ბაიდენის ადმინისტრაცია გადასახადების მასშტაბურ ზრდას გეგმავს - Bloomberg
მოსალოდნელია, რომ ეს იქნება გადასახადების ყველაზე მასშტაბური ზრდა 1993 წლის შემდეგ. ამგვარი ზომის საჭიროებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია გრძელვადიანი ეკონომიკური პროგრამის რეალიზაციის აუცილებლობით ხსნის. გრძელვადიანი ეკონომიკური პროგრამის განხორციელება ეკონომიკის სტიმულირების მესამე, 1.9 ტრილიონიანი პაკეტის გაცემის შემდეგ დაიწყება.
გამოცემის წყაროს ინფორმაციით, საუბარია იმ საგადასახადო რეფორმებზე, რომელსაც ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო პროგრამა ითვალისწინებდა. გეგმა პრეზიდენტ ტრამპის მიერ 2017 წელს მიღებული საგადასახადო რეფორმის ნაწილობრივ გაუქმებას ითვალისწინებს, იმ ნაწილში, რომელშიც გარკვეული პრეფერენციები მიიღეს კორპორაციებმა და მაღალშემოსავლიანმა მოქალაქეებმა. ამგვარად, ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს საგადასახადო პოლიტიკაში პროგრესული ელემენტი გააძლიეროს.
მოსალოდნელ ცვლილებს შორისაა კორპორაციებისთვის გადასახადის 21%-დან 28%-მდე გაზრდა, ასევე, საგადასახადო შეღავათების გაუქმება შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანიებისთვის, ასევე საშემოსავლო გადასახადის გაზრდა იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა შემოსავალიც წელიწადში 400 000 დოლარს აღემატება. ასევე, განიხილება კაპიტალის ზრდის გადასახადის ზრდა, რაც იმ მოქალაქეებს შეეხება, რომლებიც წელიწადში 1 მილიონ დოლარზე მეტს გამოიმუშავებენ.
2020 წლის ნოემბერში Tax Policy Research Center-მა ბაიდენის საგადასახადო რეფორმის შედეგებზე კვლევა გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, ბაიდენის რეფორმის განხორციელების შემთხვევაში ფედერალური ბიუჯეტის შემოსავლები 10-წლიან მონაკვეთში 2.1 ტრილიონი დოლარით გაიზრდებოდა. რეფორმა, რომელიც ამ დროისთვის განიხილება უფრო მოკრძალებულია შესაბამისად პროგრამის ზღვრული მოცულობა 4 ტრილიონი დოლარი იქნება.
აღნიშნული რეფორმის დამტკიცებისთვის დემოკრატებს სენატში სულ ცოტა 10 რესპუბლიკელის თანხმობა დაჭირდებათ, მოსალოდნელია, რომ ეს იქნება ჯო ბაიდენის პირველი გამოცდა, როგორც ორ პარტიას შორის გამოცდილი მედიატორის.
მარტის დასაწყისში ბაიდენის ადმინისტრაციამ ეკონომიკის სტიმულირების მესამე პაკეტი მიიღო. პროგრამის მოცულობა 1.9 ტრილიონი დოლარი შეადგინა და სხვა კომპონენტებთან ერთად პანდემიის გამო დაზარალებული მოქალაქეებისთვის 1 400 დოლარის პირდაპირ გადახდას გულისხმობდა. პაკეტი, ასევე, ითვალისწინებდა ყოველკვირეულ კომპენსაციას იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც პანდემიის გამო შემოსავალი დაკარგეს. შტატების და თვითმართველობების დასახმარებლად გამოყოფილია 350 მილიარდი დოლარი. პროგრამა, ასევე, ითვალისწინებს სკოლების, საავადმყოფოების და საყოველთაო ვაქცინაციის პროგრამის ხელშეწყობას.