დაძაბულობის ზრდის ფონზე ყარაბაღში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა

არაღიარებული ყარაბახის ლიდერმა, არაიკ არუთუნიანმა აზერბაიჯანთან მზარდი დაძაბულობის ფონზე რეგიონში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. 

რამდენიმე საათით ადრე აზერბაიჯანის მხრიდან დრონებით განხორციელებული შეტევისას 2 სომეხი სამხედრო დაიღუპა. 

"დაახლობით 15 საათზე და 00 წუთზე აზერბაიჯანულმა დაჯგუფებებმა შეხების ხაზზე მოიერიშე უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენეს, დაიღუპა 2 სამხედრო დაჭრილია 8",- ნათქვამია არაღიარებული რესპუბლიკის თავდაცვის უწყებაში. 

სომხური მხარის ცნობით, თავდასხმისას აზერბაიჯანულმა მხარემ გამოიყენა ყუმბარმტყორცნები და საზენიტო დანადგარები. ყარაბაღის თავდაცვის უწყების ცნობით, ვითარების დარეგულირებას ცდილობს ადგილზე მყოფი რუსეთის სამშვიდობო დანაყოფი, თუმცა ჯერჯერობით წარუმატებლად. 

თავის მხრივ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხედებენ, რომ ესკალაცია სომხური დაჯგუფებების მხრიდან ლაჩინის რაიონში განხორციელებულ სროლას მოჰყვა, რის შედეგადაც დაიღუპა 1 წვევამდელი ჯარისკაცი. 

გუშინ, რეგიონში არსებული ვითარება განცხადება გაავრცელა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც, სადაც განაცხადეს, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი აზერბაიჯანულმა მხარემ სამჯერ დაარღვია. 

კონტექსტი

კონფლიქტი ყარაბაღში 2020 წლის შემოდგომაზე გამწვავდა, რაც საბოლოოდ 6 კვირიანი ომით და აზერბაიჯანის სამხედრო გამარჯვებით დასრულდა. იმავე წლის ნოემბერში აზერბაიჯანმა და სომხეთმა რუსეთის შუამავლობით ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმებას. 

სამშვიდობო ხელშეკრულების მიხედვით აზერბაიჯანმა დაიბრუნა სომხეთის მიერ ყარაბაღის პირველი ომის შედეგად ოკუპირებული ტერიტორიები და ასევე ყარაბაღის ნაწილიც. 

უკვე 2022 წელს ევროსაბჭოს შუამავლობით მხარეებს შორის დაიწყო სამშვიდობო პროცესი, რომლის ფარგლებშიც სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერები ერთმანეთს ბრიუსელში ორჯერ შეხვდნენ. 

ბოლო შეხვედრაზე, რომელიც მიმდინარე წლის მაისში გაიმართა მხარეები საზღვრების დემარკაციის კომისიის შექმნაზე შეთანხმდნენ, თუმცა ადგილზე ვითარება პერიოდულად მწვავდება. 

მსგავსი სიახლეები