ალიევი: სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმებისთვის უფრო ხელსაყრელი შესაძლებლობები გაჩნდა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ რეგიონში "უფრო ხელსაყრელი შესაძლებლობები" გაჩნდა სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად.
ამის შესახებ შაბათს, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ტოივო კლაარმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა.
"პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თქვა, რომ ამჟამად რეგიონში უფრო ხელსაყრელი შესაძლებლობები გაჩნდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად." - განაცხადა კლაარმა.
ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ ადგილზე იარაღისა და საბრძოლო მასალის ჩაბარების პროცესი დაწყებულია და იქ ძალიან დიდი რაოდენობით იარაღისა და ჭურვების საწყობი აღმოაჩინეს.
სანამ აზერბაიჯანი 19 სექტემბერს მთიან ყარაბაღში სამხედრო ოპერაციას დაიწყებდა და ფაქტობრივად კონტროლს დაამყარებდა მასზე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აღიარა, რომ მას ალიევთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა "წლის ბოლოს ან მომდევნო წლის დასაწყისში" შეუძლია.
ერევანი მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის ტერიტორიად აღიარებას უკვე დათანხმდა.
თუმცა სამშვიდობო ხელშეკრულების დადებას ყარაბაღელი სომხების უსაფრთხოების გარანტიების საკითხი აფერხებდა. ბაქო მათ თავის მოქალაქეებად თვლის, ამიტომ აცხადებს, რომ მათთან დაკავშირებული ყველა საკითხის დამოუკიდებლად გადაწყვეტა შეუძლია.
ერევანი აღნიშნავს, რომ ეს საკითხი საერთაშორისო შუამავლობას მოითხოვს.