აშშ და ევროკავშირი ზრდიან წნეხს ბელგიაზე რუსული აქტივების გამოყენების საკითხზე
.jpg)
ევროპულ დედაქალაქების პოზიციის ცვლილებების ფონზე ბელგიის მთავრობა ევროკავშირისა და შეერთებული შტატების გაძლიერებული წნეხის ქვეშ აღმოჩნდა - პარტნიორები ბრიუსელს მოუწოდობენ დათანხმდეს უკრაინისთვის ე.წ. რეპარაციული კრედიტის გაცემა რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების უზრუნველყოფით.
ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ ვითარებაში გაცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით Financial Times ავრცელებს.
- საუბარია 140 მილიარდ დოლარზე, რომელიც ამ დრომდე ბელგიური დეპოზიტარის EuroClear-ის ანგარიშზე ინახება.
- წყაროების ცნობით, უმსხვილესი ევროპული ქვეყნების პოზიცია გასულ კვირებში მას შემდეგ შეიცვალა, რაც ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნით დიდმა შვიდეულმა საკითხზე საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელიც გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციას ან სხვაგვარად გამოყენების აუცილებლობას ეხებოდა.
სტრიქონებს შორის: 25 სექტემბერს იმავე Financial Times-ში გამოქვეყნებულ სვეტში გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი წერდა, რომ გაყინული რუსული აქტივებიის უზრუნველყოფით უკრაინამ 140 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტი უნდა მიიღოს, რომელიც შეიარაღებაზე დაიხარჯება.
- ასევე, ცნობილია ევროკომისიის მიერ შედგენილი გეგმის შესახებ, რომლის ფარგლებშიც უკრაინა აღნიშნულ თანხებს ე.წ. რეპარაციული კრედიტის ფარგლებში მიიღებს.
ჩაშლილად: გასულ კვირებში ცნობილი გახდა, რომ გეგმის მთავარი მოწინააღმდეგე ბელგიის მთავრობა, რომლის პრემიერ-მინისტრმა, ბარტ დე ვევერმა კოპენჰაგენში გამართულ სამიტზე კოლეგებს ასეთ გადაწყვეტილებას დაკავშირებული ფინანსური და სამართლებრივი რისკების სრულად გაზიარება მოსთხოვა.
- "ბელგია 3 წლის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ EuroClear ბელგიური კომპანიაა და შესაბამისად ბენეფიტებს ბელგიას უნდა დარჩეს, ახლა კი როცა საქმე რისკების გაზიარებაზე მიდგა ბელგია ირწმუნება, რომ EuroClear ევროპული კომპანიაა"- ამბობს გაზეთთან საუბარში მოლაპარაკებებში ჩართული ერთ-ერთი ევროპელი დიპლომატი.
- Financial Times-ის ცნობით, პარტნიორებს შორის იწურება ბელგიის მთავრობის მიმართ მოთმინების რესურსი.
- "უკვე არ არსებობს მარტივი და უმტკივნეულო გადაწყვეტილებების სივრცე, ყველამ თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმი უნდა გააკეთოს"- ამბობს ერთ-ერთი დიპლომატი. ?
- გაზეთის წყაროების თქმით, ბელგიის მიერ წამოჭრილი საკითხები ლეგიტიმურია, თუმცა "რეპარაციულ კრედიტთან" დაკავშირებული გადაწყვეტილების რისკები მართვას ექვემდებარება.
დიდი სურათი: ევროკომისიის განახლებული გეგმის მიხედვით, მექანიზმი არ გულისხმობს აქტივებს კონფისკაციას, ხოლო რუსეთის მხრიდან საჩივრის რისკი დაზღვეულია იმით, რომ ბლოკი არ ცნობს მის ფარგლებს გარეთ მიღებულ სამართლებრივ გადაწყვეტილებებს.
- ევროკავშირი გეგმავს, რომ უკრაინისთვის 140 მილიარდი ევროს მოცულობის კრედიტზე დეკემბრისთვის შეთანხმდეს და პირველ ტრანშებს კიევი უკვე 2026 წლის მეორე კვარტლიდან მიიღებს.
- წყაროების ცნობით, კოპენჰაგენის სამიტზე ბელგიელი პრემიერის უკომპრომისო პოზიციამ მისი კოლეგების გაღიზიანება გამოიწვია - უკმაყოფილება საჯარო სივრცეშიც გადმოვიდა.
- "რა არის ალტერნატივა? ჩვენ უნდა ვიპოვოთ უკრაინის დაფინანსების გაგრძელების გზა და სხვა ვარიანტი მე უბრალოდ არ გამიგია"- ამბობს დანიის პრემიერ-მინისტრი, მეტე ფრედერიქსენი.
კონტექსტი: გაყინულ რუსულ აქტივებზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის უზრუნველყოფით კიევმა გასულ წელს 50 მილიარდი ევროს მოცულობის კრედიტი მიიღო.
- ტრამპის ადმინისტრაციის პოზიციის გათვალისწინებით, უნდა ვივარაუდოთ, რომ უკრაინის მხარდაჭერის ტვირთის დიდი ნაწილი სწორედ ევროკავშირის პასუხისმგებლობა იქნება.