ანალენა ბერბოკი ხსნის, რატომ არ ემხრობა რუსეთის SWIFT-იდან გათიშვას
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა, დღეს ბრიუსელში ევროსაბჭოს სხდომის შემდეგ ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დასაწესებელ სანქციებზე ისაუბრა.
ბერბოკის თქმით, სანქციები რუსეთის ძალაუფლების ვერტიკალის ზედა ნაწილისკენ უნდა იყოს მიმართული და რუს მოსახლეობას ნაკლებად შეეხოს.
"ჩვენი ამოცანა რუსეთში ძალაუფლების მქონეთა იზოლირებაა", - ამბობს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, - "სანქციები პუტინს უნდა შეეხოს, არა მოსახლეობას. ამიტომაც, პუტინისა და ლავროვის ქონება გაიყინება".
ამ კონტექსტში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის SWIFT-იდან ჩახსნაზეც ილაპარაკა. მისი თქმით, ირანის მაგალითმა, როცა ქვეყანა SWIFT-იდან გათიშეს, აჩვენა, რომ ამ ზომას მართლაც "ფართო ეფექტი" მოჰყვა, რამაც ირანულ საზოგადოებას ჰუმანიტარული ზიანი მიაყენა.
ანალენა ბერბოკი ამბობს, რომ ევროკავშირმა "ცივი გონება უნდა შეინარჩუნოს" და "ისეთი სანქციები მოამზადოს, დიდი ეფექტი რომ ჰქონდეს და მხოლოდ მჭახედ არ ჟღერდეს".