აშშ-ში ინფლაციამ 40 წლიან მაქსიმუმს მიაღწია

აშშ-ში ინფლაცია მარტში წლიურად 8.5 პროცენტს გაუტოლდა, რაც 1981 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

აშშ-ს შრომის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამომხმარებლო ფასების ინდექსის რეკორდული ზრდა საქონლის მიწოდების შეფერხებამ, გაზრდილმა მოთხოვნამ და რუსეთ-უკრაინის ომის თანმდევმა ეკონომიკურმა შოკმა გამოიწვია.

ფასები განსაკუთრებით გაზრდილია ბენზინსა და ნავთობზე. ამერიკის ავტომობილისტთა ასოციაციის (AAA) თანახმად, ერთ გალონ ბენზინზე 43 პროცენტით გაიზარდა.

ენერგომატარებლებზე ფასების ზრდამ მთელი ქვეყნის მასშტაბით საქონლის გადაზიდვებიც გააძვირა.

ინფლაციის მატების ფონზე მოსალოდნელია, რომ ფედერალური რეზერვი - აშშ-ს მთავარი მონეტარული ორგანო - პოლიტიკას მკვეთრად გაამკაცრებს.

ანალიტიკოსების აზრით, ინფლაციის შეკავება წელს პრეზიდენტ ბაიდენის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი იქნება.

ნოემბერში ბაიდენის პარტიას კონგრესის შუალედური არჩევნების სახით მნიშვნელოვანი გამოცდა ელის.

 

მსგავსი სიახლეები