ავსტრიის კანცლერი შალენბერგი გადადგომას აანონსებს
ავსტრიის კანცლერის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ შალენბერგმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ გადადგომას აპირებს. კონსერვატორულმა ავსტრიის სახალხო პარტიამ სებასტიან კურცის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ახალი ლიდერი უნდა აირჩიოს.
"პარტიის ლიდერობა ჩემი მიზანი არასოდეს ყოფილა, - თქვა შალენბერგმა - ღრმად მწამს, რომ ორ ისეთ პოზიციაზე, როგორიცაა მთავრობის მეთაური და ყველაზე დიდი მხარდაჭერის მქონე პარტიის ლიდერი, ერთი ადამიანი უნდა იყოს."
შალენბერგი კანცლერი ოქტომბერში, სებასტიან კურცის გადადგომის შემდეგ გახდა, რომელიც მის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით დაწყებული გამოძიების გამო გადადგა.
პროკურატურა მას სახელმწიფო თანხებით ჟურნალისტების და სოციოლოგიური კომპანიების მოსყიდვას ედავება. ყოფილი კანცლერი ყველა ბრალდებას უარყოფს.
ხუთშაბათს მან განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას და მის ცოტა ხნის წინ დაბადებულ შვილზე ზრუნვას აპირებს.
შალენბერგმა კურცს ქვეყნისთვის გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.
ავსტრიული გაზეთი Der Standard აცხადებს, რომ სახალხო პარტიის ლიდერობის და ავსტრიის კანცლერობის ფავორიტი მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი კარლ ნეჰამერია.