ბაიდენი და ტრუდო შეთანხმდნენ, რომ უკრაინის დახმარებას გააგრძელებენ
6 მაისს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბარი გამართა კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოსთან, საუბრის თემებს შორის იყო რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსამსახური იტყობინება.
„ორივე ლიდერმა ხაზი გაუსვა მათ ვალდებულებას გააგრძელონ რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება უკრაინაში მის სასტიკ ქმედებებზე და განიხილეს მათი მცდელობები უკრაინის მთავრობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ისევე როგორც ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება ძალადობის შედეგად დაზარალებული მილიონობით უკრაინელისთვის. პრეზიდენტმა თქვა, რომ აფასებს კანადის მჭიდრო პარტნიორობას ამ კრიზისის განმავლობაში და ლიდერობას რუსეთზე ყოვლისმომცველი სანქციებისა და შეზღუდვების დაწესების საქმეში.“ - ნათქვამია განცხადებაში.
ტრუდოს პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ლიდერებმა განიხილეს „შემდგომი ნაბიჯები, რომლებიც კანადამ და შეერთებულმა შტატებმა შეიძლება გადადგას უკრაინის მთავრობისა და ხალხის მხარდასაჭერად“.
„პრემიერმა და პრეზიდენტმა შეაქეს უკრაინელი ხალხის ურყევი გამბედაობა რუსული აგრესიის წინაშე. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისა და მისი მთავრობისადმი და პირობა დადეს, რომ გააგრძელებენ უკრაინის ეკონომიკური, ჰუმანიტარული და უსაფრთხოების მიმართულებით მხარდაჭერას." - ვკითხულობთ პრესრელიზში.
ლიდერებმა ასევე შეშფოთება გამოთქვეს ომის ფართო, გლობალური შედეგების, მათ შორის ენერგეტიკასა და სურსათის უსაფრთხოებაზე ზემოქმედების შესახებ.