აშშ: რუსეთმა უკრაინაში შეჭრა შესაძლოა ბელარუსიდან სცადოს
რუსეთმა შესაძლოა ბელარუსში დაგეგმილი სამხედრო წვრთნები უკრაინაში შესაჭრელად გამოიყენოს, აღნიშნა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა გამოცემა Axios-თან ინტერვიუში.
17 იანვარს ცნობილი გახდა, რომ თებერვალში მოსკოვი და მინსკი ბელარუს-უკრაინის საზღვართან ახლოს ერთობლივი წვრთნების ჩატარებას აპირებენ. რუსულმა სამხედრო ნაწილებმა ბელარუსში შესვლა უკვე დაიწყეს.
„ვაცნობიერებთ, რას შეიძლება მოასწავებდეს ასეთი მანევრები... პუტინი ოპორტუნისტია და ის [წვრთნებში] შესაძლებლობას ხედავს“, - აცხადებს ამერიკელი დიპლომატი.
მაღალჩინოსნის თქმით, მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების და მასობრივი დემონსტრაციების შემდეგ ლუკაშენკას რეჟიმს საყრდენი მოერყა, ის კრემლზე სრულად დამოკიდებული გახდა.
„პუტინი დახმარებას უანგაროდ არ გასცემს“, - აღნიშნავს დიპლომატი და მიიჩნევს, რომ კრემლი ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების გადაადგილებას ლუკაშენკასთან „არც ათანხმებს.“
18 იანვარს თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა ჯენ საკიმ განაცხადა, რომ „რუსეთმა უკრაინაში შეჭრა ნებისმიერ მომენტში შეიძლება სცადოს“.
სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დღეს ოფიციალური ვიზიტით კიევში იმყოფება.