იან ბრემერის მიერ დაფუძნებული საკონსულტაციო ცენტრი EurasiaGroup მთავარი გეოპოლიტიკური რისკების ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს.
ანგარიშის ავტორების შეფასებით მსოფლიო უკიდურესად საშიშ ფაზაში შედის, რომელშიც გლობალური წესრიგი სწრაფად იცვლება - ავტორები შექმნილ ვითარებას გასული საუკუნის 1930-იან წლებსა და ცივი ომის საწყის პერიოდს ადარებენ.
რეალპოლიტიკა გთავაზობთ ანგარიშის შინაარსის მცირე მიმოხილვას
რისკი N1 - დაბრუნება ჯუნგლის კანონებში
მსოფლიოს მთავარ საფრთხედ საერთაშორისო ურთიერთობებში ჯუნგლის კანონის დაბრუნებაა დასახელებული.
იან ბრემერი და ჩარლი კუპჩანის ავტორობით შექმნილ ანგარიშში საუბარია, რომ მსოფლიო გადადის ეპოქაში, როდესაც ყველა სახელმწიფო თავის ვიწრო ეროვნულ ინტერესებზე იქნება ფოკუსირებული - "ეს არის ერა, რომელშიც არცერთ ცალკე აღებულ სახელმწიფოს ან ქვეყნების ჯგუფს არ სურს და არ შეუძლია საერთაშორისო დღის წესრიგის ჩამოყალიბება და ან შენარჩუნება. გლობალური ლიდერშიპის დეფიციტი საშიშ ზღვარს უახლოვდება."
ანგარიშის მიხედვით, ასეთი ფონი ნოყიერ ნიადაგს იძლევა ენდემური გეოპოლიტიკური დესტაბილიზაციისთვის, რომელიც შეასუსტებს გლობალურ უსაფრთხოებას და მსოფლიოს ეკონომიკურ არქიტექტურას. ავტორების შეფასებით, ამან შესაძლოა ხელი შეუწყოს ძალაუფლების ვაკუუმების გაჩენას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, წაახალისოს რევიზიონისტულად განწყობილი მოთამაშეები და გაზარდოს გეოპოლიტიკური ინცინდენტების, მისკალკულაციის და კონფლიქტის რისკი.
"მსოფლიოში ახალი უმწვავესი კრიზისის, მათ შორის გლობალური ომის რისკი უპრეცედენტოდ მაღალია ბოლო ათწლეულებში"- ნათქვამია ანგარიშში.
არსებული გლობალური წესრიგის მთავარ პრობლემად ავტორები იმას მიიჩნევენ, რომ მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტები (გაერო, უსაფრთხოების საბჭო, მსოფლიო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი) ვეღარ ასახავენ მსოფლიოში შეცვლილ ძალთა ბალანსს.
"ეს გეოპოლიტიკური რეცესიაა",- წერენ ავტორები.
რისკი N2 - დონის მმართველობა
აღმასრულებელი ხელისუფლების შემკავებელი დამოუკიდელი ინსტიტუტების ეროზია ზრდის სივრცეს, რომლის ფარგლებში აშშ-ს პოლიტიკის ლანდშაფტი მზარდად დამოკიდებულია ერთი ძლევამოსილი მმართველის გადაწყვეტილებებზე.
2024 წლის არჩევნებში გამარჯვების ხარისხით გაძლიერებული, ლოიალისტებისგან დაკომპლექტებული კაბინეტით, თეთრ სახლში დაბრუნებული, პირველ ვადასთან შედარებით უკეთ ორგანიზებული და გამოცდილი ტრამპის მეორე ვადა, ძალიან განსხვავებული იქნება.
ტრამპმა გარდაქმნა და სრულ კონტროლს დაუქვემდებარა რესპუბლიკური პარტია, მისი გარემოცვა კი დაკომპლექტებულია მასთან იდეოლოგიურ თანხვედრაში მყოფი ერთგული კადრებისგან.
