ბელოვეჟის მოლაპარაკებები: რაზე შეთანხმდნენ უკრაინა და რუსეთი?
3 თებერვალს ბელარუსში, ბელოვეჟის ტევრში, უკრაინის და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა.
მხარეები საომარი ქმედებების ზონიდან მშვიდობიანი უკრაინელი მოსახლეობის ევაკუაციისთვის ჰუმანიტარული დერეფნების შექმნაზე და კონფლიქტის ზონაში მედიკამენტების მიწოდების უზრუნველყოფაზე შეთანხმდნენ.
„[სამოქალაქო მოსახლეობის] ევაკუაციის დროს შესაძლებელია ცეცხლის დროებითი შეწყვეტაზე შეთანხმება“, - ნათქვამია საერთო კომუნიკეში.
ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი, რომელიც კიევის დელეგაციის შემადგენლობაში შედის, აცხადებს, რომ მოლაპარაკებებმა ის შედეგები, რაზეც უკრაინული მხარე იმედოვნებდა, ვერ გამოიღო.
კიევი მოსკოვისგან ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და უკრაინის ტერიტორიიდან რუსული საოკუპაციო ჯარების გაყვანას ითხოვს.
რუსული დელეგაციის ხელმძღვანელი ვლადიმირ მედინსკი მოლაპარაკების დროს მიღწეულ პირველ შეთანხმებას „არსებით პროგრესად“ აფასებს.
მოლაპარაკებების მესამე რაუნდი უახლოეს მომავალში გაიმართება, თუმცა მხარეები თარიღს ჯერჯერობით არ ასახელებენ.
დელეგაციების შემადგენლობა უცვლელი რჩება. რუსეთის მხარეს პუტინის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო, ბელარუსში რუსეთის ელჩი ბორის გრიზლოვი, სახელმწიფო დუმაში საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი შედიან.
უკრაინის დელეგაციას თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი, ვერხოვნა რადაში ფრაქცია ხალხის მსახური ლიდერი დავიდ არახამია, და პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი.