ავსტრიის კანცლერ კურცზე ანტი-კორუფციული გამოძიება დაიწყო

ავსტრიის კანცლერ სებასტიან კურცზე ანტი-კორუფციულმა პროკურორებმა გამოძიება დაიწყეს. ის ეჭვმიტანილია საპარლამენტო კომისიის მოსმენაზე იბიცას სკანდალზე ტყუილის თქმაში.

კურცმა ოთხშაბათს პრესკონეფრენციაზე დაადასტურა, რომ პროკურორებმა მას და მისი ადმინისტრაციის უფროსს ინფორმაცია მიაწოდეს, რომ ეჭვმიტანილი არიან ცრუ ჩვენების მიცემაში. კურცი ყველა ბრალდებას უარყოფს და კომისიას აკრიტიკებს.

“სამწუხაროა… რომ ჩვეულებრივი მეთოდი გახდა კომისიაში მწვავე ატმოსფეროს შექმნა კითხვებით და ზოგჯერ ინსინუაციებით, შემდეგ კი, ამავე დროს, სიტყვებით თამაშის მცდელობა,” - თქვა კურცმა.

საპარლამენტო კომისია იბიცას სკანდალის შემდეგ შეიქმნა, რომელმაც სებასტიან კურცის წინა კოალიცია დაშალა 2019 წელს. კურცის კოალიციური პარტნიორის, ულტრამემარჯვენე “თავისუფლების” პარტიის ლიდერი ჰაინც-ქრისტიან შტრახე რუსი ოლიგარქის, იგორ მაკაროვის დისშვილთან ერთად განიხილავდა სამთავრობო კონტრაქტების მოგების სანაცვლოდ კონკრეტული მედიასაშუალებიდან პოზიტიური გაშუქების მიღების შესაძლებლობას. საბოლოოდ ამან ქვეყანა რიგგარეშე არჩევნებამდე მიიყვანა.

სხვა საკითხებთან ერთად, კომისია იძიებდა სახელმწიფო კომპანია ÖBAG-ის აღმასრულებელ დირექტორად კურცის ნდობით აღჭურვილი პირი დანიშვნის საკითხს. ავსტრიის კანცლერი ყველა ბრალდებას უარყოფს, თუმცა, მედიაში გავრცელებული მიმოწერა საპირისპიროს ამტკიცებს.

ლიბერალური ოპოზიციური პარტიის “Neos” წარმომადგენლებმა პროკურატურაში გამოძიების დაწყების მოთხოვნით განცხადება უკვე შეიტანეს.

ჟურნალისტების კითხვაზე, გადადგება თუ არა ის ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, კურცმა უპასუხა, რომ მას “ვერ წარმოუდგენია” მოვლენების მსგავსი განვითარება. 

ავსტრიაში, საპარლამენტო კომისიისთვის ცრუ ჩვენების მიცემა 3 წლამდე პატიმრობით ისჯება.

 

წყარო:

politico.com

 

მსგავსი სიახლეები