-

New York Times-ის ინფორმაციით, უკრაინის საზღვრის მახლობლად განთავსებულია 4 000-მდე რუსი ჯარისკაცი, გარდა ამისა, გაზეთის ცნობით, აშშ-ს სამხედრო ძალების ევროპულმა სარდლობამ მზაობის რეჟიმი მაქსიმუმამდე გაზარდა. ამერიკული ძალების ევროპულმა სარდლობამ მზაობის და დაკვირვების რეჟიმი "შესაძლო კრიზისიდან"  "პოტენციურად გარდაუვალი კრიზისით" შეცვალა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრი კულებას თქმით, დონბასში დღეს არსებული ესკალაცია ბოლო წლების განმავლობაში უპრეცედენტოა. 

ღია სამხედრო დაპირისპირების მოლოდინი განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც 23 მარტს სამხედრო წვრთნების დასრულების შემდეგ, რუსეთის არმიის ხელმძღვანელობამ სამხედრო ნაწილები არ გაიყვანა და კვლავ უკრაინის საზღვრის მახლობლად დატოვა. გარდა ამისა სოციალურ ქსელებში ვრცელდება უკრაინის მიმართულებით მიმავალი რუსული სამხედრო ტექნიკისა და ნაწილების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალები. სამხედრო ნაწილების გაძლიერება შეინიშნება ბრიანსკში, ვორონეჟში, როსტოვსა და ოკუპირებულ ყირიმში. 

თავის მხრივ, ვითარება ფრონტის ხაზზე წლის დასაწყისიდან პერიოდულად იძაბება. ფაქტობრივად აღარ მოქმედებს 2020 წლის ზაფხულში გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, რომელიც თითქმის ყოველდღიურად ირღვევა. საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა დონბასი 26 მარტს. ამ დღეს გორლოვკის მახლობლად სროლისას 4 უკრაინელი სამხედრო მოკლეს. 26 მარტის ინციდენტი ბოლო წლების განმავლობაში უკრაინისთვის ერთ დღეში ყველაზე დიდ დანაკარგად იქცა. ამასთან დაკავშირებით რადაში დაიბარეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, რუსლან ხომჩაკი. 

უკრაინული მხარის ინფორმაციით, მიმდინარე წელს რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების პოზიციებიდან სროლას 20 უკრაინელი სამხედრო შეეწირა, კიდევ უფრო მეტია დაჭრილთა რაოდენობა. ესკალაცია საგრძნობლად გამწვავდა მას შემდეგ, რაც უკრაინის ხელისუფლებამ სანქციები დაუწესა ვიქტორ მედვედჩუკს და მის მეუღლეს აქსანა მარჩენკოს. მედვედჩუკი ვლადიმირ პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრი, უკრაინის მთავარი პრორუსი პოლიტიკოსი და ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. 

რეგიონის ექსპერტები და ჟურნალისტები ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირების რისკზე საუბრობენ. რეგიონი 21-ე საუკუნეში ევროპული კონტინენტის ყველაზე სისხლისმღვრელი სამხედრო კონფლიქტის განახლების წინაშეა. სამხედრო კონფლიქტს აღმოსავლეთ უკრაინაში გაეროს შეფასებით უკვე 13 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 3 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა. 

გაყინული კონფლიქტი

 

 

აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო კონფლიქტი 2014 წელს, რუსეთის მიერ ინსპირირებული სამოქალაქო მღელვარების შემდეგ დაიწყო. ევრომაიდნის მოვლენებისა და ყირიმის ანექსირების შემდეგ, რუსეთმა ამ მიმართულებით პროპაგანდისტული მედიაკამპანია და ადგილზე მყოფი სეპარატისტების მხარდაჭერა დაიწყო.

უკრაინული რევოლუციის შემდეგ, დონეცკში პრორუსული დემონსტრაციები დაიწყო, საპროტესტო აქციებში რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა ქვეყანაში ეფექტური ხელისუფლების არ არსებობის პირობებში, მათ დაიკავეს დონეცკის ოლქის ადმინისტრაციული შენობა. 6 მარტს უკრაინელმა სამართალდამცავებმა ადმინისტრაციის შენობა გაათავისუფლეს, მაგრამ ყირიმში რუსეთთან მიერთების საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ, დონეცკში გამოსვლები ხელახლა დაიწყო. უკვე 6 აპრილს რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტი დემონსტრანტების მცირერიცხოვანმა ჯგუფმა ხელახლა დაიკავა შენობა, მეორე დღესვე კი დონეცკის სახალხო რესპუბლიკა გამოაცხადეს. 

