრი გამხდარიყო. 200 წლის ბულინგდონი ოქსფორდის ელიტური საძმოა, რომლის წევრები ბრიტანეთის საზოგადოების წარჩინებული წრეების წარმომადგენლები არიან. საძმომ მთელ ქვეყანაში საკუთარი ტრადიციით გაითქვა სახელი, რომელიც მდიდრულ ადგილებში თავშეყრას, იქაურობის აოხრებას, ძვირფასი ჭურჭლის დამსხვრევას და რაც მთავარია, ამ ყველაფრის კონპენსაციას მოითხოვს. ბულინგდონში ყოფნისას კლუბის კიდევ ერთი წევრი მისი სკოლისდროინდელი ნაცნობი დევიდ კამერონი იყო.

თუმცა ოქსფორდში ბორისი უმეტესობამ დებატების საზოგადოებიდან გაიცნო, სადაც დამსწრეებს მაღალფარდოვანი, ხმარებიდან გადასული ფრაზებისა და თანამედროვე კულტურაზე ხუმრობის ერთმანეთთან შეზავებით ართობდა.

1985 წელს ბორისმა დებატების საზოგადოების პრეზიდენტობაზე იყარა კენჭი. დებატების საზოგადოების პრეზიდენტობა ოქსფორდში დიდი პატივია, სადაც სხვადასხვა დროს ბევრი გამოჩენილი ადამიანი აურჩევიათ, მათ შორის ბრიტანეთის პრემიერმინისტრები - უილიამ გლადსტონი და ჰერბერტ ჰენრი ასკუიტი.

პირველ ჯერზე ბორისმა წააგო - მისმა ოპონენტმა წარმატებით გამოიყენა ის ფაქტი, რომ ელიტური წარმომავლობა სტუდენტებში ცუდ ტონად ითვლებოდა და ბორისს იტონის და კონსერვატიული პარტიის მხარდაჭერის გამო დასცინოდა.

დამარცხებამ ბორისს ფარ-ხმალი არ დააყრევინა. იმხანად, ბრიტანეთის ლეიბორისტულ პარტიას ლიდერთა ნაწილი გამოეყო, რომლებმაც ზომიერი მემარცხენე, სოციალ-დემოკრატიული პარტია დააარსეს. როგორც ამბობენ, კონსერვატორის იმიჯის მოსაშორებლად ოქსფორდის დებატების საზოგადოების მომდევნო წლის არჩევნებამდე ბორისი ყველას არწმუნებდა, რომ ახალგაზრდებში პოპულარული სოციალ-დემოკრატების მხარდამჭერი იყო. ახალმა ტაქტიკამ გაამართლა და საბოლოოდ, ბორისი საზოგადოების პრეზიდენტად მაინც აირჩიეს.

უკან ბრიუსელში

”ყველაფერს, რასაც ბრიუსელში ვწერდი, კონსერვატიულ პარტიაზე გამაოგნებელი, ფეთქებადი ეფექტი ჰქონდა. მემგონი, მართლა ამან მომცა ძალაუფლების უცნაური განცდა“, - ბორის ჯონსონი გაზეთ ტელეგრაფის ბრიუსელის კორესპონდენტად გატარებულ წლებზე.

სწავლის დასრულების შემდეგ ბორისი ჟურნალისტობას შეუდგა და ბრიტანეთის წამყვან გაზეთში, ტაიმზში დაიწყო მუშაობა, სადაც დიდხანს არ გაჩერებულა - რამდენიმე თვეში იმიტომ გაუშვეს სამსახურიდან, რომ სტატიაში თავის ნათლიის გამოგონილი ციტატა ჩაწერა. თუმცა კარგი კავშირების წყალობით უმუშევრად დიდხანს არ ყოფილა - ცოტა ხანში ტაიმზის კონკურენტ გაზეთში, კონსერვატიულ ტელეგრაფში შეუდგა საქმეს.

ბორისი კარიერის დასაწყისში

1989 წელს ტელეგრაფმა 25 წლის ბორის ჯონსონი ბრიუსელში გაგზავნა, სადაც მან მომდევნო ხუთი წელი გაატარა. ამ პერიოდში ევროპამ ფუნდამენტური ცვლილებები განიცადა - ევროგაერთიანება ევროკავშირი გახდა, დაიწყო მუშაობა ევროს შექმნაზე, გერმანია გაერთიანდა...

ამისდა მიუხედავად, ბრიტანული მედიის მიერ ბრიუსელის ამბების გაშუქება ისეთივე მოსაწყენი და მონოტონური იყო, როგორც იქაური ბიუროკრატია. დევიდ სეპსტედი, ვის თანაშემწედაც ბორისი ტაიმზში მუშაობდა, ამბობდა, რომ მისი შთაბეჭდილებით, ბორისის ამბიცია მუდამ ის იყო, რომ მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩენილიყო - „რეპორტიორობა მისთვის მხოლოდ და მხოლოდ უფრო კაშკაშა კარიერამდე მიმავალი გზა იყო“.

სწორედ ამ გზას დაადგა ჯონსონი ბრიუსელში, როცა იქ მიმდინარე ბიუროკრატიული პროცესებიდან ბრიტანელებისთვის, და კერძოდ, ტელეგრაფის მკითხველი კონსერვატორებისთვის, სახალისო ამბების შეთხზვა დაიწყო.

პრეზერვატივების ზომის სტანდარტიზება, ლოკოკინების თევზებად კლასიფიცირება, ფერმიდან წამოსული სუნის სიმძაფრის რეგულირება - ეს იმ სათაურების მცირე ჩამონათვალია, რომლებითაც ბორისი ტელეგრაფის მკითხველების სენტიმენტებს აღაგზნებდა.

ბორისის მოყოლილ ამბებში, რომლებიც ტექნიკური დეტალების  მუხანათურ ინტერპრეტაციას ეფუძნებოდა, ბრიუსელის ბიუროკრატია მზარდი და დაუნდობელი მონსტრი იყო, რომელსაც ბრიტანეთის ტრადიციები, კანონები და წეს-ჩვეულებები თავისი არაადამიანური და აბსურდული წესებით უნდა შეებღალა.

მისი იმდროინდელი თანაშემწე პატრისია პერნელი ჰყვება, რომ ბორისი ყოველი სტატიის დაწერამდე კაბინეტში იკეტებოდა და ხმამაღლა გაიძახდა უწმაწურ სიტყვებს. სტატიის გამოსვლის შემდეგ მის ინგლისელ კოლეგებს თავიანთი რედაქტორები იკლებდნენ - ეს ამბავი ჩვენ როგორ გამოგვრჩაო. შემდეგ ირკვეოდა, რომ „ამბავი“ დიდწილად ბორისის გაზვიადების შედეგი იყო.

