აზერბაიჯანმა გადატრიალების მცდელობისთვის 6 ისლამისტი დააპატიმრა
აზერბაიჯანმა ხუთშაბათს ექვსი მამაკაცი დააკავა, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ ირანის საიდუმლო სამსახურებთან და აწყობდნენ გადატრიალებას. ამის შესახებ Times of Israel წერს.
აზერბაიჯანსა და ირანს შორის ურთიერთობა დიდი ხანია დაიძაბა. აზერბაიჯანი ირანის ისტორიული კონკურენტი თურქეთის ახლო მოკავშირეა და მჭიდრო კავშირები აქვს ისრაელთან.
დაკავებები რამდენიმეთვიან დიპლომატიურ დაძაბულობას მოჰყვა.
ბაქომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ექვსი მოქალაქე "ირანის საიდუმლო სამსახურებმა ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის გადაიბირეს."
დაკავების შესახებ ერთობლივი განცხადება ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა.
სამართალდამცავების თქმით, ისლამისტების ჯგუფი "წინააღმდეგობის რაზმის" შექმნას გეგმავდა, რომელიც მიზნად ისახავდა შარიათის კანონებზე დაფუძნებული სახელმწიფოს შექმნას, აზერბაიჯანში შეიარაღებული არეულობის მოწყობასა და ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივ დამხობას.
მათ ბრალი ედებათ "რელიგიური რადიკალიზმის პროირანულ პროპაგანდაში ჩართულობაში, ასრულებდა ბრძანებებს საზღვარგარეთიდან აზერბაიჯანის ტოლერანტობის ტრადიციის შელახვის მიზნით."
აზერბაიჯანის თქმით, ისინი "რადიკალურ ისლამს" ხელს უწყობდნენ ნარკოვაჭრობიდან მიღებული ფულის გამოყენებით.
იანვარში აზერბაიჯანმა ირანში თავისი საელჩოს მუშაობა შეაჩერა, რამდენიმე დღის შემდეგ, რაც შეიარაღებული პირი შეიჭრა სალეჩოში, მოკლა ერთი მცველი და დაჭრა ორი სხვა ადამიანი.
ბაქო აცხადებს, რომ თავდასხმის უკან თეირანის საიდუმლო სამსახურები დგანან.
გასულ წელს, აზერბაიჯანმა თავისი ხუთი მოქალაქე დააკავა ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის და კიდევ 17 მამაკაცი, რომლებიც ბაქოს მტკიცებით "ირანის მიერ შექმნილ უკანონო შეიარაღებულ დაჯგუფებაში" იყვნენ.