ბრიტანეთი: დვორნიკოვის მეთაურად დანიშვნა ადასტურებს, რომ რუსები ოპერაციებს არაეფექტიანად გეგმავდნენ
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში ომის ყოველდღიური სიტუაციური ანალიზი განაახლა.
ბრიტანული დაზვერვა აღნიშნავს, რომ რუსული საოკუპაციო ძალების მეთაურად გენერალ ალექსანდრ დვორნიკოვის დანიშვნა რუსების მიერ „მართვისა და კონტროლის სისტემის“ ცენტრალიზაციის მცდელობას წარმოადგენს.
დვორნიკოვს, ისევე როგორც მრავალ სხვა რუს სამხედრო მაღალჩინოსანს, სირიაში სარდლობის გამოცდილება აქვს.
2016 წლის შემდეგ დვორნიკოვი რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქს მეთაურობდა, რომელიც ოკუპირებულ დონბასს ესაზღვრება.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების შეფასებით, დვორნიკოვის დანიშვნა ცხადყოფს, რომ მანამდე რუსების სამხედრო ოპერაციების დაგეგმვა არაეფექტიანად მიმდინარეობდა.
ახლა საოკუპაციო ძალები დონბასის მიმართულების იერიშის გახშირებას შეეცდებიან, ნათქვამია ანგარიშში.