ბრიუსელის ბიუროკრატებს თმაგაჩეჩილი ინგლისელი ჟურნალისტის დანახვა აღარ უნდოდათ. “ვპასუხობთ, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ სასაცილოს ვერაფერს ვეუბნებით ხოლმე “, - ჩიოდა ზოგი მათგანი ბორისზე, რომელიც ყველა პრესკონფერენციაზე იგვიანებდა და შეკითხვებს განზრახ დამტვრეული ფრანგულით სვამდა.

„უამრავ დიპლომატს ვიცნობდი, ვინც არც კი ელაპარაკებოდა, ჩაწერის გარეშეც, რადგან არ ენდობოდნენ. არაფორმალურ მიღებებზეც არ პატიჟებდნენ, რადგან იცოდნენ, რომ ყველაფერი შეეძლო გამოექვეყნებინა“, - ამბობდნენ სხვები.

1994 წელს, როცა ბორისი ინგლისში ტელეგრაფის მთავარ მესვეტედ დაბრუნდა, კონსერვატიული მედიის ვარსკვლავი იყო. იმასაც ამბობენ, რომ ბრიუსელის წლებმა მარგარეტ ტეტჩერის საყვარელ ჟურნალისტად აქცია.

დამატებითი შემოსავალი

1999 წელს ბორის ჯონსონი კონსერვატიული ჟურანლის, The Spectator-ის მთავარ რედაქტორად დანიშნეს. როგორც ჟურნალის მაშინდელი მფლობელი, კონრად ბლეკი ყვება, ბორისისგან პირობა მიიღო, რომ პოლიტიკაში ჩართვას არ ეცდებოდა. ბორისმა სიტყვა ორ კვირაში გატეხა.
ამ დროისთვის პოლიტიკაში ბედი უკვე ჰქონდა ნასინჯი - 1997 წლის არჩევნებში, როცა 18 წლიანი მმართველობის შემდეგ კონსერვატორები გამანადგურებელი სხვაობით დამარცხდნენ, ბორისი ჩრდილო უელსის ერთ-ერთ ოლქში მათი კანდიდატი იყო.

The Spectator-ის რედაქტორობისას

ბრიტანეთში დამწყები პოლიტიკოსები პირველ ჯერზე ხშირად ისეთ ოლქში იყრიან კენჭს, სადაც მათ პარტიას მოგების დიდი შანსები არ აქვს. ასე იყო ბორისის შემთხვევაშიც 1997 წელს - თავის ოპონენტზე ლამის სამჯერ ნაკლები ხმა აიღო.  შემდეგ ჯერზე სურდა, კონსერვატორებისთვის უფრო ხელსაყრელ ოლქში გამხდარიყო კანდიდატი.

საწადელსაც მიაღწია. 2001 წლის არჩევნებზე, რომელიც კონსერვატორებმა ისევ გამანადგურებელი სხვაობით წააგეს, ბორისმა კენჭი ჰენლის ოლქში იყარა. ჰენლი ,როგორც ბრიტანეთში ეძახიან, კონსერვატორებისთვის „შენახული ადგილი“ იყო - წინა 27 წლის განმავლობაში იქ სულ კონსერვატორების კანდიდატი, მარგარეტ ტეტჩერის დაუძინებელი მეგობარი, მაიკლ ჰეზელტაინი იგებდა. ჰენლიში მოგება რთული არც ბორისისთვის გამოდგა და შედეგად, 2001 წელს პირველად გახდა პარლამენტარი.

პოლიტიკური კარიერის განვითარების პარალელურად და გატეხილი სიტყვის მიუხედავად, ბორისი მეორე სამსახურსაც ინარჩუნებდა, თანაც, ერთი შეხედვით, არც თუ ისე წარუმატებლად - მისი რედაქტორობისას The Spectator-ის გაყიდვები გაიზარდა, ბორისი კი ტელევიზორში სულ უფრო ხშირად ჩნდებოდა და იტონში შექმნილი საკუთარი პერსონაჟით სახელს კიდევ უფრო ითქვამდა.

თუმცა ბორისის პოლიტიკურ-ჟურნალისტური თაფლობის თვეები დიდხანს არ გაგრძელებულა - მალე ორივეგან სერიოზული პრობლემები შეექმნა, თანაც ისე, რომ ერთი მეორესთან კავშირში იყო.

ქალები და ბავშვები

„ბორისი ქალებს სერიოზულად ვერ იღებს. 2015-16 წლებში რეფერენდუმის კამპანიისას და 2019-20 წლებში მთვრობაში ყოფნისას მნიშვნელოვან თანამდებობებზე ბრწყინვალე ქალები მოვიყვანე. ბორისი, ისევე, როგორც ბევრი სხვა კაცი - პოლიტიკასა და მთავრობაში - მათ სულ წვალებით უსმენდა. ერთმა ქალმა, რომელიც ბორისს ძალიან კარგად იცნობს და მასთან ახლოს უწევდა მუშაობა, შარშან მითხრა: „ქალებს სერიოზულად ვერ იღებს, ძუძუებს თვალებს ვერ წყვეტს და ისე გველაპარაკება, თითქოს იდიოტები ვიყოთ.“ - დომინიკ კამინგსი, ევროკავშირიდან გასვლის კამპანიის დირექტორი (2015-16) და ბორის ჯონსონის უფროსი მრჩეველი (2019-20).

წლების განმავლობაში, თუ ბორის ჯონსონის ვიკიპედიის გვერდზე შეხვიდოდით და შვილების რაოდენობას დახედავდით, მისი პიროვნების რაობას ნაწილობრივ მაინც ჩასწვდებოდით. „5 ან 6“ - ბრიტანელმა ხალხმა ზუსტად არ იცოდა, პრემიერმინისტრს რამდენი შვილი ჰყავდა.

ბორისი პირველად ოქსფორდის დასრულების შემდეგ, 23 წლის ასაკში დაქორწინდა. მისი პირველი ცოლი, ალეგრა მოსტინ-ოუენი ოქსფორდში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ გოგოდ ითვლებოდა და მოდურ ჟურნალებში ხშირად ჩნდებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ ბორისი ქორწილში ნათხოვარი შარვლით მივიდა და ეკლესიაში შესვლამდე ბეჭედი დაკარგა, გასაკვირი არაა, რომ ალეგრას დარჩენილი ცხოვრების მასთან გატარების სურვილი აღარ ჰქონია.

ბორისი და ალეგრა

1993 წელს, ალეგრასთან განქორწინებიდან ორ კვირაში ბორისმა სკოლის მეგობარზე, მარინა უილერზე იქორწინა, თვენახევარში კი მეორე ცოლთან პირველი შვილი შეეძინა. მომდევნო ექვს წელიწადში მარინას და ბორისს კიდევ სამი შვილი ეყოლათ.

