დიპლომატიის მოლოდინში კრემლი ზელენსკის არალეგიტიმურობასა და ბუფერულ ზონაზე საუბრობს
.jpg)
ვატიკანში გასამართი მოლაპარაკებების ფონზე რუსეთის ოფიციალური პირების, მათ შორის ვლადიმირ პუტინის რიტორიკა შესამჩნევად გამწვავდა - კრემლი უკრაინის საზღვარზე კვლავ ბუფერული ზონის შექმნის გეგმებზე საუბრობს, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრი ვოლოდიმირ ზელენსკის "არალეგიტიმურობაზე" მიუთითებს.
State Of Play: ვატიკანი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შესაძლო ადგილად თავდაპირველად დონალდ ტრამპმა, ვლადიმირ პუტინთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ დაასახელა. დასავლური მედიის ინფორმაციით, შესაბამისი მზაობა გამოთქვა ახლდარჩეულმა რომის პაპმა, ლეო მეთოტხმეტემ.
- ვატიკანში შესაძლო მოლაპარაკებების თემას ცოტა ხნის წინ გამოეხმაურა სერგეი ლავროვი, რომელმაც განაცხადა, რომ "ვატიკანისთვის არაკომფორტულია ასეთი მოლაპარაკებების მასპინძლობა" და შეხვედრას "არარეალისტური" უწოდა.
- "ეს ცოტათი არაელეგანტურია, როდესაც 2 მართმადიდებელი ქვეყანა კათოლიკურ მოედანზე განიხილავს კონფლიქტის პირველადი მიზეზების მოგვარების საშუალებებს."
- ამავე გამოსვლაში ლავროვმა კიდევ ერთხელ წამოჭრა ვოლოდიმირ ზელენსკის ლეგიტიმურობის საკითხი და თქვა, რომ ამას მოსკოვისთვის "პრინციპული" მნიშვნელობა ექნება.
- "როცა საქმე სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერამდე მივა იქ ლეგიტიმაციის საკითხს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. იმ შეთმხვევაში, თუ შეთანხმებას ხელს მოაწერენ ისინი ვისი ლეგიტიმაციაც რბილად, რომ ვთქვათ არავისთვისაა დამაჯერებელი, მათმა შემცვლელებმა შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენონ შეთანხმება"- ამბობს ლავროვი.
Big Picture: ლავროვის განცხადებას წინ უძღოდა ვლადიმირ პუტინის მიმართვა, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტმა მიმდინარე წელს მერვედ გამოაცხადა უკრაინის საზღვრის გასწვრივ ე.წ. ბუფერული ზონის ორგანიზების შესახებ.
- "ჩვენი შეიარაღებული ძალები ამ დროისთვის ამ ამოცანის გადაჭრით არიან დაკავებულები, მუშაობა მიმდინარეობს",- განაცხადა პუტინმა.
- ბუფერული ზონის ორგანიზების შესახებ ვლადიმირ პუტინმა გასულ თვეებში რამდენიმეჯერ გამოაცხადა, თუმცა ამჯერად მისი გამოსვლა საოკუპაციო არმიის მხრიდან ახალი იერიშის დაწყების შესახებ გავრცელებულ მოლოდინებს დაემთხვა.
- უკრაინული წყაროები მიუთითებენ საოკუპაციო არმიის დანაყოფების კონცერტრაციისა და აქტიურობის ზრდის შესახებ სუმისა და ხარკივის ოლქების სასაზღვრო ზოლში.
Break It Down: პარალელურად ამავე კონფერენციაზე სერგეი ლავროვმა მოსკოვისთვის მისაღები სამშვიდობო შეთანხმების სხვა პირობებზეც ისაუბრა - "თუ უკრაინის მთავრობას, ე.წ. ზელენსკის ხუნტას გათვლილი აქვს, რომ საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ ის რაც უკრაინისგან დარჩება იმავე კანონებით იცხოვრებს, რომლებსაც აქამდე იღებდნენ, ეს ილუზიაა."
- ლავროვმა მოგვიანებით დააზუსტა, რომ გულისხმობდა უკვე ოკუპირებული რეგიონების მიღმა მცხოვრებ "რუსულენოვან" მოქალაქეებზე - მისი თქმით, ამ ადამიანების მიტოვება, "დიდი დანაშაული" იქნება.
- წინა დღეებში ვლადიმირ პუტინის მსგავსი განცხადება გაავრცელა რუსმა პროპაგანდისტმა, პაველ ზარუბინმა - საყურადღებოა, რომ აღნიშნული კომენტარი პუტინმა თვის დასაწყისში გამოსული დოკუმენტური ფილმისთვის მისცა, თუმცა მისი გამოქვეყნება მხოლოდ მას შემდეგ გადაწყდა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ოფიციალურად უარი თქვა დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმაზე.
- "ჩვენ საკმარისი ძალა და რესურსი გვაქვს, რათა 2022 წელს დაწყებული საქმე ჩვენთვის ლოგიკურ დასასრულამდე, შედეგამდე მივიყვანოთ - ეს არის კონფლიქტის გამომწვევი მიზეზების მოგვარება. ეს არის იმ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი ადამიანიების ინტერესების უზრუნველჰყოფა, რომლებზეც ჩვენ სულ ვსაუბრობთ. ტერიტორიებზე, რომელთა მცხოვრებებისთვას რუსული მშობლიური ენაა და თავის სამშობლოდ რუსეთს მიიჩნევენ."
Сontext: განცხადებები მეტყველებს, რომ კრემლის ამბიციები უკრაინაში არ შემოიფარგლება მისი არმიის მიერ უკვე ოკუპირებული ტერიტორიების კონტროლით, რუსეთს სურს გადამწყვეტი გავლენა შეინარჩუნოს პოსტ-საომარი უკრაინის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც.
- ეს დაადასტურა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთი "იმას ითხოვს, რაც ძალით ვერ დაიკავა."
- რუსული მედიის ინფორმაციით, სწორედ ეს პუნქტები წარუდგინა რუსულმა დელეგაციამ უკრაინელ კოლეგებს სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე.
Go Deeper: Bloomberg: პუტინი დარწმუნებულია, რომ მალე სრულად დაიპყრობს უკრაინის 4 ოლქს