2022 წელს რუსეთში 500 000 ადამიანის მობილიზება მოხდა - Bloomberg
2022 წელს რუსეთმა, სავარაუდოდ, 500 000-ზე მეტი ადამიანის მობილიზება მოახდინა, საიდანაც დაახლოებით 100 000 კერძო სამხედრო კომპანიებმა, მათ შორის "ვაგნერმა" დაიქირავა. ამის შესახებ Bloomberg 29 მარტს წერს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსეთის სტატისტიკის სამსახური ოფიციალურად ადასტურებს რუსეთის შეიარაღებულ ძალებში 400 ათასი სამხედროს გაწვევას და საკონტრაქტო სამსახურში წასვლას, მაგრამ ეს სტატისტიკა არ მოიცავს ადამიანებს, რომლებიც შეუერთდნენ კერძო სამხედრო კომპანიებს, რადგან ისინი ფორმალურად არ არიან რუსეთის შეიარაღებული ძალების ნაწილი.
2022 წლის ოქტომბერში რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში 300 000 ადამიანი გაიწვია.
Bloomberg აღნიშნავს, რომ რუსეთის ხელისუფლებას 2023 წელს კიდევ 400 000 ჯარისკაცის გაწვევა სურს, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვისემზადება.
სააგენტო აღნიშნავს, რომ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ასიათასობით რუსმა დატოვა ქვეყანა. რუსეთში მუშახელის დეფიციტია და მობილიზაციის თავიდან არიდების მსურველთა გადინებამ კიდევ უფრო გაამწვავა დემოგრაფიული ვარდნა. პროგნოზების თანახმად, რუსეთის შრომისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობა მომდევნო 10 წლის განმავლობაში შესაძლოა 6.5%-ით შემცირდეს.