თუმცა ამ ქვეთავის დაწერას აზრი იმდენად აქვს, რამდენადაც ბორისის ქაოტური პირადი ცხოვრება მის პროფესიულ კარიერასთან არაერთხელ გადაიკვეთა და წინ აღუდგა. ასეთი რამ კი პირველად 2004 წელს მოხდა, როცა ცნობილი გახდა, რომ ბორისს The Spectator-ის ჟურნალისტთან, პეტრონელა უიატთან ოთხწლიანი ურთიერთობა ჰქონია. ამ პერიოდის განმავლობაში უიატი ორჯერ დაორსულდა - ერთხელ აბორტი გაიკეთა და ერთხელ მუცელი მოეშალა.

ამ ამბის გახმაურების შემდეგ კონსერვატორების მაშინდელმა ლიდერმა, მაიკლ ჰოვარდმა ჯონსონი ჩრდილოვანი კაბინეტიდან გაათავისუფლა. იმავე პერიოდში ბორისი The Spectator-იდანაც გაუშვეს. შედეგად, როცა 2005 წელს, ლეიბორისტებთან ზედიზედ მესამედ წაგების შემდეგ კონსერვატორების ლიდერი ბორისის სკოლელი და უნივერსიტეტელი დევიდ კამერონი გახდა, რომელსაც ახალი სახეების წინა პლანზე წამოწევა ჰქონდა განზრახული, ბორისი უკანა რიგებში დარჩა.

ბორისის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულმა მორიგმა სკანდალმა ბრიტანული პრესა 2010 წელს ააჭრელა, მას შემდეგ, რაც ტაბლოიდმა Daily Mail-მა დაწერა, რომ არტ-კონსულტანტმა ჰელენ მაკინტაირმა ერთ წლით ადრე ბორის ჯონსონისგან შვილი გააჩინა.

მაკინტაირმა გაზეთს კი უჩივლა, თუმცა სასამართლომ დაადგინა, რომ საზოგადოებას ბორის ჯონსონის „უტიფრობის“ შესახებ უნდა სცოდნოდა. სწორედ ამ სასამართლო პროცესისას დაიწყო საუბარი იმაზეც, რომ ბორისს და ჰელენ მაკინტაირს შეიძლებოდა, მეორე შვილიც ჰყოლოდათ. ბორისმა მხოლოდ რვა წლის შემდეგ დაადასტურა, რომ მაკინტაირთან მარტო ერთი შვილი ჰყავდა.

ბორისის ვაჟი, თეოდორ აპოლო ჯონსონი ლონდონში. წარწერა უკან: ბორისი - მატყუარა, რასისტი, ოპორტუნისტი

ბორისი და მარინა 2018 წელს გაიყარნენ. ამ დროიდან ბორისი მასზე 24 წლის უმცროს თანაშემწესთან, კერი საიმონდსთან ცხოვრობს, რომელთანაც 2021 წელს იქორწინა და უკვე ორი შვილი ეყოლა. კერის, რომელიც კონსერვატიულ პარტიაში მუშაობდა, ბორისზე დიდი პოლიტიკური გავლენა აქვს.

დომინიკ კამინგსი ყვება, რომ როცა პრემიერმინისტრის უფროს მრჩევლად მუშაობდა, დღისით ბორისს თვითონ უყვიროდა, ღამით კი კერი. სამსახურის დაკარგვას კი სწორედ საიმონდსთან კონფლიქტს აბრალებს. თუმცა ყვირილი მარტო კერის არ უყვარს - დაუნინგის 10-ში გადასვლამდე რამდენიმე დღით ადრე, როცა კერის ბინაში ცხოვრობდნენ, მეზობლებმა ყვირილის და ბრახუნის ხმა გაიგეს. როცა კარებზე დააკაკუნეს, არავინ გააღო, შემდეგ კი პოლიციაში დარეკეს. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ვითარება განმუხტული დახვდათ.

ქამელეონი

“პოლიტიკური მოსაზრებები არ მაქვს“ - ასე მიუგო ერთხელ ბორისმა კოლეგას ტელეგრაფში მუშაობისას, ბრიუსელიდან დაბრუნების შემდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ 2000-იანების შუაში კამერონის ”მოდერნიზატორების“ წრის გარეთ დარჩა, ბორისის პოლიტიკურ კარიერას რეპუტაციული ზიანი დიდხანს არ გაჰყოლია - 2005 წელს საპარლამენტო მანდატი ადვილად შეინარჩუნა, კამერონმა ჩრდილოვან კაბინეტში მეორეხარისხოვანი თანამდებობა მისცა, 2008 წელს კი კონსერვატორებმა ლონდონის მერობის კანდიდატად წარადგინეს.

ლონდონში, მულტიკულტურულ და ლიბერალურ ქალაქში, ბორისის მეტოქე მოქმედი მერი, ლეიბორისტების მემარცხენე ფრთის წარმომადგენელი კენ ლივინგსტონი იყო. ბორისმა ლივინგსტონი 2008-შიც დაამარცხა და 2012-შიც. არც იქამდე და არც იმის მერე ლონდონს კონსერვატიული პარტიიდან სხვა მერი არ ჰყოლია (თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ლონდონის მერის თანამდებობა 2000 წლიდან შემოიღეს).

ბორისის რვაწლიანი მერობის შეფასებისას ამბობენ, რომ მისი მთავარი მიღწევა ის იყო, რომ ბევრი არაფერი გაუფუჭებია. გაკეთებით კი ისეთი რაღაცების კეთება უყვარდა, რაც მარტივი და თვალშისაცემი იქნებოდა - ასე გაჩნდა ლონდონში „ბორისის ავტობუსები“ და „ბორისის ველოსიპედები“.

ბორისის მერობას დაემთხვა ლონდონის ოლიმპიადა, რომლის დროსაც ბორისმა ყველაზე დასამახსოვრებელი ის ქნა, რომ ზიპლაინის თოკს გამოება და კამერებთან იპოზიორა. მერობის დასასრულს მის საქმიანობას იმაზე ორჯერ მეტი ლონდონელი აფასებდა დადებითად, ვიდრე უარყოფითად.

ლონდონს 2012 წელს ფოტოგენური მერი ჰყავდა

როგორ მოახერხა ბორისმა, რომ სკანდალებისა და გაფუჭებული რეპუტაციის მიუხედავად, ორჯერ მოიგო ლონდონში, ქალაქში, სადაც კონსერვატორები, ტრადიციულად, გულზე არ ეხატებათ? ამისი ახსნა, ნაწილობრივ, ბორისის პოლიტიკურ ბუნებაშია - კარიერის მანძილზე ამომრჩევლის განსხვავებული ჯგუფის გულის მოსაგებად თავისი პოზიციები არაერთხელ გადაისხვაფერა.