ავტორები ტრამპის სიძლიერის დამატებით ფაქტორად აშშ-ს უმაღლეს სასამართლოში მყარ კონსერვატიულ დომინაციას (6:3) და შეცვლილ მედია ლანდშაფტს ასახელებენ. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ტრამპის დღის წესრიგის დაწინაურებას.
ტრამპი და მისი გარემოცვა მიიჩნევს, რომ პირველ ვადაში მათი დღის წესრიგი არალოიალურმა პოლიტიკურმა მოწინააღმდეგეებმა და ე.წ. Deep State-ის გავლენამ დააზიანა.
კუპჩანისა და ბრემერის შეფასებით ტრამპის რიტორიკა და მისი კაბინეტის შემადგენლობა მიანიშნებს, რომ აშშ-ს 47-ე პრეზიდენტი სერიოზულად არის განწყობილი ფედერალური მთავრობისა და საშუალო რგოლის ბიუროკრატიის ჩანაცვლებისკენ. ამგვარი ტენდენციები განსაკუთრებით საგრძნობი იქნება იუსტიციის დეპარტამენტსა და გამოძიების ფედერალურ ბიუროში.
ტრამპს სურს მკაცრ კონტროლს დაუქვემდებაროს ფედერალური მთავრობის აპარატი და ხარჯები, ის შესაძლოა დაემუქროს არალოიალურად განწყობილ რესპუბლიკებს კონგრესში, რაც ძალაუფლების ბალანსს აღმასრულებელი ხელისუფლების სასარგებლოდ შეცვლის.
რისკი N3 - ამერიკის და ჩინეთის გაყრა
"ტრამპის დაბრუნება ოვალურ კაბინეტში მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკური ურთიერთობის მკვეთრ გაწყვეტას მოასწავებს"- ნათქვამია ანგარიშში.
2023 წლის ნოემბერში ჯო ბაიდენის და სი ძინფინგის მიერ მიღწეული განმუხტვის ფარგლებში აშშ-სა და ჩინეთის ურთიერთობებში შედარებით სტაბილური პერიოდი დადგა. დონალდ ტრამპის დაბრუნება დაამსხვრევს ამ სტაბილურობას.
ავტორების შეფასებით, საგარეო ვაჭრობის შესახებით ტრამპის ხედვების გათვალისწინებით ამგვარი დესტაბილიზაცია განსაკუთრებით მკაფიო იქნება ეკონომიკურ ურთიერთობებში.
ბრემერისა და კუპჩანის აზრით, ტრამპი პრეზიდენტობის პირველივე კვირაში დააწესებს სავაჭრო ტარიფებს ჩინურ იმპორტზე, რისი მიზანიც პეკინზე წნეხის გაზრდა და ვაშინგტონისთვის მომგებიან ახალ სავაჭრო შეთანხმებაზე დაყოლიება იქნება.
ანგარიშის მიხედვით, სავარაუდოა, რომ ტრამპი არ დააწესებს 60%-იან ტარიფებს, რომლის შესახებაც წინასაარჩევნო პერიოდში საუბრობდა, მათი შეფასებით ტარიფები ჩინურ იმპორტზე 40%-ით გაიზრდება.
ავტორები მოვლენათა განსხვავებულ განვითარებასაც არ გამორიცხავენ, რომლის ფარგლებშიც ტარიფები უფრო მეტად გაიზრდება - "იმ შემთხვევაში თუ ტრამპის მიერ ხაზინის მდივნად დასახელებული, სკოტ ბესენტი შიდა ბრძოლაში ისეთ სავაჭრო ქორებთან არ დამარცხდა როგორიცაა ჯეიმისონ გრისი, ეს პეკინისთვის წითელი ხაზების გადაკვეთის ტოლფასი იქნება.
რისკი N4 - ტრამპონომიკა
ტრამპი კარგ ფორმაში მყოფ ეკონომიკას იბარებს, თუმცა მისმა გადაწყვეტილებებმა შესაძლოა ახალი პრობლემები წარმოქმნას, ინფლაციის და ზრდის კლების სახით.
"ამერიკის ეკონომიკა 2025 წელს კარგ ფორმაში ხვდება, სხვა განვითარებული ეკონომიკებისგან განსხვავებით, ჯამური გამოშვება უკვე აღემატება პანდემიამდელ მაჩვენებლებს. უმუშევრობა 4%-ის ფარგლებშია, ხოლო ინფლაცია ნელ-ნელა ფედერალური რეზერვის სამიზნე მაჩვენებელს (2%) უბრუნდება, ეს იძლევა საბაზისო განაკვეთების კლების საშუალებას. მაგრამ საფონდო ბაზარი და ბიზნესი ოპტიმიზმს ღალატობს, ისინი იმედგაცრუების პირას არიან",- ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით ტრამპის ეკონომიკური დღის წესრიგი ქვეყნის ეკონომიკურ პერსპექტივას ნახევრადფარულ რისკებს უქმნის. ამ თვალსაზირისით შესაძლოა განსაკუთრებით ზარალის მომტანი იყოს ტრამპის 2 მთავარი წინასაარჩევნო დაპირება: სავაჭრო ტარიფები და არალეგალურად მყოფი მიგრანტების მასობრივი დეპორტაცია.
რისკი N5 - რევიზიონისტული რუსეთი
სხვა ქვეყნებს შორის რუსეთი გააკეთებს მაქსიმუმს გლობალური წესრიგისთვის ძირის გამოსათხრელად
ავტორების აზრით, ირანის დასუსტების ფონზეც კი, რუსეთი მიმდინარე წელს აშშ-ს ლიდერობით მოქმედი გლობალური წესრიგისთვის ძირის გამოსათხრელად აქტიურად იმუშავებს.
"რუსეთი გადადგამს მტრულ, ასიმეტრიულ ნაბიჯებს ევროკავშირის წევრი მომიჯნავე სახელმწიფოების წინააღმდეგ",- ნათქვამია ანგარიშში.
კუპჩანისა და ბრემერის შეფასებით მიმდინარე წელსაც დარჩება რევიზიონისტული ღერძის (რუსეთი, ირანი, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა) ლიდერად, ხოლო კრემლის მიერ ჩრდილოეთ კორეასა და ირანთან გაფორმებული სტრატეგიული სამხედრო ხელშეკრულებები გლობალურ წესრიგს დამატებით რისკებს უქმნის.
პუტინის მთავარი მიზანი არამხოლოდ და არაიმდენად ახალი წესრიგის ჩამოყალიბებაა, რამდენადაც არსებულის აყირავება და ქაოსის დათესვა.
რისკი N6 - ირანი ნოკაუტში
მიმდინარე წელს ახლო აღმოსავლეთი კვლავ ძალიან არასტაბილური რეგიონი იქნება, ამას კი ერთი მიზეზი აქვს - ირანი ბოლო ათწლეულების განმავლობაში უპრეცედენტო სისუსტი მომენტშია.
2023 წლის ოქტომბერში ისრაელზე ჰამასის სასტიკი თავდასხმის შემდეგ, ირანის გეოპოლიტიკურმა ამბიციებმა რამდენიმე დამანგრეველი დარტყმა მიიღო: ღაზაში ისრაელის მიერ ჰამასის პრაქტიკული განადგურება, მოგვიანებით ე.წ. წინააღმდეგობის რკალის გვირგვინის, ჰეზბოლას ხელმძღვანელობის ლიკვიდაცია და ათასობით მოკლული მებრძოლი.
დეკემბერში დაემხო ბაშარ ასადის რეჟიმი სირიაში - ირანის მთავარი კლიენტი არაბულ სამყაროში. ამგვარი დარტყმების კომბინაციამ პრაქტიკულად გაანადგურა ირანის მიერ ათწლეულების განმავლობაში ნალოლიავები წინააღმდეგობის რკალი. ირანი კვლავ ინარჩუნებს კონტროლს ერაყში მოკალათებულ შეიარაღებულ პროქსი დაჯგუფებებზე და ჰუსიტებზე იემენში, თუმცა მათი რეგიონალური პოლიტიკა ეფექტურად აღარ არსებობს.
