ჩრდილოეთ მაკედონია ლავროვს ეუთოს შეხვედრაზე დასწრების საშუალებას მისცემს
ჩრდილოეთ მაკედონიის მთავრობამ რუსულ თვითმფრინავებს მის ტერიტორიაზე დაშვების უფლება მისცა, რომელიც ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად დელეგაციას ჩაიყვანს.
ჩრდილოეთ მაკედონიის მთავრობის გადაწყვეტილება თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს საშუალებას აძლევს "მიიღონ დამატებითი გადაწყვეტილებები რუსული თვითმფრინავების ფრენისა და დაშვების ნებართვის გაცემის შესახებ, 29 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, სკოპიეში გასამართ ეუთოს მინისტრთა მეცამეტე შეხვედრის დროს."
"ეს დამატება შეესაბამება ევროკავშირის რეგულაციას და შემაკავებელი ზომების დებულებებს, რომლებიც ითვალისწინებენ გამონაკლისს საერთაშორისო კონფერენციებისთვის, როგორიცაა ეუთოს სამიტი სკოპიეში," - ნათქვამია განცხადებაში.
მედიის ცნობით, რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, მისი ექიმი, ტექნიკური პერსონალი, დაცვა, 17 დიპლომატი, მათ შორის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა და 24 ჟურნალისტი - სულ 85 ადამიანი.
ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბუჯარ ოსმანიმ ადრე განაცხადა, რომ რუსეთის დელეგაციის მონაწილეობა ეუთოს მინისტერიალში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან მისი ქვეყნისა და მეზობელი ქვეყნების საჰაერო სივრცე რუსული თვითმფრინავებისთვის, ევროკავშირის სანქციებთან შეერთების გამო ჩაკეტილია.