ბრიტანული დაზვერვა: რუსეთის გარღვევა ბახმუტთან ნაკლებად სავარაუდოა
ბრიტანული სამხედრო დაზვერვის თანახმად, დონეცკის რეგიონში, ქალაქ ბახმუტთან რუსული ჯარების ყველაზე ინტენსიური თავდასხმების პერიოდი უკვე დასრულდა და რუსეთის შემდგომი წარმატება ამ მიმართულებით, უახლოეს მომავალში ნაკლებად სავარაუდოა.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებულ მიმოხილვაში ნათქვამია, რომ რუსეთის არმიამ და "ვაგნერის" ძალებმა ქვეითთა შეტევების სიხშირე ქალაქის ირგვლივ დეკემბრის შუა რიცხვებში გაზარდეს, თუმცა, ეს ოპერაციები ცუდად იყო ორგანიზებული.
"ბოლო ათი დღის განმავლობაში უკრაინამ მნიშვნელოვნად გააძლიერა სექტორის დაცვა და რუსული თავდასხმების სიხშირე, როგორც ჩანს, დეკემბრის შუა რიცხვებში პიკთან შედარებით, შემცირდა. ორივე მხარემ მძიმე დანაკარგები განიცადა", - ნათქვამია მოხსენებაში.
"რუსეთის შეტევითი ოპერაციები რეგიონში ამჟამად, სავარაუდოდ, მხოლოდ ოცეულის ან რაზმის დონეზე წარიმართება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი უახლოეს კვირებში მნიშვნელოვან გარღვევას ბახმუტთან მიაღწევს", - აცხადებენ ბრიტანელი სამხედროები.