მსგავსი სცენარით განვითარდა მოვლენები ლუგანსკში, სადაც სეპარატისტებმა 27 აპრილს უკვე ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა გამოაცხადეს. ორივე ქალაქში სეპარატისტულ მოძრაობას, როგორც წესი, რუსეთის მოქალაქეები ხელმძღვანელობდნენ. მოგვიანებით, რუსეთის მიერ შეიარაღებულმა სეპარატისტებმა დონეცკში სტრატეგიული ინფრასტრუქტურა დაიკავეს და თავიანთ კონტროლქვეშ არსებული ტერიტორიის გაფართოება დაიწყეს. შეიძლება ითქვას, რომ 2014 წლის აპრილიდან დონბასის რეგიონი საომარი მოქმედებების წერტილი გახდა, ბრძოლები გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. 

სეპარატისტების ექსპანსიას მალევე მოჰყვა უკრაინის ხელისუფლების პასუხი და ე.წ. ანტი-ტერორისტული ოპერაცია, რომელიც 15 აპრილს დაიწყო. ოპერაციის დაწყებისთანავე უკრაინულმა არმიამ რამდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა - მათ დაიბრუნეს კონტროლი ტერიტორიებზე, რომლებსაც სეპარატისტები იკავებდნენ. მომდევნო თვეებში ნათელი გახდა, რომ რუსეთის მიერ შეიარაღებული სეპარატისტები ვერ უწევდნენ წინააღმდეგობას უკრაინის ჯარს.

უკვე 2014 წლის 22 აგვისტოს რუსეთმა გადაუხვია კონფლიქტში არჩეულ ჰიბრიდულ ტაქტიკას და სამხედრო მოქმედებებში ღიად ჩაერთო. 25 აგვისტოს სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი საზღვრის მონაკვეთიდან რუსეთიდან უკრაინის ტერიტორიაზე ე.წ. ჰუმანიტარული კოლონა შევიდა. საომარ მოქმედებებში ჩაერთნენ რუსი სამხედროები, რუსული არტილერია და სატანკო ნაწილები. 

რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის პოზიცია დონბასის კონფლიქტში რუსული არმიის ჩართულობასთან დაკავშირებით ბუნდოვანი იყო. ერთის მხრივ უმაღლესი თანამდებობის პირები და მათ შორის ვლადიმირ პუტინი დღემდე უარყოფენ რაიმენაირ ჩართულობას კონფლიქტში, თუმცა სხვადასხვა დროს რუსეთის პოლიტიკური ლიდერები აღიარებდნენ, რომ ადგილზე იმყოფებოდნენ რუსი სპეციალისტები და რომ რუსეთი "დონბასის რუსულენოვან მოსახლეობას იცავდა."

რუსეთის პირდაპირი სამხედრო ჩართულობის შედეგად სეპარატისტებმა დაკარგული ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი დაიბრუნეს. 2014 წლის სექტემბერში რუსეთის, უკრაინის, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს მინსკის პროტოკოლს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. შეთანხმების მიუხედავად სეპარატისტების შეიარაღებულმა ბანდებმა ხელშეკრულება მალევე დაარღვიეს და დებალცევოს შტურმი წამოიწყეს, რაც უკრაინელი სამხედროების მარცხით დასრულდა. უკვე 2015 წლის თებერვალში ხელი მოეწერა მინსკის მეორე პროტოკოლს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონი ომის მდგომარეობაში რჩებოდა აქტიური და მასშტაბური სამხედრო მოქმედებები შეწყდა, რის შედეგადაც დონბასს გაყინულ კონფლიქტად მოიხსენიებენ. 

კონფლიქტის დაწყების მომენტიდან ამ დრომდე მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის 29 შეთანხმებას, თუმცა მათი უმრავლესობა ხელმოწერიდან რამდენიმე საათში ირღვეოდა. ყველაზე წარმატებული შეთანხმება 2016 წელს გაფორმდა, რომლის შედეგადაც საომარი მოქმედებები 6  კვირის განმავლობაში სრულად შეწყდა. მხარეებს შორის ბოლო, 29-ე შეთანხმება გასული წლის ივლისში გაფორმდა. ფორმალურად სწორედ ეს შეთანხმება მოქმედებს ამ დროისთვისაც, თუმცა ბოლო კვირების განმავლობაში ესკალაცია სულ უფრო მწვავდება. 

კონფლიქტი გალღობის პირას

 

 

სიწყნარის რეჟიმის ფაქტობრივ დარღვევაზე უკრაინული პრესა უკვე თებერვალში წერდა. უკრაინელი სამხედროების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აქტიური ბრძოლები არ მიმდინარეობს, თვითაღიარებული რესპუბლიკების შეიარაღებული ჯგუფები ფრონტის ხაზზე აქტიურად იყენებენ უპილოტო დრონებს, ასევე საუბრობდნენ პერმანენტულ სნაიპერულ ცეცხლზე. უკრაინული პრესის ინფორმაციით, დონბასში პერმანენტულად მუშაობს 10-12-მდე სნაიპერების ჯგუფი რუსეთიდან. 

"არანაირი სამშვიდობო პროცესი აღარ არსებობს, მოქმედებენ სნაიპერული წყვილები, ომი გრძელდება",- განაცხადა თებერვალში უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა. უკვე თებერვლის ბოლოს გასაგები გახდა, რომ გამწვავება ფრონტის ხაზზე პერმანენტულ ხასიათს იღებს - ყოველდღიურად იზრდება დაჭრილი და მოკლული უკრაინელი სამხედროების რაოდენობა. სეპარატისტების დანაკარგების შესახებ სარწმუნო ინფორმაცია არ არსებობს, ერთ-ერთი ინციდენტის დროს თვითაღიარებულ რესპუბლიკების მედია საშუალებები 1 გარდაცვლილზე და რამდენიმე დაჭრილზე წერდნენ, თუმცა გორლოვკის კომენდანტის ინფორმაციით გარდაცვლილთა რაოდენობა ბევრად მეტია და 20 სამხედროს აღემატება. 

თავდაპირველად რადიკალური შეფასებებისგან თავს იკავებდა პრეზიდენტი ზელენსკი, რომელიც გასული წლის ივლისში მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად მიიჩნევდა. ოპტიმიზმის მიუხედავად, უკვე თებერვალში ზელენსკიმ აღიარა, რომ უკრაინის აღმოსავლეთში დაძაბულობა იზრდება. სწორედ დონბასში მიმდინარე მოვლენები გახდა უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს სხდომის მთავარი თემა 19 თებერვალს. 

სხდომაზე საბჭოს გადაწყვეტილებით უკრაინა 2019 წელს შემუშავებულ დოკუმენტს დაუბრუნდა, რომელიც დონბასში მოვლენათა განვითარების 5  შესაძლო სცენარს მოიცავს. ამ საიდუმლო დოკუმენტზე ცოტა რამაა ცნობილი, თუმცა ცნობილია, რომ მოვლენათა განვითარების ერთ-ერთ სცენარად სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების გაგრძელება იყო. ეს კონცეფცია 2019 წელს, ნორმანდიული ფორმატის შეხვედრისთვის შეიმუშავეს. კონცეფცია იმ მიზნით შეიმუშავეს, რომ ვლადიმირ პუტინთან პირველი შეხვედრისთვის პრეზიდენტ ზელენსკის მანევრირების მაქსიმალური თავისუფლება ჰქონოდა. ამის მიუხედავად, პრესის ყურადღება არა ამ საკითხმა, არამედ საბჭოს კიდევ ერთმა გადაწყვეტილებამ მიიპყრო. 

