დარღვევებით ჩატარებული 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქართული ოცნების საგარეო ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. პარლამენტში შესვლას არცერთი ოპოზიციური პარტია არ აპირებს, ხოლო საგარეო მიმართულებით ივანიშვილის პარტიას ევროკავშირის მხოლოდ ორმა წევრმა - სლოვაკეთმა და უნგრეთმა მიულოცა გამარჯვება.
რამდენიმე დღის წინ ქართული ოცნების წევრებისგან შემდგარმა კოლეგიამ ქვეყნის ახალი პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი აირჩია, თუმცა მას გამარჯვება მხოლოდ აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის და სერბეთის ლიდერებმა მიულოცეს.
ამის პარალელურად, საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა.
ეს პროცესი დიდი ხანია დაიწყო, თუმცა უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის დაწყების შემდეგ, ქართული ოცნების ანტი-დასავლურმა, ხშირად პრო-რუსული რიტორიკამ, მოგივანებით კი რუსული კანონის მიღებამ და ბოლოს არალეგიტიმური არჩევნების ჩატარებამ იქამდე მიგვიყვანა, რომ 2024 წლის 30 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა.
თუმცა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დინამიკა ბოლო 2 წელიწადში მკვეთრი გაუარესებისკენ მიდიოდა.
ვაშინგტონის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ ანტი-დემოკრატიული ნაბიჯების გადადგმას, რუსეთის ინტერესების გატარებას და კორუფციის ზრდას რეალური ქმედებები პირველად 2023 წლის 5 აპრილს მოჰყვა, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა "მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო," სანქციები დაუწესა 4 ქართველ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს.
იმავე წლის 14 სექტემბერს, საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის გავრცელების გამო, დასანქცირდა საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რასაც 2024 წლის სექტემბერში მოჰყვა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართული ოცნების 60 წევრსა და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების დაწესება.
სანქციების ამავე ტალღაში დასანქცირდნენ მშვიდობიანი დემონსტრანტების კრიმინალური მეთოდებით დარბევის ორგანიზატორები ზვიად ხარაზიშვილი და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, მაგრამ მათი სანქციები ბევრად მძიმეა. ამ პირების მთლიანი ქონება და ქონებრივი ინტერესები, რომლებიც შეერთებულ შტატებშია ან აშშ-ის პირების მფლობელობაში ან კონტროლშია, დაბლოკილია.
2024 წლის სექტემბერში და დეკემბერში კი სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები ქართული ოცნების 80-მდე მაღალჩინოსანს და მათ ოჯახის წევრებს დაუწესა.
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციასთან მწვავე დაპირისპირებაში მყოფი ქართული ოცნება კოსნპირაციის თეორიას ავრცელებს, რომ აშშ-ის ამჟამინდელი ხელისუფლება "გლობალური ომის პარტიის" გავლენის ქვეშ არის და 20 იანვრიდან, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ყველაფერი შეიცვლება.
რამდენიმე კვირის წინ ირაკლი კობახიძემ განაცხადა: "20 იანვარს უნდა შედგეს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, მაქსიმალურად მძიმე ფონი დაახვედროს ჩვენს რეგიონში ახალ ადმინისტრაციას. ეს დიდ გავლენას ვერ მოახდენს ჩვენს ურთიერთობებზე, როგორც კი ინაუგურაცია შედგება, ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას მივმართავთ, რათა გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. ეს არის ჩვენთვის პრიორიტეტი და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ."
თუმცა, რეალობა ასეთი ნამდვილად არ არის. აშშ-ის კონგრესში ივანიშვილის პარტიის ყველაზე მწვავე კრიტიკოსი რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია, რომელიც არც ამ ხელისუფლების ლეგიტიმურობას აღიარებს და არც ყაველაშვილის პრეზიდენტობის.
ამავდროულად, აშშ-ში ახალი ადმინისტრაციის ფორმირება მიმდინარეობს და არჩევნებში გამარჯვებულმა დონალდ ტრამპმა უკვე წარადგინა საკვანძო თანამდებობებზე მისი გუნდის წევრები, რაც გარკვეულწილად გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, როგორი იქნება მისი ადმინისტრაციის პოლიტიკა საქართველოს მიმართ.
ამისთვის კი საინტერესოა ვიცოდეთ, რა პოზიციებს აფიქსირებდნენ ისინი საქართველოს შესახებ წარსულში.
მარკო რუბიო
2024 წლის 14 ნოემბერს დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივნობის კანდიდატად ფლორიდის სენატორი მარკო რუბიო წარადგინა.
რუბიო 2010 წლიდან აშშ-ის სენატის წევრია და საგარეო საკითხებზე მუდმივად აქტიურობით გამოირჩევა. ის ხშირად აკრიტიკებდა ლათინური ამერიკის კომუნისტურ რეჟიმებს და რუსეთის მიმართაც მკაცრი პოზიციები ჰქონდა.
ამასთანავე, ის ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის ახალი სახე ნამდვილად არ არის.
რუბიოს კარგი ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს წინა ხელისუფლებასთან და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან. სენატორი ხშირად ხვდებოდა იმ მთავრობის სხვა წარმომადგენლებსაც.
ნიკა გილაური და მარკო რუბიო
2011 წელს ის ვაშინგტონში ვიზიტით მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს შეხვდა.
"სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, ამერიკელი სენატორი მარკო რუბიო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერება, საქართველოს მიერ ავღანეთში ოპერაციის მუდმივი მხარდაჭერა და რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია." - ვკითხულობთ რუბიოს ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ მაშინდელ განცხადებაში.
