ბულგარეთმა რუსეთის საელჩოს 70 თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა
ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ირინა დიმიტროვამ 28 ივნისს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე რუსეთის ელჩი ელეონორა მიტროფანოვა დაიბარა. ამის შესახებ ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ფეისბუქზე იტყობინება.
"ელჩს... ეცნობა ბულგარული მხარის გადაწყვეტილება ბულგარეთის რესპუბლიკაში რუსეთის მისიების თანამშრომელთა რაოდენობის შემცირების შესახებ, რომელიც არ აღემატება რუსეთის ფედერაციაში ბულგარეთის მისიების თანამშრომელთა რაოდენობას. [ბულგარეთში] 23-მდე დიპლომატიური და 25 ადმინისტრაციულ-ტექნიკური თანამშრომელი უნდა დარჩეს", - ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ბულგარეთის მოთხოვნას ორი საფუძველი აქვს.
"პირველ რიგში, ორმხრივი ურთიერთობების არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ვენის კონვენციის მე-11 მუხლზე დაფუძნებული ურთიერთგაგება. საგარეო მისიების პერსონალი უნდა იყოს გონივრულ და ნორმალურ ფარგლებში, ორმხრივი ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე. მეორე, რუსი ოფიციალური პირების საქმიანობის გამო, რომლებიც ბულგარეთის კომპეტენტური ორგანოების მიერ აღიარებულია დიპლომატიური ურთიერთობების ვენის კონვენციასთან შეუთავსებლად... შესაბამისი ინსტიტუტების მიერ ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი აქტივობები არის მათი არასასურველი გამოცხადების საფუძველი." - ვკითხულობთ ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
აღნიშნულია, რომ ელჩ მიტროფანოვას ქვეყანაში რუსული მისიების 70 თანამშრომლის სახელი წარუდგინეს, რომლებმაც ბულგარეთი 3 ივლისს შუაღამემდე უნდა დატოვონ.
გარდა ამისა, რუსეთის ელჩისთვის მიწოდებულ სიტყვიერ ნოტაში ბულგარეთი ელის, რომ რუსეთი დროებით დახურავს გენერალურ საკონსულოს რუსეში, ხოლო ბულგარეთი გეგმავს დროებით დახუროს თავისი საკონსულო ეკატერინბურგში.
ყველა, ვინც "უცხო ინტერესებისთვის მუშაობს, მოვუწოდებთ დაბრუნდეს ქვეყანაში, საიდანაც ჩამოვიდა", - თქვა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა 28 ივნისს.
მან დასძინა, რომ ქვეყნის მთავრობა ეწინააღმდეგება უცხოური მთავრობების მცდელობებს ჩაერიონ ბულგარეთის საშინაო საქმეებში. ამასთან, პეტკოვმა უარი თქვა რუსი დიპლომატების საქმიანობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებაზე.