6 მარტს რუსეთში ანტისაომარ დემონსტრაციებზე 4600-მდე პირი დააკავეს

 

6 მარტს, რუსეთში, ომის წინააღმდეგ ანტისაომარ დემონსტრაციებზე 4600-მდე პირი დააკავეს.

ინფორმაციას რუსული უფლებადამცველი ორგანიზაცია ოვედე-ინფო (ОВД-Инфо) ავრცელებს.

საპროტესტო გამოსვლები მთელი ქვეყნის მასშტაბით, რუსეთის 56 ქალაქში გაიმართა.

სოციალურ ქსელ Telegram-ში გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ რუსი სამართალდამცავები ელექტროშოკების და ხელკეტების საშუალებით პროტესტის მონაწილეებს სასტიკად უსწორდებოდნენ.

დაკავებულებს შორისაა ცნობილი რუსი უფლებადამცველი, 80 წლის სვეტლანა განუშკინა.

ჯამში, 24 თებერვლის შემდეგ, რუსეთში ანტისაომარ დემონსტრაციებზე 12 700-მდე ადამიანი დააკავეს.

გასულ კვირაში რუსეთის ოპოზიციის ლიდერმა ალექსეი ნავალნიმ საპყრობილიდან განცხადება გაავრცელა, რომელშიც რუსებს ომის გასაპროტესტებლად ქუჩებში გამოსვლისკენ მოუწოდა.

5 მარტს რუსეთში ძალაში შევიდა კანონი, რომლის თანახმადაც რუსეთის არმიის შესახებ „ყალბი ინფორმაციის“ გავრცელება 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით შეიძლება დაისაჯოს.

რუსეთის ოფიციალური ორგანოები და სამთავრობო მედია უკრაინაში მიმდინარე ომს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციად“ მოიხსენიებენ.

მსგავსი სიახლეები