ლონდონში კი ისეთი იყო, ლონდონელებს რომ მოსწონებოდათ - დედაქალაქში ცხოვრების გაძვირების ფონზე, კამერონის მთავრობის მიერ ხარჯების შემცირებაზე ჩიოდა, თავად კი ლონდონის მინიმალური ხელფასი გაზარდა.

სოციალურ საკითხებზე, ჭრელი და კოსმოპოლიტური ლონდონის საამებლად, ლიბერალურ ხაზს მიჰყვებოდა - მხარი დაუჭირა უკანონო იმიგრანტების ამნისტიას, ერთხელ კი ტრამპიც შემოელანძღა. 2015 წელს, ჯერ კიდევ აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა თქვა, რომ მუსლიმების მომრავლების გამო, ლონდონის ზოგიერთ უბანში გავლა აღარ შეიძლებოდა. პასუხად ბორისმა აშშ-ს მომავალი პრეზიდენტი „გამაოგნებელ უმეცრებაში“ დაადანაშაულა და „პრეზიდენტის თანამდებობისთვის შეუფერებელი“ უწოდა.

თუმცა მერობის მეორე ვადის მიწურულს ბორისის კარიერაში ახალი ეტაპი უნდა დამდგარიყო, რომელიც, პოლიტიკაში მოსვლის მსგავსად, მის მიერ გატეხილი სიტყვით დაიწყო -  მერად არჩევამდე თქვა, რომ მერობის პარალელურად სხვა თანამდებობას არ დაიკავებდა, რის გამოც 2008 წელს პარლამენტი დატოვა და 2010 წელს დეპუტატობაზე კენჭი აღარ იყარა. 2015 წელს კი, როცა მერად კიდევ ერთი წელიწადი უნდა ემუშავა, პარლამენტში დაბრუნდა - ამჯერად ლონდონის გარეუბნის ოლქიდან.

მერობის ბოლო თვეებში ლონდონისთვის დიდად აღარ ეცალა - ვადა 2016 წლის მაისის დასაწყისში ეწურებოდა, 23 ივნისს კი რეფერენდუმი უნდა ჩატარებულიყო, რომლის კამპანიაშიც უკვე თებერვლიდან აქტიურად ჩაერთო.

გასვლა

ბევრს სპეკულირებენ, რა გავლენა ჰქონდა რეფერენდუმის შედეგზე იმას, რომ ბორისმა კამერონს მნიშნველოვანი მინისტრის თანამდებობაზე უარი უთხრა და გასვლას დაუჭირა მხარი.

ემპირიული მონაცემებით ვერ დავადასტურებთ, დარჩებოდა თუ არა ბრიტანეთი ევროკავშირში, პირიქით რომ ექნა. თუმცა როგორც კამპანიის წინა ხაზზე მყოფნი ყვებიან, ბორისს მართლაც დიდი გავლენა ჰქონდა.

„როცა ბორის ჯონსონი და მაიკ გოუვი შემოგვიერთდნენ, ბოლომდე დარწმუნებული ვიყავი, რომ მოვიგებდით. სერიოზული, ფართო კამპანია გავხდით, ნაცვლად იმისა, რომ მე და ბილ კეშს სომერსეტის სოფლის დარბაზებში გვეხტუნავა“, - იხსენებს საკულტო ბრექსიტერი, ჯეიკობ რის-მოგი.

კამპანიის დირექტორი, დომინიკ კამინგსი კი ამბობს, რომ „ბორისი რომ არა, გადამწყვეტ ბოლო კვირებში [ნაიჯელ] ფარაჟი ტელევიზორში ბევრად უფრო ხშირად გამოჩნდებოდა. ბორისს BBC-სთან იმის ბერკეტად ვიყენებდით, რომ ფარაჟი მოეშორებინათ და მაინც, კინაღამ ITV-ის მსგავსად გადაგვაგდეს. უკიდურესად შესაძლებელია, რომ ეს საშუალო კლასიდან 600 ათას სასიცოცხლო მნიშვნელობის ხმად დაგვჯდომოდა“ (საბოლოო სხვაობა 1.2 მილიონს ოდნავს აჭარბებდა).

ამ აზრს თავად ნაიჯელ ფარაჟიც არ ეწინააღმდეგება: „მარტო მე რომ ვყოფილიყავი, წავაგებდით, მარტივად“. ფარაჟის თანახმად, ბორისს საზოგადოების იმ ნაწილის გადარწმუნება შეეძლო, სადაც თვითონ უშანსოდ იქნებოდა.

2016 წლის ზაფხულში, გასვლის, გამარჯვებისა და კამერონის გადადგომის შემდეგ, პრემიერობის მთავარ ფავორიტად ბორისი მიიჩნეოდა. თუმცა სრულიად მოულოდნელად მაიკლ გოუვმა „ჯენტლმენური შეთანხმება“ დაარღვია და კონსერვატიული პარტიის ლიდერობის კანდიდატად საკუთარი თავი წარადგინა.

ახალი ლიდერის და შესაბამისად, პრემიერმინისტრის არჩევნების პირველ რაუნდში ხმა კონსერვატორ დეპუტატებს უნდა მიეცათ. გოუვის მიერ კანდიდატურის წამოყენების შედეგად კი ბორისი თანაპარტიელი პარლამენტარების ხმების საკმარისი რაოდენობის მოგროვებას ვეღარ ახერხებდა. ამიტომაც, ბორისი ბრძოლას ისე გამოეთიშა, რომ კანდიდატურაც არ დაუყენებია.

კონსერვატორების ახალი ლიდერის არჩევნებში მაიკლ გოუვი მესამე ადგილზე გავიდა, პრემიერმინსტრი კი ტერეზა მეი გახდა. ახალ მინისტრთა კაბინეტში ბორის ჯონსონმა კარიერაში პირველი  სამთავრობო პორტფელი მიიღო და საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა. ამ პოსტს ბორისისთვის სიმბოლური მნიშნველობა უფრო ჰქონდა - საგარეო პოლიტიკის კეთების დიდი ენთუზიაზმი იქ ყოფნისას არ გამოუმჟღავნებია.

ყველაზე დასამახსოვრებელი, რაც საგარეო მინისტრობისას ქნა, რამდენიმე კურიოზია. თანამდებობიდან ორ წელიწადში გადადგა, რის მიზეზადაც ევროკავშირიდან გასვლის პირობებზე მეისა და ბრიუსელის შეთანხმებით უკმაყოფილება დაასახელა.

მზადება სათადარიგოთა სკამზე

“მეტი შანსია, განვიცადო რეინკარნაცია ზეთისხილად... თავი წამაცალოს ფრიზბიმ... ჩავიკეტო მაცივარში... დამაბრმავოს შამპანიურის საცობმა... ვიდრე პრემიერმინისტრი გავხდე“,  - ბორის ჯონსონი, სხვასახვა დროს, საკუთარ კარიერულ პერსპექტივაზე საუბრისას.

