"300-ზე მეტი დრონი" - უკრაინამ რუსეთზე ყველაზე მასშტაბური შეტევა განახორციელა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გასული ღამით ქვეყნის საჰაერო სივრცეში ჩამოგდებული 337 უპილოტო საფრენი აპარატის შესახებ იუწყება - ეს სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინის მხრიდან რუსეთზე განხორციელებული ყველაზე მასშტაბური საჰაერო შეტევაა.
ამას წინ უძღოდა გასულ დღეეებში რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე განხორციელებული მასირებული სარაკეტო დარტყმები და დაბომბვები, რასაც ჯამურად 20-მდე მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
რუსეთზე განხორციელებული თავდასხმა საუდის არაბეთში უკრაინასა და აშშ-ს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას დაემთხვა.
ბოლო მონაცემებით, დრონების თავდასხმის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი, დაზიანდა კიდევ ათამდე, მოკლულები ინდუსტრიული საწარმოს დაცვის თანამშრომლები არიან.
7 მარტს რუსეთმა უკრაინის ქალაქებს 67 რაკეტითა და 194 დრონით შეუტია. რუსეთის მიერ გახშირებულმა სარაკეტო თავდასხმებმა დასავლური მედიის ცნობით, დონალდ ტრამპის უკმაყოფილება გამოიწვია, რის შემდეგაც ის კრემლს მასშტაბური ეკონომიკური სანქციებითა და ტარიფებით დაემუქრა.
ჯიდაში მოლაპარაკებების დაწყების დღეს განხორციელებული შეტევა აჩვენებს, რომ უკრაინას კვლავ შეუძლია მასირებული დარტყმების განხორციელება რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში.