ბელორუსის პროკურატურა ტიხანოვსკაიასთვის 19 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს

ბელორუსის პროკურატურამ ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სვეტლანა ტიხანოვსკაიასთვის და ყოფილი დიპლომატისთვის, პაველ ლატუშკოსთვის დაუსწრებლად 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. გარდა ამისა, პროკურატურა საჭიროდ მიიჩნევს ტიხანოვსკაიასთვის 37 ათასი ბელორუსული რუბლის ჯარიმის დაკისრებას. ამის შესახებ 27 თებერვალს, ბელორუსის უფლებადამცველმა ცენტრმა Весна-მ განაცხადა.

უფლებადამცველების თქმით, ტიხანოვსკაია ათ სისხლის სამართლის საქმეზეა ბრალდებული. მათ შორის, არეულობებში მონაწილეობის მომზადების, ძალაუფლების ხელში ჩაგდების შეთქმულების, "ექსტრემისტული ფორმირებების" შექმნისა და მათი ხელმძღვანელობის საქმეებზე.

ლატუშკოს კი ბრალი შვიდ სისხლის სამართლის საქმეზე წაუყენეს.

ტიხანოვსკაიასა და ლატუშკოს გარდა, ბრალდებულები არიან ოლგა კოვალკოვა, სერგეი დილევსკი და მარია მოროზი, მათი სასამართლო პროცესები "სპეციალური წარმოების" რეჟიმით მიმდინარეობს. 

2022 წლის ივლისში ბელორუსის მმართველმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ხელი მოაწერა კანონს ბელორუსში სპეციალური სამართალწარმოების ინსტიტუტის შემოღების შესახებ, რომელიც სასამართლოების დაუსწრებლად ჩატარების საშუალებას იძლევა.

მსგავსი სიახლეები