ბელარუსის პროტესტების ლიდერი მარია კოლესნიკოვა რეანიმაციაში გადაიყვანეს
2020 წელს ბელარუსში განვითარებული საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთი ლიდერი მარია კოლესნიკოვა საპატიმროდან რეანიმაციაში გადაიყვანეს.
ინფორმაციას ამის შესახებ The Insider ავრცელებს.
თავდაპირველად კოლესნიკოვას რეანიმაციაში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია ვიქტორ ბაბარიკას შტაბმა გაავრცელა - ბაბარიკა 2020 წელს პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო, სწორედ მის შტაბს ხელმძღვანელობდა მარია კოლესნიკოვა.
კოლესნიკოვა, ბაბარიკა და პროტესტების კიდევ ერთ ლიდერი, სერგეი ტიხანოვსკის ბელარუსის სასამართლომ მრავალწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, სამივე მათგანი საპატიმროში იმყოფება.
ბაბარიკას შტაბის ცნობით, კოლესნიკოვა ქალაქ გომელის სასწრაფო დახმარების საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. მათი ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანამდე კოლესნიკოვა საპატიმრო იზოლატორში იმყოფებოდა, სადაც მასთან არ უშვებდნენ ადვოკატს.
ადვოკატმა კოლესნიკოვას გადაყვანის შესახებ 24 საათის დაგვიანებით გაიგო - მისი ინფორმაციით კოლესნიკოვა საპატიმროდან ჯერ საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში გადაიყვანეს და შემდეგ რეანიმაციაში.
კონტექსტი
2020 წლის აგვისტოში განვითარებული პროტესტებისა და ქვეყნიდან სვეტლანა ტიხანოვსკაიას წასვლის შემდეგ, კოლესნიკოვა პროტესტების ერთადერთი ლიდერი იყო, რომელიც ბელარუსში რჩებოდა.
არსებული ცნობებით, ბელარუსი პოლიციელები ცდილობდნენ კოლესნიკოვა უკრაინის ტერიტორიაზე გადაეყვანათ, თუმცა სასაზღვრო პუნქტთან მიყვანილმა კოლესნიკოვამ პასპორტი დახია.
კოლესნიკოვას ექსტრემისტული დაჯგუფების ორგანიზებისა და ძალადობის მოწოდებებისთვის ბელარუსის სასამართლომ 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
კოლესნიკოვას რეანიმაციაში მოხვედრა განსაკუთრებით საეჭვოდ გამოიყურება ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვლადიმირ მაკეის უეცარი გარდაცვალების ფონზე.
მაკეი 64 წლის ასაკში 26 ნოემბერს გარდაიცვალა, ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა მაკეის მოულოდნელი გარდაცვალების მიზეზი.