რუბიომ საქართველოს საკითხზე აქტიურობა 2012 წლის 1 ოქტომბერს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგაც გააგრძელა.
2013 წლის 14 მაისს ის საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. ექს-პრეზიდენტი აცხადებდა, რომ რუბიო "2016 წელს პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი იქნება. საუბრის მთავარი თემა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავება იყო."
მიხეილ სააკაშვილი და მარკო რუბიო
შეხვედრიდან რამდენიმე დღეში, ფლორიდის სენატორმა საქართველოს ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის დაპატიმრებაზე გაავრცელა განცხადება.
სენატორი წერდა, რომ "წლების განმავლობაში საქართველო დემოკრატიისა და თავისუფლების მოდელს წარმოადგენდა რეგიონში. მე ღრმად შეშფოთებული ვარ, ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ოპოზიციის ლიდერის, როგორც ჩანს პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებით. ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მნიშვნელოვანია რომ საქართველოს მთავრობამ მსგავს ტაქტიკას და საშუალებებს არ მიმართოს ოპოზიციის შესავიწროვებლად."
რუბიომ საქართველო 2014 წლის 10 თებერვალს, სენატში სიტყვით გამოსვლისასაც ახსენა: "რამდენიმე წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა და დღესაც მისი ტერიტორიები ოკუპირებული აქვს. ასევე, ზამთრის ოლიმპიადის დაწყების წინ, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის ნაწილი მიიტაცა, რომელიც, როგორც თავად აცხადებს, უსაფრთხოების ბუფერული ზონისთვის სჭირდება. ეს ქმედებები ყოვლად აღმაშფოთებელია და ეს ხდება საერთაშორისო არენაზე არსებულ არცთუ ისე დაძაბულ ფონზე."
2014 წელს საქართველოს ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო, რასაც ფლორიდის სენატორი სხვა კოლეგებთან ერთად გამოეხმაურა.
2014 წლის 1 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ამერიკელმა სენატორებმა ჯონ მაკკეინმა, ჯიმ რიშმა, ჯინ შაჰინმა და მარკო რუბიომ ერთობლივი წერილი გაუგზავნეს, რომელშიც აღნიშნავდნენ რომ "შემაშფოთებელია საქართველოს მთავრობის ძალისხმევა წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ისე გაასამართლოს, რომ პროცესი პოლიტიკასთან უფროა კავშირში, ვიდრე დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილებებთან."
შემდგომ წლებში რუბიო საქართველოს საკითხზე განცხადებებით არ გამოირჩეოდა და ძირითად აქცენტს სხვა ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებზე აკეთებდა.
მაიკლ უოლცი
12 ნოემბერს, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად კონგრესმენ მაიკლ უოლცს დანიშნავს.
უოლცი ომის ვეტერანია, რომელიც ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობისას პენტაგონში მუშაობდა და ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინის მრჩეველი იყო კონტრ-ტერორიზმის საკითხებში.
პოლიტიკაში ის 2018 წელს ჩაერთო, რონ დესანტისის ოლქში იყარა კენჭი და კონგრესის წევრი გახდა.
საკანონმდებლო ორგანოში ის ჩინეთის მიმართ კრიტიკული პოზიციებით გამოირჩეოდა, ითოხვდა 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიადის ბოიკოტირებას და ჩინეთის კომუნისტურ პარტიას უიღურების გენოციდში ადანაშაულებდა.
2020 წლის 11 ივნისს, 13 ამერიკელმა კონგრესმენმა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში ბიძინა ივანიშვილისთვის, როგორც "ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირისთვის," სანქციების დაწესება მოითხოვა.
ანგარიშში საუბარი იყო აშშ-ის შიდა და საგარეო პოლიტიკისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ამ კონტექსტში ბიძინა ივანიშვილიც იყო ნახსენები.
ანგარიშის ავტორები წერდნენ, რომ "არსებული სანქციები საკმარისად არ მიემართება პუტინის მარიონეტებს, რომლებიც ძირს უთხრიან ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს. ბიძინა ივანიშვილი, საქართველოში უმდიდრესი ადამიანი, არის ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირე და ჩართულია რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაში."
დოკუმენტის ხელმომწერები არიან წარმომადგენელთა პალატის ამჟამინდელი სპიკერი მაიკ ჯონსონი, კონგრესმენი ჯო უილსონი და ტრამპის მრჩეველი ეროვნულ უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ უოლცი
მაშინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თქვა, რომ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების მიერ მომზადებულ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტს არანაირი პოლიტიკური და საკანონმდებლო ძალა არ აქვს.
ამასთანავე, ტაბულას ინფორმაციით, კონგრესმენმა მაიკლ უოლცმა 2024 წლის 22 აპრილს, აშშ-ის კონგრესში ფილმ "ბუჩამდე იყო აფხაზეთის" ჩვენებას უმასპინძლა.
2024 წლის 30 ნოემბერს, კონგრესმენმა ჯო უილსონმა ქართული ოცნების ლიდერების სანქცირება მოითხოვა და უოლცს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტის ხელმოწერა შეახსენა.
"ჩვენ სანქციები უნდა დავუწესოთ არალეგიტიმურ რუს მარიონეტებს, რომლებიც თავს ესხმიან ქართველ ხალხს და ართმევენ სუვერენიტეტს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვას. მიხარია, რომ ამას ვითხოვდი 2020 წლის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ანგარიშში სპიკერ ჯონსონთან და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველ მაიკლ უოლცთან ერთად." - დაწერა მან X-ზე.