ბაიდენმა ნეთანიაჰუს მიანიშნა, რომ მისი პრემიერობის დღეები დათვლილია - Politico
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი თანაშემწეები თვლიან, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს, როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრის დღეები დათვლილია. ამის შესახებ Politico პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.
ბაიდენმა ეს განწყობა პრემიერ-მინისტრსაც კი გაუზიარა და ისრაელში ვიზტის დროს ნეთანიაჰუს უთხრა, რომ დაფიქრდეს გაკვეთილებზე, რომელიც სურს თავის მემკვიდრეს გაუზიაროს.
მესამე ამერიკელი ოფიციალური პირი ამბობს, რომ ადმინისტრაციის შიგნით არის მოლოდინი, რომ ნეთანიაჰუ შეძლებს ხელისუფლებაში კიდევ რამდენიმე თვით დარჩენას ან სანამ ღაზაში ისრაელის სახმელეთო შეჭრა არ დასრულდება. თუმცა, ყველა ოფიციალურმა პირმა აღიარა ისრაელის პოლიტიკის ცვალებადობა, რის გამოც ისინი გადაჭრით ვერაფერს ამბობენ.
აშშ ნეთანიაჰუს მმართველობის შემდგომ სცენარზე იწყებს ფიქრს. ამერიკის მთავრობის წარმომადგენლები მთვარი ოპოზიციური პარტიის, ეროვნული ერთიანობის ლიდერ ბენი განცს შეხვდნენ, რომელიც მთავრობას ომის დაწყების შემდეგ შეუერთდა; ასევე ოპოზიციის ლიდერ იაირ ლაპიდს და ყოფილი პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტს.
ბაიდენის ადმინისტრაციის ორი მაღალჩინოსანი შიშობს, რომ ნეთანიაჰუ საკუთარ პოლიტიკურ მომავალს ომს უკავშირებს და შესაძლოა რაღაც მომენტში კონფლიქტის ესკალაციაზე გადავიდეს.