ბრიტანეთის დაზვერვა: ვაგნერი ბახმუტიდან გადის, მათ ადგილს არმია იკავებს
გაერთიანებული სამეფოს სამხედრო დაზვერვის ცნობით, ჩვკ ვაგნერის ძალები ქალაქ ბახმუტიდან გადიან, ხოლო მათ ადგილს რუსეთის რეგულარული არმიის დანაყოფები იკავებენ.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის გარდა, ბახმუტიდან ჩვკ ვაგნერის ნაწილების გასვლის შესახებ წერს ომის კვლევის ინსტიტუტიც. თავის მხრივ გადაადგილებები დაადასტურა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმაც.
გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის ცნობით, ბახმუტში ჩვკ ვაგნერის დანაყოფებს ე.წ. ДНР-ის დანაყოფები ცვლიან, გარდა ამისა ბახმუტის მიმართულებით ფლანგების გასამაგრებლად სვატოვე-კრემენნას მონაკვეთიდან უკვე გადაჰყავთ საჰაერო-სადესანტო ძალების (ВДВ) დანაყოფები.
მოსალოდნელია, რომ ჩანაცვლება ეტაპობრივად კონტროლირებადი ძალისხმევით წარიმართება, რათა თავიდან აიცილონ ფლანგების კოლაფსი.
კონტექსტი
ჩვკ ვაგნერის დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა ბახმუტიდან თავიანთი დანაყოფების გაყვანის შესახებ გასულ თვეებში რამდენიმეჯერ განაცხადა. 7 მაისს, პრიგოჟინი თავდაცვის სამინისტროს ემუქრებოდა, რომ საარტილერიო ჭურვების დეფიციტის გაგრძელების შემთხვევაში მისი ბოევიკები ქალაქს 10 მაისს დატოვებდნენ.
ულტიმატუმის მიუხედავად პრიგოჟინის ბოევიკები ქალაქიდან არ გასულან, თუმცა მას შემდეგ, რაც მათ ქალაქ ბახმუტის ტერიტორიის სრულად დაკავება შეძლეს, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ვაგნერის ძალები გადაჯგუფებისთვის ქალაქიდან პირველ ივნისამდე გავიდოდნენ.