ამერიკა ევროპაში განახლებული ბირთვული ბომბების გადატანას დააჩქარებს - Politico

ამერიკის შეერთებული შტატები დააჩქარებს განახლებული თერმობირთვული ბომბების B61-12-ის ევროპაში ნატოს ბაზებზე გაგზავნას. ამის შესახებ ინფორმაციას Politico 26 ოქტომბერს ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

B61-12 ბომბების ევროპაში გადატანა, რომლებიც აშშ-ს მთავარ ბირთვულ იარაღად ითვლება, თავდაპირველად მომავალ გაზაფხულზე იყო დაგეგმილი, მაგრამ ამ ბობებს ამერიკელი სამხედროები ევროპაში დეკემბერში მიიღებენ. Politico-ს წყაროს ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება ოქტომბერში, ბრიუსელში, ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე მიიღეს.

გამოცემას ორმა ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა, რომ ბომბები დაჩქარებული წესით გაიგზავნება ევროპაში.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა პატრიკ რაიდერმა Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ B61 ბომბების მოდერნიზაცია მრავალი წელია მიმდინარეობს, შეერთებული შტატები დიდი ხანია გეგმავს ძველი ბომბების მოდერნიზებული ვერსიებით შეცვლას.

"ამას არანაირი კავშირი არ აქვს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან და პროცესი არანაირად არ დაჩქარებულა", - განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა.

კონტექსტი

B61 არის ატომური ბომბების ოჯახი, რომელიც პირველად 1960-იან წლებში შეიქმნა. 

B61 ბომბის ახალი ვერსია განკუთვნილია აშშ-სა და მოკავშირეთა სამხედრო თვითმფრინავებისთვის, მათ შორის B-2 და B-21 სტრატეგიული ბომბდამშენებისთვის, ასევე გამანადგურებლებისთვის - F-15, F-16, F-35 და Tornado.

 

მსგავსი სიახლეები