2017 წელს მეიმ საპარლამენტო უმრავლესობის გასამყარებლად ვადამდელი არჩევნები დანიშნა, რომლის შედეგად კონსერვატორებმა საპარლამენტო უმრავლესობა საერთოდ დაკარგეს და ჩრდილო ირლანდიური პარტიის მხარდაჭერით უმცირესობის მთავრობა ჩამოაყალიბეს.

მომდევნო წლები ბრიტანეთმა კონსტიტუციურ კრიზისში გაატარა - ევროკავშირთან მეის შეთანხმება პარლამენტმა სამჯერ ჩააგდო, კონსერვატორებმა მისი უნდობლობის საკითხი დააყენეს, ამასობაში მმართველ პარტიას დეპუტატები ტოვებდნენ და უმცირესობის მთავრობის უმრავლესობა სულ უფრო თხელდებოდა... ამდენად, 2018 წელს, როცა ბორისი სამთავრობო მოვალეობებისგან გათავისუფლდა და მშობლიური ტელეგრაფის მესვეტეობა შეითავსა, ვესტმინსტერში ცვლილებების სუნი დგებოდა. ბორისს კი ყნოსვას ვერ დაუწუნებ.

2019 წლის 23 მაისს, ბრექსიტის გადადების გამო, ევროპარლამენტის არჩევნები ბრიტანეთში მაინც ჩატარდა. კონსერვატორები, რომლებიც ქვეყანას ბოლო 9 წელი მართავდნენ, მეხუთე ადგილზე გავიდნენ. მათ წინ იყვნენ ფარაჟის მიერ ახლადდაარსებული ბრექსიტის პარტია, მკვდრეთით აღდგენილი ლიბერალ-დემოკრატები, ლეიბორისტები და მწვანეები. საპარლამენტო არჩევნების ზოგ გამოკითხვაში ტორები მეოთხე ადგილამდე ჩამოქვეითდნენ.

ზაფხულში ტერეზა მეი თანამდებობიდან გადადგა. 24 ივლისს კი ბორის ჯონსონი გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი გახდა.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები რამდენიმე თვეში, 2019 წლის 12 დეკემბერს ჩატარდა. კონსერვატორებმა ისე გაიმარჯვეს, რომ 1987 წლის შემდეგ ყველაზე კარგი შედეგი ჰქონდათ. ლეიბორისტები მეორეზე გავიდნენ, მაგრამ 1935 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგით. ფარაჟის პარტიამ, რომელმაც მაისში ევროპარლამენტის არჩევნები მოიგო, ვერცერთი მანდატი ვერ მოიპოვა. იმავე არჩევნებში მეორე ადგილზე გასულმა ლიბერალ-დემოკრატებმა წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით ერთი მანდატით ნაკლები აიღეს.

სერიული გამარჯვებული

“ვფიქრობ, [საგარეო მინისტრობისას] ჰქონდა შანსი, დაემტკიცებინა ყველასთვის -  საკუთარი თავისთვისაც, მეგობრებისთვის, მხარდამჭერებისთვის - რომ გამორჩეული იქნებოდა, მართლაც რთულ დროს თუ იშვიათად კარგად გაართმევდა საქმეს თავს. ჩემი შეფასებით, ჩაფლავდა. ჩემთვის ეს ისევ მღელვარებისა და წუხილის საფუძველია... რაც არ ცვლის იმ ფაქტს, რომ უკიდურესად სასიამოვნოა, მასთან ერთად ისადილო“, - სერ ნიკოლას სოუმესი, ვეტერანი კონსერვატორი პარლამენტარი და უინსტონ ჩერჩილის შვილიშვილი ბორისზე საუბრისას 2019 წლის ივლისში. სექტემბერში ის ბორისმა 20 სხვა დეპუტატთან ერთად პარტიიდან გარიცხა.

სანამ ბორისი ტორების ლიდერი და პრემიერმინისტრი გახდებოდა, რამდენიმე თვით ადრე მასზე ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა თანაპარტიელმა The Economist-ს ასეთი რამ უთხრა: „100%-ით წარმოუდგენელია, რომ კონსერვატიული პარტიის ლიდერი გახდება... მედიის კლოუნია, სერიოზული პოლიტიკოსი კი არა. ნეხვია, რომელსაც თავისი თავის მეტი ნეხვადაც კი არაფერი უღირს.“

ბორის ჯონსონზე ეს შეხედულება კონსერვატიულ პარტიაში იშვიათი საერთოდ არ ყოფილა, ბორისის კარიერის არცერთ მონაკვეთზე. ბრალდებები არასდროს ილეოდა: საკუთარი კარიერის გარდა არაფერი ადარდებს, არავითარი მწრამსი არ გააჩნია, კოლეგების დასახმარებლად თითს არ ანძრევს, კატასტროფული საგარეო მინისტრი იყო...

ამ ყველაფრის მიუხედავად, როცა ტერეზა მეიმ თანამდებობა დატოვა, ბორისი, 2016 წლის მსგავსად, იმთავითვე მთავარი ფავორიტი გახდა. ამას ორი მთავარი მიზეზი ჰქონდა: ბორისი პარტიის მხარდამჭერებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა (ახალი ლიდერის არჩევაზე საბოლოო გადაწყვეტილება სწორედ მათ უნდა მიეღოთ) და კონსერვატორებს სჯეროდათ, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნების მოგებას სხვა ვერავინ შეძლებდა. ამდენად, ხმის მიცემის ყველა ეტაპზე ბორისი პირველ ადგილზე იყო, გადამწყვეტ რაუნდში კი მასზე კომპეტენტურ, თუმცა მოსაწყენ ტექნოკრატზე, ჯერემი ჰანტზე, ორჯერ მეტი ხმა მიიღო.

ბორისმა თანაპარტიელებს იმედები არ გაუცრუა - დეკემბერში ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატორებმა წინასთან შედარებით 48 მანდატით მეტი მოიპოვეს და დამაჯერებლად გაიმარჯვეს.

რატომ ფიქრობდნენ კონსერვატორები, რომ ყველაფრის გათვალისწინებით, ბორისი ერთადერთი იყო, ვინც პარტიას გამარჯვებას მოუტანდა? მედია და კომენტატორები მის საარჩევნო წარმატებას ხშირად „ჰეინეკენის ბორისის“ თეორიით ხსნიან - მხოლოდ მას შეუძლია, მოსახლეობის იმ ნაწილს მიწვდეს, ვისაც სხვა კონსერვატორი პოლიტიკოსების სახელის გაგონებაც არ უნდათ.

