აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერობისთვის 9 რესპუბლიკელი იბრძოლებს
ამერიკის რესპუბლიკური პარტიის ცხრა წევრი იბრძვის აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პოსტისთვის. წინა კადიდატმა, ტრამპისტმა კონგრესმენმა ჯიმ ჯორდანმა უარი თქვა სპიკერობისთვის ბრძოლაზე.
ამის შესახებ წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკური კონფერენციის თავმჯდომარემ, ელის სტეფანიკმა განაცხადა.
სპიკერობისთვის იბრძვის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის წარმომადგენელი ტომ ემერი, რომელსაც მხარს ყოფილი თავმჯდომარე კევინ მაკკარტი უჭერს.
ემერი ცდილობს რესპუბლიკური პარტიის ყველა ნაწილის მხარდაჭერა მოიპოვოს.
ემერის გარდა თანამდებობისთვის იბრძვიან:
- ჯეკ ბერგმანი მიჩიგანიდან, ვეტერანი საზღვაო ქვეითი;
- ბაირონ დონალდსი ფლორიდადან, ულტრამემარჯვენე კონგრესმენი;
- კევინ გერნი ოკლაჰომიდან, კონსერვატიული ჯგუფის თავმჯდომარე, რომელიც ცნობილია როგორც რესპუბლიკური კვლევის კომიტეტი;
- მაიკ ჯონსონი ლუიზიანიდან, პალატის რესპუბლიკური კონფერენციის თავმჯდომარის მოადგილე;
- დენ მაიზერი პენსილვანიიდან, ორპარტიული პრობლემების გადაჭრის ჯგუფის წევრი;
- გარი პალმერი ალაბამადან, რესპუბლიკური პოლიტიკური კომიტეტის თავმჯდომარე;
- ოსტინ სკოტი ჯორჯიიდან, მაკარტის მოკავშირე, რომელმა გასულ კვირას, ბოლო წუთს, უარი თქვა ჯიმ ჯორდანთან ბრძოლაზე;
- პიტ სეშანსი ტეხასიდან, რომელიც წარსულში სკანდალში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც დაჟინებით მოითხოვდა უკრაინაში აშშ-ის ელჩის, მარი იოვანოვიჩის გადადგომას.
გასულ კვირას, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა წევრებმა ფარული კენჭისყრით ულტრამემარჯვენე ტრამპისტის, ჯიმ ჯორდანის კანდიდატურა მოხსნეს, რომელმაც სპიკერობისთვის საჭირო ხმები ვერ მოაგროვა.
3 ოქტომბერს დემოკრატიული პარტიის ყველა კონგრესმენმა და რესპუბლიკელების ნაწილმა მხარი დაუჭირეს კევინ მაკკარტის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თანამდებობიდან გადაყენებას. მაკარტი რესპუბლიკური პარტიის ულტრამემარჯვენე ფრთამ დემოკრატებთან თანამშრომლობაში და უკრაინის დასახმარებლად "საიდუმლო გარიგებაში" დაადანაშაულა.
ახალი სპიკერის არჩევამდე, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას არ შეუძლია მიიღოს ახალი კანონები, მათ შორის უკრაინის დახმარების გამოყოფა.