აშშ-ს სატელიტებმა კახოვკის კაშხლის ჩამოშლამდე ადგილზე აფეთქება დააფიქსირეს
კახოვკის კაშხლის ჩამოშლამდე ცოტა ხნით ადრე აშშ-ს სადაზვერვო სატელიტებმა აფეთქება დააფიქსირეს. ვაშინგტონში ფიქრობენ, რომ სწორედ აფეთქება გახდა კაშხლის ჩამოშლის მიზეზი.
ინფორმაციას ამის შესახებ ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით New York Times ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ინფრაწითელი გამოსხივების საზომით აღჭურვილმა სადაზვერვო სატელიტებმა ჰეს-ის მახლობლად სითბური ანომალია გამოავლინა, რომელიც როგორც წესი აფეთქებას ახასიათებს.
წყაროები გაზეთთან საუბარში არ გამორიცხავენ, რომ კაშხლის მდგრადობაზე საომარი მოქმედებების პერიოდში მიღებულმა დაზიანებამ ან წყლის მზარდმა წნევამ იმოქმედა, თუმცა მიიჩნევენ, რომ სწორედ აფეთქება გახდა დამბის ჩამოშლის მიზეზი.
ამერიკული წყაროები მიიჩნევენ, რომ აფეთქების უკან რუსეთი იდგა, თუმცა მათ ჯერ არ აქვთ მყარი მტკიცებულებები.
კონტექსტი
გუშინ ნორვეგიული კომპანია NORSAR-ში განაცხადეს, რომ კახოვკის კაშხლის ჩამოშლის დღეს მოწყობილობებმა ამავე რაიონში მასშტაბური აფეთქება დააფიქსირეს.
ზოგი OSINT ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ კაშხლის ჩამოშლის მიზეზი საომარი მოქმედებების დროს მიღებული დაზიანებები და რუსული ადმინისტრაციის დაუდევრობა იყო.