ტიმ მონტგომერი, წამყვანი კონსერვატორი ბლოგერი, 2012 წელს წერდა, რომ „ჰეინეკენის კონსერვატორი“ ბორისის ფენომენი სამ რამეს ემყარებოდა: 1) ბორისს არასდროს უღალატია  კონსერვატიული ღირებულებებისთვის 2) ბორისი მცირე მთავრობის მომხრეა, მაგრამ არა ანტი-სამთავრობო; 3) მისთვის არაფერია მიუღებელი თანამედროვე ბრიტანეთში, განადიდებს მრავალეთნიკურ ლონდონს.

მონტგომერის თანახმად, ბორისი ერთადერთი ტორი იყო, ვინც ლეიბორისტების ამომრჩეველსაც კი უყვარდა, ყველგან ცნობდნენ, მის ღონისძიებებს კი იმიტომ ესწრებიან, რომ მასთან ფოტო გადაიღონ და არა იმიტომ, რომ გადასახადებზე ელაპარაკონ.

ერთი შეხედვით, ამ თეორიას ბორისის საარჩევნო ისტორია მართლაც ამყარებს - ორჯერ მოიგო ლონდონში, სადაც კონსერვატორები ძალიან არ უყვართ, 2019 წლის არჩევნებზე კი ლეიბორისტების „წითელი კედელი“ მოარღვია - კონსერვატორებმა მოწინააღმდეგე პარტიას ათეულობით მანდატი ააცალეს ინდუსტრიულ ჩრდილოეთში, სადაც, ტრადიციულად, ლეიბორისტების ჰეგემონიას არაფერი ემუქრებოდა.

თუმცა ამას არ ეთანხმება 2016 წლის რეფერენდუმსა და 2019 წლის არჩევნებში გამარჯვების არქიტექტორი, დომინიკ კამინგსი: „ბორისი ჰეინეკენი არაა, ის არის და იყო არაპოპულარული. 2019 წელს ჩვენმა სტრატეგიამ და გზავნილმა მოიგო და არა მითიურმა ჰეინეკენის ფენოფენმა, რომელიც არ არსებობს, თუ მონაცემებს ჩახედავ“.

მაშინაც კი, როცა ტერეზა მეის მთავრობა კრიზისში იყო და პრემიერმინისტრის რეიტინგი რეკორდულად დაბალ რიცხვებამდე ჩამოვიდა, მეიზე უფრო მეტი ბრიტანელი ამბობდა, რომ პრემიერის თანამდებობისთვის შესაფერისია, ვიდრე ჯონსონზე.

სტრატეგია და გზავნილი კი შემდეგი იყო - დავამარცხებთ ჯერემი კორბინს (ლეიბორისტების მემარცხენე ლიდერი, ბორისის მთავარი კონკურენტი), დავასრულებთ უსასრულოდ გაწელილ ბრექსიტს, მივხედავთ „ხალხის პრიორიტეტებს“ (ჯანდაცვა, კრიმინალი, განათლება).

საბოლოოდ, ჯონსონმა საკუთარი არაპოპულარობის გადაფარვა და არჩევნებში გამარჯვება იმის ხარჯზე შეძლო, რომ ამომრჩეველს მოწინააღმდეგეებზე უკეთესი ალტერნატივა შესთავაზა.

ჯონსონიზმი

ახალი სტრატეგია იმას ეწინააღმდეგებოდა, რის გამოც მონტგომერიმ რამდენიმე წლით ადრე „ჰეინეკენის ტორი“ უწოდა - მცირე მთავრობის ნაცვლად, ბორისი ამომრჩეველს იმაზე მეტის ხარჯვას ჰპირდებოდა, ვიდრე სხვა რომელიმე კონსერვატორი პრემიერმინისტრი; მულტიეთნიკური ბრიტანეთის განდიდების ნაცვლად კი მუსლიმ ქალებზე ამბობს, რომ საფოსტო ყუთებსა და ბანკის მძარცველებს ჰგვანან (ის კი უნდა აღინიშნოს, რომ ბორისის მინისტრთა კაბინეტი ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე მრავალეთნიკურია).

ბორისის წარმატება მისმა ბასრმა ინსტინქტებმა უზრუნველყო. ბრიტანულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში ყველაზე უკეთ მან იგრძნო მოსახლეობის ცვალებადი განწყობა და საკუთარი თავიც მას მოარგო. „ჯონსონიზმმა“, თუ რამეს ასე შეგვიძლია ვუწოდოთ, კონსერვატიული პარტიის საზოგადოების შესაბამისად გადაწყობა განაპირობა.

1979-97 წლებში ბრიტანეთში კონსერვატიული პარტიის დომინაციას და მარგარეტ ტეტჩერის ხელმძღვანელობით ქვეყნის რადიკალურ გარდაქმნას 1997, 2001 და 2005 წლებში ლეიბორისტების დამაჯერებელი გამარჯვებები მოჰყვა. თუმცა ტონი ბლერის პარტიის წარმატებას ზომიერება განაპირობებდა - მისი ლიდერობით, ლეიბორისტებმა გარკვეულწილად აღიარეს ტეტჩერის ნეოლიბერალური რეფორმების ეფექტურობა და ამ კურსის შეტრიალებაზე - რასაც ლეიბორისტების მემარცხენე ფრთა ითხოვდა - უარი თქვეს.

2010 წელს, 13 წლიანი მმართველობის შემდეგ, ლეიბორისტები დევიდ კამერონის კონსერვატიულმა პარტიამ დაამარცხა, რომელსაც უმრავლესობისთვის ლიბერალ-დემოკრატებთან დაჭირდა კოალიცია. თუმცა პარტიებისა და თანამდებობის პირების გვარების ცვლილებით ქვეყნის კურსი დიდად არც მაშინ შეცვლილა - ბლერის ლეიბორტებსა და კამერონის კონსერვატორებს შორის იდეოლოგიური განსხვავებების პოვნა არც ისე ადვილი იყო.

სოციალური ლიბერალიზმი, ბიზნესის ხელშეწყობა, ევროკავშირის წევრობის მხარდაჭერა - 21-ე საუკუნის ბრიტანული პოლიტიკური კლასში, თითქოს, ფუნდამენტურ საკითხებზე ურყევი კონსენსუსი გაჩნდა. განსხვავებულ ძალებს შორის მნიშვნელოვან საკითხებზე კონსენსუნსი, თავისთავად, ცუდი არაა. მაგრამ თუ ეს კონსენსუსი საზოგადოებრივ განწყობებს დიდად არ ასახავს, უკვე პრობლემაა.

