აშშ კატარს ნატოს არაწევრი ძირითადი მოკავშირის სტატუსს მიანიჭებს
31 იანვარს, თეთრ სახლში, კატარის ემირი თამიმ ბინ ჰამად ას-სანის ვიზიტი გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტმა ბაიდენმა კატარს აშშ-ის განსაკუთრებული პარტნიორის სტატუსი მიანიჭა.
ეს განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ვითარებაში, როდესაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხის ფონზე აშშ ევროპელი პარტნიორებისთვის რუსული ბუნებრივი აირის ალტერნატიულ გზებს ეძებს.
პრეზიდენტ ბაიდენს სურს დაარწმუნოს ევროპელი პარტნიორები, რომ ისინი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში არ დარჩებიან ბუნებრივი აირის გარეშე.
კატარის განსაკუთრებულ მოკავშირედ გამოცხადების განზრახვის შესახებ ბაიდენმა ჟურნალისტებს ჯერ კიდევ ვიზიტის დაწყებამდე განუცხადა. ამის მიზეზად ბაიდენმა აშშ-სა და კატარს შორის ბოლო 50 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული ურთიერთობები, მხარეებს შორის სხვადასხვა საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხებზე პროდუქტიული თანამშრომლობა დაასახელა.
ბაიდენმა გამოყო კატარის თანამშრომლობა ავღანეთში მიმდინარე კრიზისთან, ისრაელ-პალესტინის საკითხთან და ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლის თაობაზე.
"მე ვაცნობებ კონგრესს, რომ ვგეგმავ კატარის გამოცხადებას აშშ-ის ძირითად ნატოს არაწევრ მოკავშირე სახელმწიფოდ. ვფიქრობ, ეს დიდი ხნის წინ უნდა გაგვეკეთებინა",- განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის განსაკუთრებული მოკავშირის სტატუსი სულ 17 სახელმწიფოს აქვს, მათ შორისაა: ავსტრალია, ეგვიპტე, ისრაელი, იაპონია, სამხრეთ კორეა, იორდანია, ახალი ზელანდია, ტაილანდი, ქუვეითი, მაროკო, პაკისტანი, ბაჰრეინი, ფილიპინები, არგენტინა, ავღანეთი და ტუნისი. 2019 წელს პრეზიდენტმა ტრამპმა ეს სტატუსი ბრაზილიასაც მიანიჭა.
თავის მხრივ ნატოს არაწევრი, ძირითადი მოკავშირის სტატუსი არ გულისხმობს, რომ ნატოს მეხუთე მუხლის მსგავსად, აშშ-ს პარტნიორი სახელმწიფოს დაცვის სამხედრო ვალდებულება აქვს.
მიუხედავად ამისა, აშშ-ის ძირითადი მოკავშირის სტატუსი სახელმწიფოს განსაკუთრებულ დიპლომატიურ პრესტიჟს აძლევს - მოკავშირეებისთვის ხელმისაწვდომი ხდება აშშ-ის უახლესი ტექნოლოგიები, თავდაცვის სისტემები და სპეციალური სამხედრო პროგრამები. როგორც წესი, ამგვარი სტატუსი დიდი ბიძგია, რომელიც პარტნიორი სახელმწიფოს და დასავლური დემოკრატიების შემდგომ მჭიდრო ინტეგრაციას ითვალისწინებს.
შეხვედრის დასრულებიდან რამდენიმე საათში ბაიდენმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ კონგრესის ლიდერებს ფორმალურადაც, წერილით აცნობა.
მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის მთავარი მოტივი რუსეთის შესაძლო აგრესია და ამ ფონზე ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო, თეთრი სახლის პრესრელიზში არაფერია ნათქვამი უკრაინის საზღვარზე შექმნილი ვითარების შესახებ.
ჟურნალისტებთან საუბრისას ბაიდენი მიესალმა კატარის ავიახაზების მიერ ამერიკულ Boeing-თან გაფორმებულ 34 მილიარდი დოლარის მოცულობის ხელშეკრულებას. ბაიდენის თქმით, ამგვარი გარიგებები აშშ-ში ათასობით სამუშაო ადგილს ქმნის და ინარჩუნებს.
გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ ავღანეთში აშშ-ის საელჩოს ფუნქციებს სწორედ კატარის წარმომადგენლობა შეითავსებს.