ტრამპმა გრენლანდიაში ახალი წარმომადგენელი დანიშნა - დანია შეშფოთებულია
დონალდ ტრამპმა გრენლანდიაში სპეციალურ წარმომადგენლად ლუიზიანას გუბერნატორი, ჯეფ ლენდრი დანიშნა, რომელმაც განაცხადა, რომ დაუყოვნებლივ დაიწყებს მუშაობას კუნძულის მიერთებაზე - დანიამ გადაწყვეტილებას შემაშფოთებელი უწოდა.
ვითარების არსი: გადაწყვეტილების შესახებ დონალდ ტრამპმა 21 დეკემბერს გამოაცხადა.
- "მადლობა პრეზიდენტ ტრამპს, ჩემთვის პატივი იქნება ამ მოხალისეობრივ თანამდებობაზე მუშაობა გრენლანდიის ამერიკასთან მიერთების მიზნით"- ნათქვამია ჯეფ ლენდრის განცხადებაში.
- ტრამპის თქმით, ლენდრის კარგად ესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გრენლანდია ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის და იმუშავებს ვაშინგტონის ინტერესების დასაწინაურებლად.
ჩაშლილად: გადაწყვეტილებამ დანიის მთავრობის შეშფოთება გამოიწვია და განაცხადეს, რომ უახლოეს დღეებში განმარტებებისთვის ამერიკის ელჩს დაიბარებენ.
- საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლეკე რასმუსენმა განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია ვაშინგტონის გადაწყვეტილებით და ტრამპის ადმინისტრაციას მოუწოდა თავი შეიკავოს მოქმედებებისგან, რომელიც დანიის სუვერენიტეტის მიმართ უპატივმცემულობას გაუტოლდებოდა.
- "ჩვენი სამეფო შედგება დანიისგან, ფარერის კუნძულებისა და გრენლანდიისგან, ჩვენ ვერ შევურიგდებით მოქმედებებს, რომელიც ძირს უთხრის ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას"- განაცხადა რასმუსენმა.
სტრიქონებს შორის: ტრამპის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი - მისი თქმით, კუნძული მზად არის თანამშრომლობისთვის, თუმცა მხოლოდ ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე დაყრდნობით.
- "სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა ჩვენთვის არაფერს ცვლის, ჩვენ თავად ვწყვეტთ ჩვენს მომავალს, გრენლანდია გრენლანდიელებს ეკუთვნის"- ნათქვამია იენს ფრედერიკ ნილსენის განცხადებაში.
დიდი სურათი: გრენლანდიის მიერთების სურვილს დონალდ ტრამპი ჯერ კიდევ პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს გამოთქვამდა, თუმცა მისი მეორე კადენციის დაწყების შემდეგ კუნძულის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს.
- ტრამპის თქმით, გრენლანდია ამერიკას "ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჭირდება"- ვაშინგტონი დაინტერესებულია გრენლანდიის სტრატეგიული მდებარეობით და მისი მინერალური რესურსების ათვისებით.
- გასულ თვეებში ტრამპმა არ გამორიცხა სამხედრო ძალის გამოყენებაც, რაც ნატოს წევრი და ამერიკის მოკავშირე დანიისთვის შოკისმომგვრელი სიახლე აღმოჩნდა.
კონტექსტი: გრენლანდია 1979 წლიდან შიდა საქმეებში ფართე ავტონომიით სარგებლობს, თუმცა საგარეო პოლიტიკასთან და თავდაცვასთან დაკავშირებული მთავარი გადაწყვეტილებები კოპენჰაგენში მიიღება.
- საზოგადოებრივი აზრის კვლევებით კუნძულის 57-ათასიანი მოსახლეობის მყარი უმრავლესობა მხარს უჭერს გრენლანდიის დამოუკიდებლობას - უმრავლესობა, ასევე წინააღმდეგია ამერიკის შეერთებულ შტატებთან გაერთიანების.
რატომ არის მნიშვნელოვანი: გრენლანდიამ განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა არქტიკის რესურსების ათვისების მიმდინარე გეოპოლიტიკური დაპირისპირების კონტექსტში.
- კლიმატის დათბობა და მყინვარების დნობა გაამარტივებს რეგიონის სასარგებლო წიაღისეულის ათვისებას.
- გარდა ამისა, გრენლანდია ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპას შორის მდებარეობს - დიდ ბრიტანეთს, ფარერის კუნძულებსა და გრენლანდიას შორის მოქცეული ატლანტის ოკეანის მონაკვეთი რუსეთთან პოტენციური სამხედრო დაპირისპირების კონტექსტში თავდაცვის მთავარ ხაზს წარმოადგენს.