ბრიტანელი კომენტატორის, დევიდ გუდჰარტის თანახმად, 21-ე საუკუნეში ბრიტანეთი ორ ღირებულებით ბანაკად დაიყო: „ვინც „ნებისმიერგანაა“ და ვინც „ერთგანაა“: "ვინც „ნებისმიერგანაა“, განათლებულები და მოძრავები არიან. აფასებენ ავტონომიას, ღიაობას და ცვალებადობას. ისინი სამყაროს ნებისმიერი ადგილიდან უყურებენ. ვინც „ერთგანაა“, უფრო ფესვგადგუმულები და ნაკლებად განათლებულები არიან. აფასებენ ჯგუფურ მიჯაჭვულობას, სიახლოვეს, უსაფრთხეობას. ისინი სამყაროს კონკრეტული ადგილიდან ხედავენ - ერთგან. ჩვენ, ვინც „ნებიესმიერგან“ ვართ, მოსახლეობის მეოთხედზე ნაკლებს წარმოვადგენთ, მაგრამ ვბატონობთ პოლიტიკასა და საზოგადოებაზე (...) ჩვენ ქვეყანას ჩვენი ინტერესების მიხედვით ვმართავდით და ამას ეროვნულ ინტერესს ვეძახდით. 23 ივნისს კი დანარჩენებმა გვითხრეს - კმარა! ბრიტანული პოლიტიკის ახლებურად გადაწყობის დროა.“

2016 წლის 23 ივნისს, როცა ბრიტანელების უმრავლესობამ ევროკავშირიდან გასვლას მისცა ხმა, უარი უთხრა არამხოლოდ ბრიუსელს, არამედ ლონდონსაც - ევროკავშირში დარჩენას მხარს უჭერდა ბიუროკრატია, მედია და ბიზნეს-ელიტა, ცნობადი სახეების აბსოლუტური უმრავლესობა, ლეიბორისტები, ლიბერალ-დემოკრატები, კონსერვატორი პრემიერი, მინისტრთა და კონსერვატორ დეპუტატთა უმრავლესობა.

ამდენად, იმ პირობებში, როცა საპარლამენტო არჩევნებზე მმართველობის არსებული სისტემის ალტერნატივა არ ჩანდა, რეფერენდუმი იმის საშუალებად გადაიქცა, რომ მივიწყებულ ადამიანებს უარი ეთქვათ არა ერთი პარტიისთვის ან პრემიერისთვის, არამედ ყველასთვის ერთად.

სწორედ ამ ხალხის მხარეს აღმოჩნდა ბორის ჯონსონი, რომლის ყველაზე დიდი პირადი წარმატება ის იყო, რომ ისტებლიშმენტის სრულფასოვანი წევრობის მიუხედავად, ანტი-ისტებლიშმენტურ ფიგურად აღიქმებოდა.

2019 წელს, როცა ბორისი პრემიერი გახდა, მისი და მისი გუნდის მიზანი ევროკავშირიდან გასვლის მომხრეებიდან ახალი საარჩენო კოალიციის შექმნა იყო, რომელიც კონსერვატორებს შემდეგ არჩევნებს მოაგებინებდა.

საამისოდ ბორისმა უარი თქვა კამერონის „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკაზე, რომელიც 2008-09 წლების მსოფლიოს ეკონიმიკურ კრიზისს მოჰყვა და შედეგად, ხარჯების შემცირებამ ყველაზე მეტად მოსახლეობის ნაკლებად მდიდარი ნაწილი დააზიანა. კონსერვატორები ამომრჩეველს დაჰპირდნენ ხარჯების გაზრდას ჯანდაცვაზე, კრიმინალთან ბრძოლასა და განათლებაზე. გარდა ამისა, ჯონსონმა უარი თქვა ტერეზა მეის მიერ მთავრობის დაგეგმილ კორპორატიული გადასახადის შემცირებაზე. ნაცვლად ამისა, გადასახადი შეუმცირდა მუშათა და საშუალო კლასს.

ბრექსიტის კოალიციისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იმიგრაცია იყო. ევროკავშირიდან გასვლით ბრიტანეთს საიმიგრაციო ნაკადის უკეთესად მართვის საშუალება გაუჩნდა - ბოლო წლებში იმიგრანტების მნიშვნელოვანი წილი ბლოკში ახლად გაწევრებულ, აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებზე მოდიოდა. ბრექსიტის შედეგად კი ამ ქვეყნების მოქალაქეებმა ბრიტანეთში თავისუფლად ჩასვლის, ცხოვრებისა და მუშაობის უფლება დაკარგეს.

ამას ჯონსონის მთავრობის მხრიდან იმიგრანტების მიმართ გამკაცრებული ტონი და  ახალი საიმიგრაციო სისტემის შემოღება მოჰყვა, რითაც იმიგრაციის საკითხი პოლიტიკური დღის წესრიგიდან, ფაქტობრივად, გაუჩინარდა.

ამგვარად, თუ არც ისე დიდი ხნის წინ ტორები კორპორატიულ ინტერესებთან, ელიტასთან, შედარებით ღია საიმიგრაციო პოლიტიკასთან და სახელმწიფო სერვისების უგულებელყოფასთან ასოცირდებოდებოდნენ, ჯონსონიზმმა კონსერვატიული პარტიის ახალი სახე შექმნა, რომელიც ამ ყველაფერს აყირავებდა და შედეგად, მუშათა და საშუალო კლასებისთვის მიმზიდველი გახდა.

დასაწყისი: პირველი კრიზისი

2019 წლის ივლისში, როცა ბორის ჯონსონი გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი გახდა, ქვეყნის მთავარი გამოწვევა ბრექსიტის გაწელილი პროცესი იყო, რომელიც ქვეყანას დღითი დღე უფრო ხუთავდა.

თანამდებობის დაკავებისას ბორისის მთავარი დაპირება ევროკავშირთან ისეთი შეთანხმების მიღწევა იყო, რომელსაც მისი წინამორბედისგან განსხვავებით, პარლამენტი აღარ დაუბლოკავდა. თავდაპირველი სტრატეგია კი, ფაქტობრივად, მუქარა იყო - ბრიტანეთი ცდილობდა, ევროკავშირი შეთანხმების გარეშე გასვლის შესაძლებლობით დაეფრთხო, სანაცვლოდ კი დათმობები და უფრო ხელსაყრელი შეთანხმება მიეღო.

იმის დასამტკიცებლად, რომ არ ხუმრობდნენ, კონსერვატორებმა 2019 წლის აგვისტოსა და სექტემბერში უკიდურეს ზომას მიმართეს. ევროკავშირიდან შეთახნმების გარეშე გასვლის შესაძლებლობა, რაც ორივე მხარისთვის, უფრო მეტად კი ბრიტანეთისთვის, უდავოდ მძიმე ზიანის მომტანი იქნებოდა, ბორისის ხელში ზოგიერთ კონსერვატსაც კი აშინებდა. ამის გამო, სექტემბრის დასაწყისში 21 კონსერვატორი დეპუტატმა პარლამენტში ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ბრიტანეთს ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლის საშუალებას აღარ მისცემდა.

