AP: აშშ-ს სანქციების შიშით ფილიპინებმა უარი თქვა რუსეთისგან Mi-17-ების შეძენაზე
ფილიპინების მთავრობამ გააუქმა ხელშეკრულება 16 რუსული სამხედრო-სატრანსპორტო ვერტმფრენის შეძენის შესახებ. ამის მიზეზი აშშ-ს შესაძლო სანქციების შიშია. ამ ინფორმაციას 27 ივლისს Associated Press ავრცელებს.
ფილიპინების თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დელფინ ლორენზანამ სამშაბათს განაცხადა, რომ მან გააუქმა 12.7 მილიარდი პესოს (227 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების კონტრაქტი Mi-17-ების შეძენაზე, მას შემდეგ რაც მოქმედი პრეზიდენტის, როდრიგო დუტერტეს თანხმობა მიიღო.
ლორენზანამ AP-ს დაუდასტურა, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობას ვაშინგტონის უკმაყოფილების ეშინოდა, რის შედეგადაც ფილიპინებს შესაძლოა სანქციები დაწესებოდა.
ფილიპინების ელჩმა ვაშინგტონში ხოსე მანუელ რომუალდესმა AP-ს განუცხადა, რომ ფილიპინები შესაძლოა აშშ-ს ფედერალურ კანონს დაექვემდებაროს, "ამერიკის მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ სანქციების აქტს", რომელიც რუსული სამხედრო აღჭურვილობის შეძენას კრძალავს.
უწყების ცნობით, რუსეთის ფედერაციასთან ვერტმფრენების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება 2021 წლის ნოემბერში გაფორმდა, ფილიპინებს Mi-17-ების პირველი პარტია დაახლოებით ორ წელიწადში უნდა მიეღო.
ფილიპინების თავდაცვის დეპარტამენტის წყარომ, რომელიც ანონიმურობის პირობით ისაუბრა, დაუდასტურა AP-ს, რომ კონტრაქტი გაუქმდა. რუსებს შეუძლიათ გასაჩივრება, მაგრამ ფილიპინების მთავრობას "გადასინჯვის მცირე შესაძლებლობა აქვს", დასძინა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.