ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს
აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთის მიერ უკრაინისთვის გამოცხადებული ომის შემდეგ სპეციალური მიმართვა გაავრცელა.
ბაიდენის თქმით, უკრაინელები არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიის მსხვერპლები არიან.
"მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი იმ სიკვდილსა და ნგრევაზე, რასაც ეს თავდასხმა მოიტანს. აშშ, მოკავშირეები და პარტნიორები პასუხს გავცემთ ერთიანი და გადამწყვეტი გზით.
მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს",- განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ს პრეზიდენტმა "დიდი შვიდეულის" და ნატოს ლიდერებთან კონსულტაციები დააანონსა, რათა რუსეთის აგრესიის საპასუხო ზომებზე შეთანხმდნენ.
რუსეთის პრეზიდენტმა 24 თებერვლის დილით, თბილისის დროით დილის შვიდ საათზე უკრაინაში მასშტაბური ინტერვენციის დაწყება გამოაცხადა.
პუტინმა კიევის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის მიზნად "უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა.
უკრაინაში აფეთქებები გაისმა კიევში, მარიუპოლში, ხარკოვში, ნიკოლაევში, ხერსონესში.
ვრცელდება უკრაინული პოზიციების "გრადების" ზალპური ცეცხლით დაბომბვის ვიდეოკადრები.
დროებით დაიხურა ხარკოვის, დნეპრის, ზაპოროჟიის აეროპორტები.
პუტინის განცხადებამდე ცოტა ხნით გავრცელდა ლუჰანსკის და დონეცკის სეპარატისტი ლიდერების მიმართვები, რომლებშიც მათ რუსეთისგან "უკრაინული აგრესიის მოგეროებაში" დახმარება მოითხოვეს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა - უშედეგოდ.