ირანს კვლავ აქვს რაკეტებისა და დრონების მოცულობითი მარაგი, თუმცა ეს ათასობით კილომეტრით დაშორებული და საჰაერო თავდაცვის სისტემებით დახუნძლული ისრაელის წინააღმდეგ დიდი ვერაფერი შველაა.
ავტორების შეფასებით, ასეთ ვითარებაში აიათოლების რეჟიმი ფსონს ბირთვული პროგრამის განვითარებაზე ჩამოდის - სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებით, ირანს 6 თვის განმავლობაში შეუძლია ურანის გამდიდრება ბირთვული იარაღისთვის საჭირო დონემდე, თუმცა ბირთვული იარაღის მატარებელი ქობინის შესაქმნელად კიდევ 1 წელი დასჭირდება.
კუპჩანისა და ბრემერის შეფასებით, ირანის უპრეცედენტო სისუსტის გათვალისწინებით, ბირთვული პროგრამის დაჩქარებას მალევე აღმოაჩენს ისრაელი და აშშ, რომლებიც ასეთ ვითარებაში სწრაფად და გადამწყვეტად იმოქმედებენ.
ირანის რეჟიმის მდგომარეობას ართულებს მზარდი ეკონომიკური პრობლემები, ინფლაცია და მემკვიდრეობის კრიზისი - უმაღლესი სულიერი ლიდერი, ალი ხამენეი 85 წლისა და ჯერ არ ჰყავს შერჩეული მემკვიდრე, რაც რეჟიმის არაპოპულარობის გათვალისწინებით შესაძლოა გარტამტეხი ფაქტორი აღმოჩნდეს.
რისკი N7 - გეოკონომიკური ფრაგმენტაცია
საფონდო ბირჟებისა და გლობალური ბაზრების ოპტიმიზმის მიუხედავად, მსოფლიოს 2 უმსხვილეს ეკონომიკას შორის სატარიფო ომების განახლება გლობალური ეკონომიკის აღდგენის პროცესის შეაფერხებას და გეოკონომიკური ფრაგმენტაციის გამწვავებას მოასწავებს.
"ჩინეთის ეკონომიკა ბოლო ათწლეულებში უპრეცედენტო სისუსტის მომენტშია: უძრავი ქონების ბაზრის მზარდმა კრიზისმა, ეკონომიკის დავალიანების ზრდამ და მომხმარებლების შემცირებულმა ნდობამ პეკინის ეკონომიკური ზრდის მოდელის ლიმიტები მკაფიოდ გამოაჩინა"- ნათქვამია ანგარიშში.
მტკივნეული რეფორმების გატარების ნაცვლად სი ძინფინგი გამოცდილ ხერხს მიმართავს და ფსონს ექსპორტზე ჩამოდის: ჩინეთის ქარხნები აწარმოებენ ბევრად მეტ ელექტორონულ მანქანას, მზის ბატარეებსა და ელექტრონიკას, ვიდრე შიდა ბაზრის საჭიროებებია.
პრობლემას ჭარბწარმოება ქმნის, რომლის გასაღებასაც პეკინი საზღვარგარეთ ცდილობს, ამის გაკეთება კი უფრო რთულია იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის მიმდინარე სავაჭრო ბალანსი 1 ტრილიონ დოლარს აღემატება და კვლავ მზარდია.
ასეთ ვითარებაში დონალდ ტრამპის შემოსვლამ შესაძლოა კიდევ უფრო გაართულოს მდგომარეობა - ავტორების შეფასებით, ტრამპი რიტორიკას ჩინეთის დათმობებზე დასაყოლიებლად იყენებს, რაც არაერთხელ გამოუვიდა, თუმცა ამჯერად მოცულობითი ტარიფების დაწესებამ შესაძლოა ჩინეთის არანაკლებ მწვავე ეკონომიკური ნაბიჯები გამოიწვიოს.