2021 წლის 19 თებერვალს უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭომ სანქციები დაუწესა უკრაინის მთავარ პრორუს პოლიტიკოსს ვიქტორ მედვედჩუკს. ვლადიმირ პუტინი მედვედჩუკის შვილის ნათლია და მისი პირადი მეგობარია. მედვედჩუკი ამ დროისთვის ყველაზე დიდი პრორუსული ოპოზიციური პარტიის ლიდერია. 2000-იანი წლების დასაწყისში მედვედჩუკს უკრაინული პოლიტიკის რუხ კარდინალადაც მოიხსენიებდნენ. მედვედჩუკმა ფორმალური პოლიტიკური გავლენის პიკს 2004 წელს მიაღწია, როდესაც უკრაინის პრეზიდენტის, ლეონიდ კუჩმას ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გახდა. სანქციები დაუწესდა მედვედჩუკის ცოლს, ცნობილ ტელეწამყვანს, აქსანა მარჩენკოს, რომლის პოლიტიკურ პერსპექტივებზეც უკრაინაში ბევრს საუბრობენ. სანქციების სიაში მოყვა მედვედჩუკის თანაპარტიელი ტარას კაზაკი და მის საკუთრებაში არსებული სამი ტელევიზია, რომელთაც მაუწყებლობის უფლება ჩამოერთვათ. უნდა ითქვას, რომ უკრაინულ სანქციებამდე მედვედჩუკი არაერთხელ გამხდარა ამერიკული სანქციების ობიექტი. 

მედვედჩუკისთვის სანქციების დაწესება რუსეთში ახალი სპეკულაციების საფუძველი გახდა - რუსეთში დიდი ომის შესაძლებლობაზე ალაპარაკდნენ. მედვედჩუკის სანქცირებიდან მეორე დღეს, 20 თებერვალს, ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ "უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება ქვეყანაში რეაქციული ტენდენციების გაძლიერებაზე მეტყველებს." 

"შეუძლებელია ეს არ იწვევდეს აღშფოთებას და არ აძლიერებდეს კითხვას, ვინ აირჩია ასეთი რეაქციული ხაზი და ხომ არ დასრულდება ეს იმით, რომ უკრაინის ხელმძღვანელობამ კონფლიქტის მოგვარების საშუალებად სამხედრო გზა აირჩიოს",- განაცხადა პესკოვმა. მსგავსი შინაარსის კითხვები დაუსვეს უკრაინის პრეზიდენტსაც. 9 მარტს ჟურნალისტის კითხვაზე, მედვედჩუკისთვის სანქციების დაწესებას უარყოფითი გავლენა ხომ არ ექნება სამშვიდობო პროცესზე დონბასში? - ზელენსკიმ უპასუხა, რომ მას არ სურს ამ ორი ამბის დაკავშირება, მაგრამ ფაქტია, რომ სანქციების დაწესების შემდეგ პროვოკაციების რაოდენობა გაიზარდა. 

პარალელურად შესაძლო "დიდი ომის" თემა რუსული პროპაგანდისტული მედიების მთავარი თემა გახდა. თუ ჯერ კიდევ 28 თებერვალს ერთ-ერთ მთავარი რუსი პროპაგანდისტი, დმიტრი კისილოვი ზელენსკის რუსული ვაქცინის ყიდვაზე უარის თქმის გამო აკრიტიკებდა, უკვე მარტში მისი გადაცემების მთავარი თემა დიდი ომი გახდა. 7 მარტს კისილოვმა გადაცემა საგანგაშო ანონსით დაიწყო, რომლის მიხედვითაც უკრაინას დონბასში სამხედრო ტექნიკის ეშელონები შეჰყავს. აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე გაკეთებულ სიუჟეტი ეთერში გავიდა სახელწოდებით "დიდი ომისკენ".

უკრაინის მოახლოებული დაშლის თემას დაუბრუნდნენ კიდევ ერთი რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმირ სალავიოვის სტუმრებიც. სალავიოვის ერთ-ერთ გადაცემაში სრული სერიოზულობით განიხილავდნენ სარეკეტო დარტყმას ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისზე. თავად სალავიოვი ვლადიმირ პუტინს ციტირებდა, რომლის მიხედვითაც უკრაინის მხრიდან თვითაღიარებულ რესპუბლიკებზე მიტანილი სამხედრო შეტევა უკრაინულ სახელმწიფოებრიობაზე დამღუპველად იმოქმედებს. რუსეთის მიერ უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონების შემოერთების აუცილებლობაზე ალაპარაკდა კრემლის პოლიტოლოგი სერგეი მარკოვიც. 

