6 მაისს აზოვსტალიდან მოსახლეობის ევაკუაციის დროს 3 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა
6 მაისს დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის პროცესის ორგანიზებისას სამი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.
ამის შესახებ უკრაინის ეროვნული გვარდიის პოლკის - „აზოვის“ პრესსამსახურმა გამოცემა „GORDON“-ს 7 მაისს განუცხადა.
„სამოქალაქო მოსახლეობის ევაკუაცია... გუშინ ჩვენი სამი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ერთ-ერთ ავტომობილს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა მოხვდა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა, კიდევ ორი უპილოტო საფრენი აპარატის დაბომბვას შეეწირა“, - ნათქვამია განცხადებაში.
"აზოვის" ცნობით, რუსმა დამპყრობლებმა დუმილის რეჟიმის დროს ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემიდან საევაკუაციო მანქანას ესროლეს. ეს მანქანა მშვიდობიანი მოსახლეობისკენ მიდიოდა, რათა ისინი ქარხნის ტერიტორიიდან გაეყვანა.