ბაიდენი: უკრაინას $200 მილიონის სამხედრო დახმარებას გადავცემთ
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სამშაბათს, თეთრ სახლში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მან ხელი მოაწერა განკარგულებას უკრაინისთვის 200 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ.
"მე ახლახან მოვაწერე ხელი გადაწყვეტილებას კიდევ 200 მილიონი დოლარის (სამხედრო დახმარების. - რედ.) გამოყოფის შესახებ. ის მალე ჩამოვა," - თქვა ბაიდენმა ზელენსკისთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყებამდე.
მან არ დააკონკრეტა რა შედის დახმარების ახალ პაკეტში.
ამერიკის ლიდერმა ასევე აღნიშნა აშშ-ის კონგრესის მიერ კიევისთვის დამატებითი დაფინანსების დამტკიცების აუცილებლობა, რადგან თუ ეს არ მოხდება, ეს გახდება "საშობაო საჩუქარი" ვლადიმერ პუტინისთვის.
ამავდროულად, ბაიდენმა ზელენსკის უთხრა, რომ "ჩვენ (აშშ. – რედ.) თქვენს გვერდით ვიდგებით," თუნდაც რესპუბლიკელებმა დაბლოკონ დახმარების პაკეტი.
ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტი უკვე შეხვდა ამერიკელ კანონმდებლებს, რათა შეეცადოს მათი მხარდაჭერის მოპოვებას კიევისთვის დამატებითი დაფინანსების გამოსაყოფად.
აშშ-ის კონგრესმა ჯერ კიდევ არ დაამტკიცა ბაიდენის მოთხოვნა უკრაინის დასახმარებლად დამატებითი დაფინანსების შესახებ, ზოგიერთი რესპუბლიკელის წინააღმდეგობის გამო. 6 დეკემბერს უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების შესახებ კანონპროექტმა სენატში პროცედურული კენჭისყრა ვერ გაიარა.
ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს დათმობებს საიმიგრაციო პოლიტიკაზე, რათა უკრაინისა და ისრაელისთვის ახალი დახმარება უზრუნველყოს.