აშშ-ს თავდაცვის უნივერსიტეტი: ჩინეთის ჯარს რუსეთის მსგავსი სისუსტე აღენიშნება
ჩინეთის ჯარში პოტენციური სისუსტე შეინიშნება, რაც მსგავსია იმისა, რამაც უკრაინაში რუსების კრახი განაპირობა. ამის შესახებ აშშ-ს ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის ანგარიშშია საუბარი.
ანგარიშში ყურადღება იმაზეა გამახვილებული, რომ ჩინეთის ხალხის განმათავისუფლებელ ჯარში, რუსული არმიის მსგავსად, კომბინირებული მომზადების დეფიციტია.
ჩინური არმიის ხუთი სამსახურის (ჯარი, ფლოტი, ავიაცია, სარაკეტო ძალები, სტრატეგიული დახმარების ძალები) 300 მაღალჩინოსნის წარსული გამოცდილების გამოკვლევით ვლინდება, რომ უმეტესწილად, ოფიცრებს მხოლოდ იმ შტოში აქვთ გატარებული კარიერა, საიდანაც დაიწყეს.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ვინც ავიაციაში იწყებს, მუდამ ავიაციაშია, ვინც ფლოტში - მუდამ ფლოტში.
ანგარიშის თანახმად, ამგვარი პრაქტიკა მნიშვნელოვნად განსხვავდება ამერიკულისაგან, სადაც კომბინირებული წრთვნა 1986 წლიდან სამართლებრივადაა მოთხოვნილი.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, „ამგვარ მოუქნელობას შეუძლია, მომავალ კონფლიქტებში ჩინეთის ეფექტურობა შეამციროს“, განსაკუთრებით იმგვარ კონფლიქტებში, რომლებიც სხვადასხვა დანაყოფების ერთობლივ მოქმედებას მოითხოვს.
სწორედ ამ პრობლემას წააწყდნენ რუსები უკრაინაში, სადაც „ძალების ჯამური ერთსულოვნება დაბალი იყო“.
კარლ შუსტერი, აშშ-ს წყნარი ოკეანის სარდლობის გაერთიანებული დაზვერვის ცენტრის ყოფილი დირექტორი, ანგარიშს ჩინეთის შესახებ საუკეთესო შეფასებას უწოდებს.
თუმცა, მისი თქმით, ჩინეთის ჯარის რუსულთან შედარებისას სიფრთხილეა საჭირო, რამდენადაც ჩინურ არმიას არაერთი უპირატესობა გააჩნია.
კარლ შუსტერის თანახმად, ჩინელები ჯარისკაცებს უკეთ წრთვნიან და ახალწვეულებზე აღარ არიან დამოკიდებულნი, მაშინ, როცა რუსების სამხედრო მოსამსახურეების 80-85% შვიდი თვის გაწვეულია.