ტრამპის ეკონომიკური პოლიტიკა გაამყარებს დოლარს და ხელს შეუწყობს მაღალი საბაზისო განაკვეთების შენარჩუნებს, ეს კი გაზრდის წნეხს მსოფლიოს დანარჩენ ეკონომიკებზე.
რისკი N8 - აწყვეტილი ხელოვნური ინტელექტი
ხელოვნური ინტელექტის სწრაფ განვითარებასთან დაკავშირებული რისკები გაიზარდა, მით უფრო იმის ფონზე, მისი რეგულირების საკითხზე გლობალური თანამშრომლობის პროცესი ჯერ კიდევ არ ჩაშვებულა.
ავტორების აზრით, გასულ წელს გაეროში, ევროკავშირში, ევროპის საბჭოში მიღებული რეგულატორული ზომების მიუხედავად, ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარების რისკების დასაზღვევად ეს სიჩქარე და გადადმული ნაბიჯების ხარისხი მკვეთრად ჩამორჩება ტექნოლოგიური ცვლილებების ტემპს.
რისკი N9 - უმართავი სივრცეები
გლობალური წესრიგის მოშლა მსოფლიოს არაერთ კუთხეში უმართავი ან ჩამოშლილი სივრცეებს გაამრავლებს.
"ეს რისკი დაკავშირებულია მსოფლიოს მზარდ ფრაგმენტაციასთან, რომლის ფარგლებშიც პოლიტიკურად პოლარიზებული და გაყოფილი ამერიკა უარს ამბობს გლობალური ლიდერის ფუნქციებზე"- წერენ ავტორები.
აშშ-ს როლის კლებით გამოწვეული ვაკუუმი კი ქმნის უსაფრთხოებისა და დესტაბილიზაციის რისკებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, ეს ახალისებს რევიზიონისტულ ძალებს, ამცირებს საერთაშორისო თანამშრომლობას, საყოველთაო სიკეთეებზე მომუშავე პროექტებს.
ამ ვითარებაში იზრდება უმართავი ხალხების, ადგილებისა და სივრცეების რიცხვი - იქნება ეს კოსმოსი, მსოფლიო ოკეანე, თუ საჰაერო სივრცე. სარაკეტო დარტყმები 2024 წელს ავიაკატასტროფების ყველაზე ხშირი მიზეზი გახდა.
არ არსებობს არც ცალკე აღებული ერთი სახელმწიფო ან ქვეყნების ჯგუფები, რომლებიც მზად არიან ან სურთ, რომ ასეთ სივრცეებში წესრიგი დაამყარონ და დაეხმარონ "მზარდად ეგოცენტრული" მსოფლიოს მსხვერპლებს.
დონალდ ტრამპისთვის დამახასიათებელი უნილატარელიზმი და იზოლაციონისტური ინსტიქტი კიდევ უფრო გააურესებს მდგომარეობას.
ეს დამატებით რისკებს უქმნის ახალ თაობას - UNICEF-ის მონაცემებით ამ დროისთვის ყოველი მეექვსე ბავშვი კონფლიქტის ზონაში ცხოვრობს - რიცხვი გაორმაგებულია 1990-იან წლებთან შედარებით.
რისკი N10 - ამერიკის და მექსიკის დაპირისპირება
კონსტიტუციური ცვლილებების, ფისკალური სტრესების გათვალისწინებით, მიმდინარე წელი რთული იქნება ამერიკისა და მექსიკის ურთიერთობებში, განსაკუთრებით მექსიკისთვის.
ავტორების შეფასებით, გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კლაუდია შეინბაუმის და მმართველი პარტიის დამაჯერებელი გამარჯვების მიუხედავად, მექსიკის პრეზიდენტის დიპლომატიური უნარებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან სერიოზული გამოცდა ელის.