ბორისმა ყველა მათგანი პარტიიდან გარიცხა. მათ შორის იყვნენ უინსტონ ჩერჩილის შვილიშვილი, ორი ყოფილი ფინანსთა მინისტრი, თემთა პალატის მამა (ყველაზე მხცოვანი დეპუტატი) და შვიდი ყოფილი მინისტრი. ამ ამბის შემდეგ კონსერვატიული პარტია დატოვა ბორისის უმცროსმა ძმამ, ჯო ჯონსონმა, და განაცხადა, რომ შემდეგ არჩევნებზე კენჭს აღარ იყრიდა.

„ეს ყველაფერი თავისი უკიდურესი ცივსისხლიანობის გამო ქნა. მზად იყო სიმკაცრისა და შეუბრალებლობისთვის, მზად იყო ისტებლიშმენტი გადაეკიდებინა. ამ ყველაფერს არც ერთი სხვა კონსერვატორი ლიდერი არ გააკეთებდა“, - ყვება დომინიკ კამინგსი.

რამდენიმე დღეში მთავრობამ პარლამენტი, სულაც, ხუთი კვირით დაითხოვა. პარლამენტის დროებითი დათხოვნა ბრიტანეთში ჩვეულებრივი პროცედურაა, თუმცა ამ შემთხვევაში დათხოვნის ხანგრძლივობით და თარიღებით აშკარავდებოდა, რომ მთავრობის მიზანი პარლამენტის შესაძლო წინააღმდეგობის თავიდან მოშორება იყო.
იმ აურზაურის შედეგად, რაც ამ ამბებმა ბრიტანეთში გამოიწვია, მედიაში ვარაუდობდნენ, რომ ბორისი ცუდ დღეში იყო და შეიძლებოდა, ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე პრემიერი გამხდარიყო. თუმცა როგორც ბორისის ყოფილი მთავარი მრჩეველი ამბობს ხოლმე, ყველა წარმატება, რაც ბორისის მთავრობამ მიაღწია, მედიის იგნორირებით გახდა შესაძლებელი: საზოგადო მოლოდინის საპირისპიროდ, ოქტომბერში ბრიტანეთმა ევროკავშირისგან დათმობები მართლაც მიიღო. პარლამენტი მას იქამდე ბლოკავდა, სანამ ჩიხიდან გამოსვლის ერთადერთი გზა აღარ დარჩა - ვადამდელი არჩევნები დეკემბერში. კონსერვატორებმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს, პარლამენტმა ევროკავშირთან შეთანხმება დაამტკიცა და შედეგად, ბორისმა მთავარი დაპირება პირნათლად შეასრულა - ბრექსიტი, როგორც იქნა, დასრულდა.

მეორე კრიზისი: დასასრული?

2020 წლის 31 იანვარს, როცა გაერთიანებული სამეფო ევროკავშირიდან გავიდა და კონსერვატორებს 2024 წლამდე დიდი საპარლამენტო უმრავლესობა ჰქონდათ განაღდებული, ბორისს თითქოს ისღა დარჩენოდა, რომ მიღწეულით დამტკბარიყო და „ხალხის პრიორიტეტებისთვის“ მიეხედა.

თუმცა ასე მარტივად არ გამოვიდა და მიხვდებოდით, რატომაც. პანდემიის დასაწყისი ბორისისთვის პოლიტიკურად მძიმე გამოდგა. თავდაპირველად, მთავრობამ მკაცრი ზომები არ მიიღო და სხვა ქვეყნების მსგავსად, ახალი კორონავირუსის გავრცელებისთანავე საჯარო ყრილობები არ აკრძალა. ვირუსის სწრაფი გავრცელების გამო რამდენიმე კვირაში ლოკდაუნის შემოღება მაინც საჭირო გახდა, თუმცა დაგვიანებულმა ნაბიჯმა ქვეყანას დიდი ზიანი მიაყენა.

პანდემიის პირველ წელს ბრიტანეთს სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით ვირუსის მაღალი გავრცელება და სიკვდილიანობა ჰქონდა. ბუნებრივია, რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ბორისის რეიტინგზეც აისახა, რომელიც 2020 წლის აპრილში თავად დაავადდა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში აღმოჩნდა.

2021 წელს კონსერვატორების რეიტინგი კვლავ გაიზარდა, როცა ბრიტანეთმა აცრა ევროკავშირამდე რამდენიმე კვირით ადრე დაიწყო. თანაც, ბრექსიტის გარეშე ეს ვერ მოხდებოდა. ვაქცინაციის დაწყებამდე ევროკავშირის ქვეყნებს მარეგულირებლისგან უნდა მიეღოთ ნებართვა. საბოლოოდ, ევროკავშირმა ნებართვა სამი კვირით უფრო გვიან გასცა, ვიდრე ბრიტანეთმა. ნებართვის გაცემის შემდეგაც, ვაქცინაციის ტემპი ევროკავშირში ბევრად ნელი იყო, ვიდრე ბრიტანეთში. ევროკავშირში ვაქცინების განაწილება ბრიუსელიდან უნდა მომხდარიყო, მაშინ, როცა ბრიტანეთმა ვაქცინა წინასწარ მოიმარაგა. შედეგად, ბრიტანეთში უფრო მალე შეძლეს სიკვდილიანობის შემცირება და ქვეყნის გახსნა.

დღევანდელი მოცემულობით, კოვიდის ამბავი ბორისისთვის კარგად ნამდვილად არ მთავრდება. მეტიც - მართალია, მისი სიცოცხლე კორონავირუსს გადაურჩა, მაგრამ პოლიტიკური კარიერა, შეიძლება, ნამდვილად შეიწიროს. საქმე იმაშია, რომ როგორც გაირკვა, ბორისი 2020-21 წლებში, იმდროინდელი რეგულაციების მიუხედავად, დაუნინგის ქუჩაზე გამართულ წვეულებებს ესწრებოდა. საქმე იქამდეა მისული, რომ კონსერვატიული პარტია კენჭს უყრის მისი ნდობის საკითხს.

როგორც ხედავთ, ბორისის კარიერაში ეს პირველი სკანდალი სულაც არაა, თუმცა არც ისაა გამორიცხული, ბოლო აღმოჩნდეს. განა კანონზომიერი არ იქნება, ისევ თავისმა დაუდევრობამ იმსხვერპლოს?

განახლება: 2022 წლის 6 ივნისს კონსერვატორმა დეპუტატებმა კენჭი უყარეს ბორის ჯონსონის უნდობლობას. ბორისმა წინააღმდეგობა დაძლია - მის წინააღმდეგ წავიდა 148 თანაპარტიელი დეპუტატი, ხოლო 211-მა მას დაუჭირა მხარი. დიდი ალბათობით, ეს მაინც პიროსის გამარჯვებაა - ბორისის ავტორიტეტი შერყეულია. ძნელი წარმოსადგენია, შემდეგ არჩევნებზე კონსერვატორებს კვლავ თავად გაუძღვეს.

მსგავსი სიახლეები