შედარებით მოზომილი პროპაგანდისტული გამოცემა "Московского комсомолец"-ის ინფორმაციით, რუსი სამხედროები უახლოეს კვირებში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებას მოელიან. გამოცემის ინფორმაციით, ყარაბაღის ხუთკვირიან ომში აზერბაიჯანული არმიის წარმატებით შეგულიანებული უკრაინელები ახალ ომში თურქული წარმოების დრონებზე ჩამოვლენ ფსონს. 

რთული სათქმელია, რამდენად შეესაბამება გაძლიერებული მედია კამპანია რუსეთის ხელმძღვანელობის რეალურ გეგმებს, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ 2014 წლის მოვლენების დროს სამხედრო მოქმედებებს წინ მედია კამპანია უძღოდა. ამასთანავე, 11 მარტს რუსული პროპაგანდისტული მედია ჰოლდინგის, ВГТРК-ს სამხედრო კორესპონდენტმა, ანდრე სლადკოვმა საკუთარ ტელეგრამ არხზე როსტოვის ოლქში გადაღებული კადრები გამოაქვეყნა - ვიდეოზე ჩანს რუსული სამხედრო ტექნიკის კოლონა, რომელიც უცნობი მიმართულებით მოძრაობს. 

რას უნდა ველოდოთ

 

პირველ აპრილს, ვოლოდიმერ ზელენსკისა და აშშ-ს ახალ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგა. მხარეების ინფორმაციით, საუბარი 50 წუთი გაგრძელდა, საუბარი უმთავრესად უკრაინის აღმოსავლეთში შექმნილ დაძაბულ მდგომარეობას შეეხებოდა. ამერიკული პრესის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა უკრაინას მტკიცე მხარდაჭერა აღუთქვა და უკრაინაში ვიზიტის შესაძლებლობით დაინტერესდა. ჯო ბაიდენი, რომელიც ვიცე-პრეზიდენტის რანგში ობამას ადმინისტრაციაში უკრაინის საკითხს პირადად კურირებდა, კარგად იცნობს კონტექსტს და მისთვის მიმდინარე დაძაბულობა შესაძლოა პირველი სერიოზული ტესტი აღმოჩნდეს. 

ბაიდენისა და ზელენსკის სატელეფონო საუბრამდე უკრაინამ მხარდამჭერი გზავნილები მიიღო აშშ-ს თავდაცვის მდივნისგან. ოსტინ ლოიდის თქმით, რუსული აგრესიის შემთხვევაში აშშ უკრაინას მარტო არ დატოვებს და დაიცავს. მსგავსი შინაარსის გზავნილები გაჟღერდა ნატოს სამხედრო ხელმძღვანელობისგანაც. 

დღეს დილითვე გავრცელდა რუსეთის საგარეო უწყების სპეციალური განცხადებაც. МИД-ის ცნობით, რუსეთს არ სურს ვითარების ესკალაცია და სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების დაწყება. დონბასში შექმნილ ვითარებაზე საუბრისას, დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთი სამხედრო ნაწილებს თავის ტერიტორიაზე უცვლის პოზიციებს და ეს მეზობელ ქვეყნებს არ უნდა აწუხებდეს, რადგანაც ეს გადაადგილება არავისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.

რუსეთის ამგვარი მოქმედებების ახსნა შესაძლოა ის იყოს, რომ რუსეთი ერთგვარად იმედგაცრუებულია ვოლოდიმირ ზელენსკით. უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს რუსეთში ფრთხილი ოპტიმიზმით უყურებდნენ და ფიქრობდნენ, რომ ზელენსკიმ შესაძლოა დაიხიოს მისი წინამორბედის პოზიციებიდან, თუმცა ეს ასე არ მოხდა. იმ ვითარებაში, როდესაც ნორმანდიულ ფორმატში ჩატარებულ შეხვედრა ხელშესახები შედეგის გარეშე დასრულდა და მინსკის ჯგუფის მუშაობაც პარალიზებულია, რუსეთის ხელმძღვანელობის აზრით ლოკალურმა ოპერაციამ დონბასში შესაძლოა ზელენსკის დათმობისკენ უბიძგოს. 

