-

30 აგვისტოს საღამოს მოსკოვში საბჭოთა კავშირის ბოლო ლიდერი, მიხაილ გორბაჩოვი გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი თანამდებობა 30 წელზე მეტია აღარ სჭერია და აქტიურ პოლიტიკასაც კარგა ხნის წინ ჩამოსცილდა, 91 წლის გორბაჩოვის გარდაცვალებამ სააშკარაოზე გამოიტანა, რომ ევროპას ჯერაც არ შეხორცებია ჭრილობა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სხვადასხვა წყობაში ცხოვრებამ გაჩინა. როგორც ჩანს, წინა საუკუნის განსხვავებული ისტორიული გამოცდილება ევროკავშირში დღესაც შინაგანი კონფლიქტის წყაროა. ეს კარგად ჩანს იმ რეაქციებიდან, რაც ევროკავშირის სახელმწიფოების მოქმედ და ყოფილ ლიდერებს სსრკ-ს კომპარტიის ბოლო გენერალური მდივნის გარდაცვალებაზე ჰქონდათ.

მადლიერი დასავლეთ ევროპა

„მსოფლიო მასშტაბით დაფასებული პოლიტიკოსი გერმანიის ერთიანობის მამად და ცივი ომის დასრულების შემამზადებლად მიიჩნეოდა“ - გერმანული ჟურნალი „შპიგელი“

მიხაილ გორბაჩოვის გარდაცვალებას მალევე გამოეხმაურა გერმანიის მთავრობა. ოფიციალურ განცხადებაში ეწერა: „კანცლერი შოლცი გლოვობს მამაც პოლიტიკოსს, რომელსაც უსასრულოდ ბევრს უნდა ვუმადლოდეთ. მისმა „პერესტროიკის“ პოლიტიკამ საფუძველი დაუდო ცივი ომის დასრულებას, საზღვრების გახსნასა და ევროპისა და გერმანიის ხელახალ გაერთიანებას“.

ბოლო ორი დღეა, გერმანიის პოლიტიკურ სპექტრი გორბაჩოვის მემკვიდრეობას ერთხმად მისტირის. „მწვანეთა პარტიის“ პოლიტიკოსმა და ამჟამინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ „ცივი ომის დასრულება და გერმანიის ერთიანობა [გორბაჩოვის] მემკვიდრეობაა ... ამისთვის მუდამ მადლიერები უნდა ვიყოთ“.

მთავრობის ხაზისთვის არც ოპოზიციას გადაუხვევია. ოპოზიციის ლიდერმა და „ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარემ, ფრიდრიხ მერცმა, ისიც კი მოითხოვა, რომ მოსკოვში თუ გორბაჩოვის დაკრძალვის სახელმწიფო ცერემონია გაიმართება, გერმანიის კანცლერი იქ აუცილებლად უნდა ჩავიდეს. ფრიდრიხ მერცი, რომელიც ბოლო თვეებში რუსეთისადმი კრიტიკული განცხადებებით გამოირჩევა, უცხო ქვეყნების ლიდერებსაც გადასწვდა და თქვა, რომ ასეთ შემთხვევაში, მოსკოვს სხვა ევროპული სახელმწიფოების მეთაურებიც უნდა ეწვიონ.

ევროკავშირის სიდიდით მეორე სახელმწიფოს, საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებაც მსგავს  ტონს ატარებდა. ემანუელ მაკრონმა მიხაილ გორბაჩოვს „მშვიდობის კაცი“ უწოდა და დასძინა, რომ გორბაჩოვმა ევროპის „საერთო ისტორია შეცვალა“.

აღმოსავლეთის ფრონტი უცვლელია

“ლიეტუველები გორბაჩოვს არ განადიდებენ. არ დავივიწყებთ იმ მარტივ ფაქტს, რომ მისმა ჯარმა მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცა, რათა ჩვენს ქვეყანაში თავისი რეჟიმის ოკუპაცია გაეხანგრძლივებინა. მისმა ჯარისკაცებმა ჩვენს უიარაღო დემონსტრანტებს ესროლეს და ტანკებით გალიტეს. ასე გავიხსენებთ [გორბაჩოვს]“.

ამ სიტყვებით გამოეხმაურა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი, დასავლეთ ევროპელი კოლეგების ხბოს აღტაცებას. 1989 წლის 9 აპრილის თბილისის ტრაგედიის და 1990 წლის იანვარში ბაქოში 150 ადამიანის მოკვლის შემდეგ, საბჭოთა ჯარმა ხომ სწორედ ვილნიუსში დახოცა 19 მშვიდობიანი მოქალაქე 1991 წლის იანვარში.

რამდენიმე დღეში კი ომონმა უკვე რიგაში მოკლა ოთხი ლატვიელი.

ლანდსბერგისს მხარი ლატვიელმა კოლეგამ, ედგარს რინკევიჩმა აუბა. „ცივი ომის დასრულება კარგი იყო, მაგრამ თბილისში, ვილნიუსსა და რიგაში ხალხის მოკვლაც [გორბაჩოვის] მემკვიდრეობის ნაწილია“, - დაწერა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

რა ენაზე საუბრობს ბრიუსელი?

განსხვავებული წარსული უკან დარჩა. დღეს ლიეტუვაც, ლატვიაც და ესტონეთიც ევროკავშირის წევრები არიან. ევროპულ საბჭოში, ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტში ბალტიელი პოლიტიკოსები ევროპის ბედს სხვა 21 სახელმწიფოსთან ერთად გერმანელ, ფრანგ და იტალიელ კოლეგებთან ერთად წყვეტენ. იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ყველა ქვეყანაზე ვრცელდება.

დღეს ბრიუსელი ბერლინსაც წარმოადგენს, ვილნიუსსაც, ნიქოზიასაც და დუბლინსაც. ამ ფონზე, განსაკუთრებით საყურადღებო იყო ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ტექსტი:

„მიხაილ გორბაჩოვი სანდო და პატივსაცემი ლიდერი იყო. მან ცივი ომის დასრულებასა და რკინის ფარდის ჩამოშვებაში საკვანძო როლი შეასრულა. ამან გზა გაუხსნა თავისუფალ ევროპას. ამ მემკვიდრეობას არ დავივიწყებთ“.

ევროკომისიის პრეზიდენტს არც ვილნიუსი უხსენებია და არც რიგა, რომლებიც 18 წელია, ევროკავშირს ეკუთვნის. ამან, ბუნებრივია, ბალტიის ქვეყნები გააღიზიანა. ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ტოომას ჰენდრიკ ილვესი, წერს, რომ „ჰაგიოგრაფიული ხოტბით“ დასავლეთ ევროპამ აღმოსავლეთს კიდევ ერთხელ უთხრა: „თქვენ, ევროკავშირის აღმოსავლეთის ხალხი, უმნიშვნელო ხართ, თქვენი წუხილები უმნიშვნელოა, თქვენი პრობლემები უმნიშვნელოა. ჩვენ უკეთ ვიცით. თქვენ უბრალოდ შუაში გაეჩხირეთ“.

მართალია, მიხაილ გორბაჩოვის გარდაცვალებაზე გამოხმაურებების პოლიტიკური მნიშვნელობა არ უნდა გავაზვიადოთ, თუმცა ამ დღეებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, როგორ იჩენს თავს ყოველდღიურობაში აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის განსხვავებული ისტორიული გამოცდილება. ბრიუსელს კი მედიატორობა ისევ უჭირს.

 

მსგავსი სიახლეები