ბრიტანეთმა საქართველოსთან თავდაცვის სფეროში მაღალი რანგის მოლაპარაკებები შეაჩერა

დიდი ბრიტანეთის ელჩმა, გარეტ უორდმა ინტერპრესნიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს მთავრობის მხრიდან მიმდინარე წელს გადადგმულ ნაბიჯებზე, დემოკრატიის უკუსვლასა და მთავრობის ანტიდასავლური რიტორიკის შესახებ ისაუბრა. 

უორდის თქმით, დიდი ბრიტანეთი იმედგაცრუებული და შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის მიერ "სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შემზღუდველი" კანონის მიღებით ისევე, როგორც ქართული ოცნების ლიდერების მიერ დაწყებული შეთქმულების თეორიების პროპაგანდით და მათ მიერ გამოთქმული ვარაუდებით, რომ "დასავლელი პარტნიორები ძირს უთხრიან საქართველოს".

"დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს, ისევე როგორც სხვა დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობა, დააზიანა საქართველოს მთავრობის მხრიდან მიმდინარე წელს გადადგმულმა ნაბიჯებმა. ჩვენ შეშფოთებული ვიყავით, როდესაც პარლამენტმა მიიღო სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შემზღუდველი კანონი, მიუხედავად იმისა, რომ დაინახა საზოგადოების მხრიდან დიდი წინააღმდეგობა და აიღო ვალდებულება, ეს კანონი აღარ დაებრუნებინა დღის წესრიგში. ჩვენ იმედგაცრუებული დავრჩით, როდესაც ქართული ოცნების ლიდერებმა დაიწყეს შეთქმულების თეორიების პროპაგანდა და გამოთქვამენ ვარაუდებს, რომ დასავლელი პარტნიორები ძირს უთხრიან საქართველოს. ჩვენ შოკირებული ვიყავით, როდესაც ქართულმა ოცნებამ საარჩევნო პროგრამის დაპირებად ოპოზიციური პარტიების აკრძალვა დასახელდა". - თქვა უორდმა.

ბრიტანეთის ელჩის ცნობით, სწორედ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, პირველად 10 წლის განმავლობაში, ოფიციალურმა ლონდონმა გადაწყვიტა გაეყინა უორდროპის დიალოგი მინისტრებს შორის, ამასთან ერთად, გააუქმეს თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მოლაპარაკებები და შეაჩერეს კიბერუსაფრთხოების პროგრამა.

"ჩამოთვლილი მიზეზების გამო, პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის უორდროპის დიალოგი მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად მოხდა დიალოგის ფორმატის დაარსებიდან. ჩვენ ასევე გავაუქმეთ თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი რანგის მოლაპარაკებები და შევაჩერეთ ახალი კიბერუსაფრთხოების პროგრამა. არჩევნების შემდეგ, მიუხედავად იმისა თუ ვინ იქნება მთავრობაში, ვიმედოვნებთ, რომ ვიხილავთ ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნების მკაფიო მტკიცებულებებს, რათა აღვადგინოთ ნდობა და დავუბრუნდეთ მჭიდრო პარტნიორობას". - თქვა უორდმა.

მსგავსი სიახლეები