თავის მხრივ რუსი სამხედრო ექსპერტი პაველ ფელგენგაუერი მიიჩნევს, რომ მასშტაბური ომის რისკი უახლოეს მომავალში ძალიან მაღალია. ამის მიზეზი ექსპერტის აზრით შესაძლოა მედვედჩუკისთვის სანქციების დაწესება და პრორუსული ტელევიზიების მაუწყებლობის შეჩერება იქცეს. 

"რუსეთის ხელმძღვანელობის აზრით დასავლეთი რუსეთთან ჰიბრიდულ ომს აწარმოებს უკრაინაში, ბელარუსში და ნავალნის ირგვლივ შექმნილ ვითარებაშიც. რუსი სამხედროების აზრით, რუსეთი ამ დროს არ უნდა ჩადგეს თავდაცვით მდგომარეობაში, არამედ აქტიურად უნდა გადავიდეს კონტრშეტევაზე. როდესაც უკრაინამ პრორუსული ტელევიზიები გამორთო, დასავლეთმა არაფერი გააკეთა, ეს კი მათი [რუსეთის ხელმძღვანელობის] აზრით დასავლეთის შეთქმულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთმა საპასუხო დარტყმა უნდა მიიტანოს",- ამბობს ფელგენგაუერი.

იმ შემთხვევაშიც, თუ რუსეთი აქტიურ სამხედრო მოქმედებებზე გადავა, რთული სათქმელია, რამდენად შორს შეიძლება შევიდეს ეს კამპანია და როგორ შეიცვლება ფრონტის ხაზი. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, რუსეთი შესაძლოა გეგმავდეს უკრაინის სრულ ჩამოშორებას აზოვის ზღვის სანაპიროდან. ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა განიხილებოდეს უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში შესვლა და მდინარე დნეპრის ნაპირების დაკავება, რაც საშუალებას მისცემდა რუსეთს გადაეწყვიტა ოკუპირებული ყირიმის წყალმომარაგების პრობლემა. ყირიმის ანექსიის შემდეგ, უკრაინამ ყირიმს წყალმომარაგება შეუწყვიტა, რომელსაც ნახევარკუნძული მდინარე დნეპრიდან იღებდა. 

დიდი ომის ალბათობას გადაჭარბებულად მიიჩნევს და პრაქტიკულად გამორიცხავს უკრაინელი სამხედრო ექსპერტების ნაწილი. მათი თქმით, მსგავსი მსხვილმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის მომზადება შეუმჩნევლად შეუძლებელი იქნება. უკრაინელი სამხედრო ექსპერტების აზრით, რუსეთის მხრიდან სამხედრო მობილიზაცია ნამდვილად იძლევა დაფიქრების საფუძველს, თუმცა ეს არ შეესაბამება ფართომასშტაბიანი ომის სამზადის ფაზას. 

უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე ესკალაციას ზოგიერთი პოლიტოლოგი ჯო ბაიდენის გამოცდად მიიჩნევს. მათი აზრით, ვლადიმირ პუტინი გამოცდას უწყობს ჯო ბაიდენს, თუ რამდენად მზადაა აშშ დაიცვას თავისი ინტერესები უკრაინაში, რომელსაც რუსეთი თავისი უპირობო და სრული გავლენის სფეროდ მიიჩნევს. 

იმ შემთხვევაშიც, თუ ეს მოსაზრება არასწორია და რუსეთს სხვა განზრახვები აქვს, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესკალაციის შემთხვევაში, ამერიკელების მტკიცე პოზიცია გადამწყვეტი იქნება. სწორედ ბაიდენის საგარეო გუნდის სიმტკიცეზე იქნება დამოკიდებული რამდენად შორს წავა რუსეთი ახალ სამხედრო ავანტიურაში. ვლადიმირ პუტინის მიერ ჯო ბაიდენისთვის მოწყობილი გამოცდა, შესაძლებელია მალევე გაცილებით უფრო მძიმე და დამთრგუნველ მოცემულობაში გადაიზარდოს. 

მსგავსი სიახლეები