აშშ-ს საპასუხოდ რუსეთი ქვეყნიდან 10 ამერიკელ დიპლომატს აძევებს
რუსეთის ხელისუფლებამ 10 ამერიკელი დიპლომატი Persona non grata-დ გამოაცხადა, ამერიკელმა დიპლომატებმა რუსეთი ერთი თვის ვადაში, 21 მაისამდე უნდა დატოვონ.
როგორც რუსეთის საგარეო უწყების [МИД] მიერ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამია, ეს ზომა რუსეთის ხელისუფლებამ "აშშ-ის მხრიდან მტრული ქმედებების საპასუხოდ მიიღო."
აშშ-მა ახალი სანქციები რუსეთს გასულ კვირას დაუწესა. ახალი სანქციები ითვალისწინებს ფინანსური ოპერაციების შეზღუდვას რუსეთის სახელმწიფო ვალთან.
ბაიდენის ადმინისტრაციამ გააფართოვა აშშ-ის მოქალაქეებისთვის დაწესებული შეზღუდვები, რომლებიც რუსეთის სახელმწიფო ვალთან და ფასიან ქაღალდებთან ფინანსურ ოპერაციებს შეეხება. აშშ-ის ფინანსური ინსტიტუციები ვეღარ შეიძენენ რუსეთის ცენტრალური ბანკის, ფინანსთა სამინისტროს და სარეზერვო ფონდის მიერ გამოშვებულ სახელმწიფო ობლიგაციებს. სავარაუდოდ შეზღუდვა ძალაში მიმდინარე წლის 14 ივლისიდან ამოქმედდება.
ახალი სანქციები რუსეთის მიერ ორგანიზებული კიბერშეტევებისა და არჩევნებში ჩარევის მცდელობის საპასუხო ქმედებაა. სანქციები შეეხო ათობით ფიზიკურ და იურიდიულ პირს. საუბარია პირებზე, რომლებიც მაღალ თანამდებობებს იკავებენ რუსეთის მთავრობასა და სპეცსამსახურებში. შეზღუდვები შეეხება იმ კომპანიებსაც, რომლებიც რუსეთის გარეთ მაგრამ კრემლის ინტერესებში მოქმედებენ. სანქციები შეეხო იმ მედიებსაც, რომლებიც 2020 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს დეზინფორმაციას ავრცელებდნენ.
გარდა ამისა აშშ-დან 10 რუსი დიპლომატი გააძევეს. ამ ნაბიჯის საფუძველი არამხოლოდ კიბერშეტევები და არჩევნებში ჩარევის მცდელობა, არამედ ყირიმის ოკუპაცია და ავღანელი თალიბებისთვის რუსული სპეცსამსახურების მიერ ამერიკელი სამხედროების მკვლელობისთვის შეთავაზებული ფულადი ჯილდოა.
აშშ-ის ხელისუფლებამ სამთავრობო ქსელში რუსი ჰაკერების შეღწევის ფაქტი 2020 წლის დეკემბერში გამოავლინა. აშშ-ის ხელისუფლების ინფორმაციით, კიბერშეტევა გრძელვადიან ხასიათს ატარებდა და რამდენიმე თვის განმავლობაში რუსებს ჰქონდათ წვდომა აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს, ნაციონალურ ტელეკომუნიკაციურ კომპანიასა და სხვა უწყებების დახურულ ინფორმაციაზე.
Washington Post-ის ინფორმაციით, კიბერშეტევების უკან ჰაკერთა გაერთიანება APT29 და Cozy Bear იდგა, რომელსაც თავის მხრივ რუსეთის საგარეო დაზვერვა [CВР] აკონტროლებს.