ბორელი: რუსეთის აგრესია უკრაინაში ორი სიტყვით შეიძლება აღიწეროს - "მარცხი" და "სისასტიკე"
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელმა 11 აპრილს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ შეიძლება შეფასდეს, როგორც "მარცხი" და "სისასტიკე".
"ორი სიტყვაა საჭირო უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის აღსაწერად, პირველი არის "მარცხი", ეს არის რუსული არმიის დიდი მარცხი, ცდილობდნენ კიევის აღებას, მაგრამ უკუაგდეს და ახლა კიევი დატოვეს. მათ დაინახეს, რომ შეუძლებელი იყო დედაქალაქის აღება და გადაჯგუფდნენ აღმოსავლეთში. უკრაინელები დარწმუნებულები არიან, რომ დონბასში რუსები დიდი ოპერაციის დაწყებას აპირებენ. მეორე სიტყვა არის "სისასტიკე", და ეს კიდევ უფრო მძიმეა. რუსეთის არმიამ დატოვა დახოცილი მშვიდობიანი მოსახლეობა, ვნახეთ დანგრეული ქალაქები, განურჩევლად ყველას დაბომბვა, როგორიც რკინიგზის სადგურზე. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ ამ ომის ჰუმანიტარული შედეგებით", - თქვა მან.