აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისია: ალიევმა ხმების 92.1% მიიღო
აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მაზაჰირ პანაჰოვმა განაცხადა, რომ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ლიდერობს და 92.1%-ს იღებს.
პანახოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ცესკომ დაასრულა ხმების 54.47%-ის დათვლა.
მისი თქმით, ზაჰიდ ორუჯმა ხმების 2.2% მიიღო, ფაზილ მუსტაფა - 1.99%, გუდრიათ ჰასანლიევი - 1.78%, რაზი ნურულაევი 0.79%, ელშად მუსაევი - 0.66% და ფუად ალიევი - 0.48%.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რიგგარეშე არჩევნებში აქტივობამ 76.73% შეადგინა და ჯამში 4 მილიონ 971 ათასმა ამომრჩეველმა მისცა ხმა.
"შედარებისთვის, 2018 წლის არჩევნებში აქტივობა 74.5% იყო, მაშინ 3 მილიონ 962 ათასმა ადამიანმა მისცა ხმა. როგორც ხედავთ, არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონზე მეტი ადამიანით გაიზარდა. ეს არის ამომრჩევლის აქტივობის ძალიან კარგი მაჩვენებელი," - დასძინა პანახოვმა.
არჩევნები მომავალ წელს უნდა გამართულიყო, მაგრამ ალიევმა ის მისი პოპულარობის ზრდის ფონზე, მას შემდეგ ჩაატარა, რაც აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე კონტროლი დაიბრუნა. გარდა ამისა, 2024 წლის ნოემბერში აზერბაიჯანი გაეროს კლიმატის მომდევნო სამიტს უმასპინძლებს, რომლის წყალობითაც ალიევი კვლავ ყურადღების ცენტრში იქნება.
ალიევი ხელისუფლებაში 2003 წლიდანაა მისი მამის, ჰეიდარ ალიევის ნაცვლად, რომელიც წინა ათწლეულში პრეზიდენტი იყო. ამჟამად პრეზიდენტი შვიდი წლით ირჩევა, საპრეზიდენტო ვადების რაოდენობა კი შეუზღუდავია. ალიევისთვის ეს უკვე ზედიზედ მეხუთე არჩევნებია.
ალიევის გარდა, არჩევნებში მონაწილეობის უფლება კიდევ ექვს კანდიდატს მიეცა, ზოგიერთი მათგანი ალიევს საჯაროდ აქებს. მათ შორის მოქმედი პრეზიდენტის რეალური კონკურენტები არ არიან. ორმა მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ, "მუსავატმა" და "აზერბაიჯანის სახალხო ფრონტმა," უარი განაცხადეს არჩევნებში მონაწილეობაზე. "მუსავატის" ლიდერმა არიფ გაჯილიმ ბოიკოტის მიზეზად არჩევნების არადემოკრატიული ხასიათი დაასახელა.
"ბევრი ჟურნალისტი და პოლიტიკური აქტივისტი ციხეშია. ქვეყანაში ორასზე მეტი პოლიტპატიმარია. არის სერიოზული პრობლემები საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით და საარჩევნო კომისიები დიდწილად ხელისუფლების გავლენის ქვეშ არის," - განუცხადა გაჯილიმ Associated Press-ს.
არჩევნები ასევე ტარდება მთიან ყარაბაღში, საიდანაც გასულ შემოდგომაზე ასი ათასზე მეტი სომეხი გაიქცა, რის გამოც რეგიონის დიდი ნაწილი პრაქტიკულად მიტოვებულია. თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ყოფილი ლიდერების უმეტესობა აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააკავა.
7 თებერვალს ილჰამ ალიევმა ხმა მთიან ყარაბაღში, ხანკენდიში (სომხური სახელი სტეფანაკერტი) მისცა. მანამდე მან იქ პირადად აღმართა აზერბაიჯანის დროშა და შემდეგ სამხედრო აღლუმი ჩაატარა.