ბორის ჯონსონი: პუტინი უკრაინაში ომის დანაშაულებს ჩადის

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ვლადიმირ პუტინს უკრაინაში ომის დანაშაულების ჩადენაში დასდო ბრალი.

ჯონსონის განცხადებით, უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე რუსული არმიის მიერ განხორციელებული თავდასხმები ომის დანაშაულებს წარმოადგენს, რომლებიც ჰააგის სასამართლომ უნდა გამოიძიოს.

ჯონსონი ოთხშაბათს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიერ გამოძიების დაწყებას მიესალმა.

სხვადასხვა უფლებადამცველი ორგანიზაციის ინფორმაციით, რუსული საოკუპაციო ძალები უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებზე - საცხოვრებელ სახლებზე, სკოლებზე, საბავშვო ბაღებზე, საავადმყოფოებზე - საარტილერიო და სარაკეტო იერიშს ახორციელებენ.

დოკუმენტირებულია მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ კლასტერული ბომბის და თერმობარული იარაღის გამოყენების შემთხვევები, რაც ჟენევის საერთაშორისო კონვენციითაა აკრძალული.

ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უკრაინაში გენოციდის და ომის დანაშაულების ჩადენის შესახებ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც სასამართლოს პროკურორს სარჩელით 39 ქვეყნის წარმომადგენელმა მიმართა (მათ შორისაა საქართველო).

უკრაინის მთავრობა აცხადებს, რომ რუსული არმიის მიერ ჩადენილ ყველა შესაძლო დანაშაულს აღრიცხავენ და სასამართლოს მტკიცებულებებს წარუდგენენ.

მსგავსი სიახლეები