ლუკაშენკა: ბელორუსის არმიის მესამედი უკრაინის საზღვარზე დგას

ალექსანდრ ლუკაშენკამ თქვა, რომ ბელორუსის არმიის თითქმის მესამედი უკრაინის საზღვარზე გადაიყვანეს.

ბელორუსმა დიქტატორმა რუსეთის სახელმწიფო ტელეარხ Россия-1-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ კიევი არა მხოლოდ "ინარჩუნებს 120 ათასზე მეტ სამხედროს ბელორუსის საზღვრებთან," არამედ დამატებითი ძალებიც განათავსა.

ლუკაშენკას თქმით, კიევმა საზღვარზე დამატებითი შენაერთები იმის შიშით გაგზავნა, რომ ბელორუსის ძალები რუსულთან ერთად გომელიდან უკრაინას შეუტევენ. თუმცა, მოგვიანებით, კიევმაც და მინსკმაც გაიყვანეს ძალები და საზღვრის ორივე მხარეს რჩება ის ნაწილები, რომლებიც იქ გადაისროლეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასაწყისში.

კურსკის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის კომენტირებისას ბელორუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა აპირებს ფსონების გაზრდას და ეს არასწორია.

"რუსი სამხედროები და პირადად პუტინი მოკვდებიან, მაგრამ კურსკიდან უკრაინელ სამხედროებს განდევნიან," - აღნიშნა ლუკაშენკამ.

გარდა ამისა, მისი აზრით, უკრაინამ უკვე გაიარა "დენაციფიკაციის" ეტაპი.

"თქვენ ხანდახან საუბრობთ ნაცისტებზე. ეს ნაცისტები იქ აღარ არიან. უკრაინა დენაციფიცირებულია. არის რამდენიმე გაცოფებული ნაცისტი, რომლებიც იქ რჩებიან, მაგრამ ისინი აღარ არიან ტრენდული," - განაცხადა ბელორუსის პრეზიდენტმა.

ამასთან, ლუკაშენკამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვმა და კიევმა უნდა დაიწყონ მოლაპარაკებები.

უკრაინამ ადრე განაცხადა, რომ 6 აგვისტოს დაწყებული შეტევა კურსკის რეგიონში, უნდა დაეხმაროს კიევს უკეთესი პოზიციის მოპოვებაში რუსულ მხარესთან შესაძლო მოლაპარაკებებში. 

მსგავსი სიახლეები