Bloomberg: რუსეთი ხანგრძლივი რეცესიისთვის ემზადება
რუსეთი შესაძლოა უფრო ხანგრძლივი და ღრმა რეცესიის წინაშე აღმოჩნდეს, რადგან აშშ-ისა და ევროპის სანქციები საფრთხეს უქმნის ინდუსტრიებს, რომლებსაც ქვეყნის ეკონომიკა წლების განმავლობაში ეყრდნობოდა. ამის შესახებ Bloomberg ორშაბათს, 5 სექტემბერს, რუსეთის მთავრობისთვის მომზადებულ შიდა ანგარიშზე დაყრდნობით წერს.
სააგენტოს ცნობით, დოკუმენტი, რომელზეც ოფიციალური პირები და ექსპერტები თვეების განმავლობაში მუშაობდნენ, რათა "შეაფასონ რუსეთის ეკონომიკური იზოლაციის რეალური გავლენა" უკრაინაში შეჭრის გამო, ასახავს "უფრო ბნელ სურათს", ვიდრე ეს ჩანს ოფიციალური პირების საჯარო განცხადებებში.
ანგარიშში წარმოდგენილი სამი სცენარიდან ორი აჩვენებს, რომ რუსეთის მშპ-ის ვარდნა 2023 წელს დაჩქარდება და ეკონომიკა ომამდელ დონეს მხოლოდ ათწლეულის ბოლოს ან მოგვიანებით დაუბრუნდება.
"ინერციული" სცენარით ვარაუდობენ, რომ ეკონომიკა მომავალი წლის ბოლოს შემცირდეს და 2021 წელთან შედარებით მშპ 8.3 პროცენტით დაეცეს. "სტრესის" სცენარის მიხედვით, მშპ-ს მაქსიმალური ვარდნა 2024 წელს არის მოსალოდნელი - 11.9 პროცენტით ნაკლები 2021 წლის მაჩვენებელზე.
ყველა სცენარი ითვალისწინებს სანქციების მზარდ ზეწოლას, რომელსაც, სავარაუდოდ, უფრო მეტი ქვეყანა შეუერთდება. რუსეთის ფედერაციის ნავთობისა და გაზის შესყიდვაზე ევროპის უეცარმა უარმა შეიძლება ზიანი მიაყენოს კრემლის უნარს, გამოკვებოს საკუთარი ბაზარი, ნათქვამია მთავრობის ანგარიშში.